ახალი კვართი, ახალი ფერი - "ბორჯღალოსნების" ფორმის პრეზენტაცია [PHOTO]

AutoSharing Option
2017 წლის 1-ელი თებერვლიდან "ბორჯღალოსნებს", "უმცროს ბორჯღალოსნებს", 7-კაცასა და 7-ქალას რაგბის სამყაროში ყველაზე გამორჩეული, სპორტული ეკიპირების მწარმოებელი ბრენდი - "ქენთებრი" (Canterbury) შემოსავს.

პირველ თებერვალს ახალი ფორმის პრეზენტაციის ღონისძიებაზე, ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოს რაგბის კავშირსა და "ქენთებრის" შორის. ახალი კვართები "ბორჯღალოსნებმა": მამუკა გორგოძემ და დავით კაჭარავამ წარმოადგინეს.

ახალი კვართი, ახალი ფერი
"ბორჯღალოსნების" ახალი კვართი "ქენთებრის" უახლესი ტექნოლოგიითაა დამზადებული. კვართზე გამოსახულია ქართული რაგბის სიმბოლო - ბორჯღალი, მწარმოებლისა და საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური სპონსორის, "თიბისი ბანკის" სამარკო ნიშნები. კვართის ზურგზე ტრადიციულად გამოსახულია ვაზი.

"ქენთებრის" სტრატეგიული
პარტნიორების მენეჯერმა, დომინიკ მაქართიმ განაცხადა:

"ჩვენი ბრენდი ძველთაგანვე ოვალურ ბურთთანაა ასოცირებული. ამდენად, ჩვენთვის დიდი პატივია, რაგბის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ძალასთან დამეგობრება. იმედია, უკეთესი აღჭურვილობა ქართული რაგბის წინსვლას შეუწყობს ხელს".

Sportall.Ge Sportall.Ge

ღვინო ჩვენი ფერია!
რაგბის სამყაროში, კონკრეტული გუნდის იდენტიფიცირებისას, კვართის ფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამიტომ საქართველოს რაგბის კავშირმა და "ქენთებრიმ" იმუშავეს იმაზე, რომ შეექმნათ სხვა ქვეყნებისგან საქართველოს განმასხვავებელი ისეთი ფერი, რომელიც იქნებოდა ქვეყნის ტრადიციებთან ახლოს. შედეგად შეიქმნა სრულიად განსხვავებული და ახალი - "ღვინის ფერი".

"საქართველოს რაგბის კავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქართული რაგბის იდენტობის განმსაზღვრელ კომპონენტებს. ასეთ ელემენტებად უკვე დამკვიდრდა ბორჯღალი და ვაზის ლერწი.

რაც შეეხება ფერებს, ჩვენი ნაკრები აქამდე ასპარეზობდა შინდისფერი, წითელი, შავი და თეთრი კვართებით. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ფერი ორგანულად იქნება აღქმული ქომაგების მიერ და მომავალში ღვინისფერი ასოცირებული გახდება ახალ წარმატებებთან" - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ.

აღსანიშნავია, რომ მეორე, ალტერნატიულ ფორმად ბრუნდება თეთრი კვართი.

ახალი ფორმით "ბორჯღალოსნები" პირველად 2017 წლის "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" სტარტზე, 11 თებერვალს, ბელგიაში ითამაშებენ.

ქართული რაგბის პირველი ოფიციალური ონლაინ-მაღაზია
დღევანდელ ღონისძიებაზე მოეწყო რაგბის კავშირის პირველი, ოფიციალური ონლაინ-მაღაზიის პრეზენტაციაც. გულშემატკივრები ახალი კვართების, საქომაგო და ყოველდღიური აქსესუარების შეძენას ნებისმიერ დროს, ონლაინ რეჟიმში შეძლებენ, ვებ-გვერდზე www.rugbystore.ge

ინტერნეტ-მაღაზია "ბორჯღალოსნების" გენერალური სპონსორის, "თიბისი ბანკის" მხარდაჭერით შეიქმნა. ზემოთ აღნიშნული აქსესუარების გარდა, მაღაზიაში ქომაგები ქართველ დიზაინერების მიერ შექმნილ ექსკლუზიურ, "სარაგბო" კოლექციასაც შეიძენენ, მათ შორის: მაისურებს, მორაგბეთა ავტოგრაფებიან ბურთებს და სხვა.

"ძალიან ღირშესანიშნავი დღეა. დღეს გაიმართა "ბორჯღალოსნების" ახალი კვართის, ასევე რაგბის პირველი ონლაინ-მაღაზიის პრეზენტაცია.

რაგბის ონლაინ-მაღაზია რაგბის კავშირთან პარტნიორობით შეიქმნა და ის პირველი ონლაინ-მაღაზიაა, რომელიც მთლიანად რაგბს ეთმობა. აქ ყველასთვის მოიძებნება საინტერესო პროდუქცია, მათ შორის, ყველაზე პატარებისთვისაც. იქნება ექსკლუზიური კოლექციებიც, რომლებსაც სპეციალურად რაგბის ონალინ-მაღაზიისთვის შექმნიან ქართველი დიზაინერები.

"თიბისი ბანკი" დაახლოებით ერთი წელია, რაც რაგბის კავშირთან თანამშრომლობს და მოხარული ვართ, რომ ეს პარტნიორობა ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულება გახდა. რაგბი ჩვენი თამაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მეგობრობის შედეგად სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ საზოგადოებას" , - განაცხადა "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა.

რაგბის საგულშემატკივრო აქსესუარების შეძენა ონლაინმაღაზიაში დღეიდან უკვე შესაძლებელია.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 14 /
ღვინის პერს მივესალმები მაგრამ ფერის იდენტობა დასახვეწია,თან ბრონზეს ფერის მაგივრად თეთრი ყოფილიყო. გასაგებია ბრენდის ნიშანია მაგრამ ეს სამი ბჭყალი სამი ექვსიანის მოხაზულობისაა და რასაც ნიშნავს იცით,ქართველებისთვის ტრადიციები ბევრად უმჯობესია.სპონსორი კი ღვინის ან მინერალური წყლის სახით მოვიძიოთ.
daviti
15:18 02-02-2017
0
მე მომწონს. ძალიან კარგი ფერია ესეც და თეთრიც კარგი იქნება. ჩემი აზრით არაა აუცილებელი დროშის ფერში იყოს. მთავარია გემოვნებით შერჩეული და ლამაზი გამოვიდეს! წარმატებები ბიჭებს! რაგბი ჩვენი თამაშია!!!!
გგგ
14:10 02-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული