საქართველოს ჩემპიონატის სატრანსფერო სიახლეები: 26-მა მორაგბემ უცხოეთს მიაშურა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატი რაგბიში სექტემბერში დაიწყება. იქამდე კი, გუნდებში საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. სატრანსფერო სეზონი 22 ივლისს დაიხურა. რაგბის კავშირში საჩემპიონატო განაცხადების მიღების ვადა 3 აგვისტოს იწურება.

თუმცა, გარკვეული ინფორმაციის გაჟღერება და სატრანსფერო მიდი-მოდის შეფასება უკვე შესაძლებელია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ნაყოფიერად სატრანსფერო ბაზარზე შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტმა თბილისის "ლოკომოტივმა" იმუშავა.

"რკინიგზელებმა" ეროვნული ნაკრების ორი წევრი, გარემარბი გიორგი აფციაური (არმია) და შუამარბი გიორგი ტალახაძე (ლელო) დაიმატეს. საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებში არაერთხელ უთამაშია გარემარბ ლევან გოგოლაშვილს (ყოჩები). "ლოკომოტივის" მესამე ხაზს ლელოელი დაჩი
კოპაძე
გააძლიერებს, პირველ ხაზში კი თემურ ბენდიაშვილის გუნდს ღონეს საფრანგეთიდან დაბრუნებული შერკინების ბურჯები - ზერო პეტრიაშვილი (ვიენი) და გიორგი მჭედლიშვილი (პერპინიანი) შემატებენ.

კარგი ნამატი აქვს ქუთაისის "აიას", თუმცა, სანაცვლოდ, გუნდი წამყვანმა მოთამაშეებმა დატოვეს, რომლებიც იქვე, ქუთაისში, უმაღლეს ლიგაში აღზევებულ "ბაგრატში" გადაბარგდნენ.

"აიამ" "არმიადან" დაიბრუნა ცხრა ნომერი გიორგი როხვაძე და შუამარბი ირაკლი ჩხიკვაძე. ერთწლიანი განშორების შემდეგ "ლოკომოტივიდან" მშობლიურ გუნდში დაბრუნდა უკანახაზელი ზურაბ ძნელაძე. "რკინიგზელთა" გუნდი დატოვა და ქუთაისში განაგრძობს კარიერას ფოთის სარაგბო სკოლის აღზრდილი შერკინების კვაჭი ზაურ ხარებავა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული პირველხაზელია. საკმაოდ სერიოზული ძალაა "აიას" მესამე ხაზისთვის რუსთავის "ხარების" ყოფილი მორკინალი ჟორა მღებრიშვილი.

ამიერიდან "ბაგრატის" ღირსებას დაიცავენ "აიას" აღზრდილები - რეზო ჯინჭველაშვილი, გიორგი ფრუიძე, გიორგი ტორაძე და ბექა ტორაძე. "ჯიქიდან" მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა ლევან თხელიძე.

სხვებზე არანაკლებ მოღონიერდა "ბათუმი". ზღვისპირელებმა მომავალი ჩემპიონატისთვის ორი სამხრეთაფრიკელი მორაგბე დაიმატეს. ამასთან ერთად, ბათუმში განაგრძობს კარიერას ბოლნისის "ყოჩების" აწ უკვე ყოფილი მგეზავი და გასული ჩემპიონატის საუკეთესო მექულე თემურ სოხაძე. აქვე ითამაშებენ პირველ ლიგაში დაქვეითებული რუსთავის "ხარების" ყოფილი მოთამაშეები, ვაჟა თაგაური და მამუკა ცხადაძე.

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სერიოზული დანაკლისი განიცადა, შევსებაც სერიოზული აქვს "არმიას". განსაკუთრებით მოღონიერდა უკანა ხაზი: ესენია: გოდერძი ჭინჭარაული (ბათუმი), დიტო კალანდაძე (ლოკომოტივი), შალვა დავითაშვილი (ლოკომოტივი) და გიორგი ჯიმშელაძე (ბათუმი). შერკინებაში არმიელებს მამუკა ცხადაძე დაეხმარებათ, რომელსაც ამ გუნდში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს.

წლევანდელი სატრანსფერო ფანჯრის დროს საქართველო დატოვა და უცხოეთს მიაშურა 26-მა მორაგბემ. აქედან ექვსმა რუსეთის ჩემპიონატში თამაში არჩია, ერთი იტალიაში გადაბარგდა და დანარჩენმა საფრანგეთს მიაშურა.

საფრანგეთის ელიტური, პირველი დივიზიონის სათადარიგო გუნდებში ითამაშებენ: ლაშა საჯაია, ლუკა გოგინავა (ორივე - მეტრო რასინგი), გურამ პაპიძე, თორნიკე მატარაძე (ორივე - ლიონი), ირაკლი ცხადაძე (ბორდო), ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), ჯემალ შათირიშვილი (ლა როშელი) და გიორგი გოგოლაძე (მონპელიე).

შინაური ტრანსფერები
ლელო (თბილისი): გიორგი კვესელაძე (იუნკრები)
ლოკომოტივი (თბილისი): ლევან გოგოლაშვილი (ყოჩები), გიორგი აფციაური (არმია), გიორგი ტალახაძე (ლელო), დაჩი კოპაძე (ლელო), ზერო პეტრიაშვილი (ვიენი, საფრანგეთი), გიორგი მჭედლიშვილი (პერპინიანი, საფრანგეთი).
ჯიქი (გორი): გიორგი ჯაშიტაშვილი (ხარები), რევაზ ბროძელი (არმაზი)
ბათუმი (ბათუმი): თემურ სოხაძე (ყოჩები), ამირან მიქაძე (ლოკომოტივი), ვაჟა თაგაური (ხარები), მამუკა ცხადაძე (ხარები),
აია (ქუთაისი): ჟორა მღებრიშვილი (ხარები), გიორგი როხვაძე (არმია), ირაკლი ჩხიკვაძე (არმია), ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი), ზაურ ხარებავა (ლოკომოტივი)
არმია (თბილისი): გოდერძი ჭინჭარაული (ბათუმი), დიტო კალანდაძე (ლოკომოტივი), ლაშა აზალაძე (ბათუმი), შალვა დავითაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ჯიმშელაძე (ბათუმი), მიხეილ ზურიკაშვილი (ხარები)
არმაზი (თბილისი): გიორგი ჭინჭარაული (ჯიქი), ლაშა მამუჩარაშვილი (ლოკომოტივი)
ბაგრატი (ქუთაისი): რეზო ჯინჭველაშვილი (აია), გიორგი ფრუიძე (აია), გიორგი ტორაძე (აია), ბექა ტორაძე (აია), ლევან თხელიძე (ჯიქი)
აკადემია (თბილისი): თორნიკე ზოიძე (კლერმონი, საფრანგეთი), გიორგი სულუაშვილი (არმია)

უცხოური ტრანსფერები
მეტრო რასინგი (საფრანგეთი): ლაშა საჯაია, ლუკა გოგინავა
ლიონი (საფრანგეთი): გურამ პაპიძე, თორნიკე მატარაძე
ბორდო (საფრანგეთი): ირაკლი ცხადაძე
ბრივი (საფრანგეთი): ვასილ ლობჟანიძე
ლა როშელი (საფრანგეთი): ჯემალ შათირიშვილი
მონპელიე (საფრანგეთი): გიორგი გოგოლაძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული