"ბორჯღალოსნებს" ბელგიასთან შეხვედრაში მერაბ შარიქაძე უკაპიტნებს

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები "რაგბი ევროპის ჩემპიონატზე" პირველი ტურის მატჩს 11 თებერვალს, ბრიუსელში, ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

შეხვედრა ჩვენი დროით 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

"ბორჯღალოსნები" ამ მატჩისთვის საფრანგეთში, ტულუზთან ახლოს ემზადებოდნენ და ბელგიაში 9 თებერვალს ჩავიდნენ.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი ტრადიციულად, თამაშამდე 48 საათით ადრე დაასახელა.

- მილტონ ჰეიგი: ეს ახალგაზრდებისთვის შანსია, დაგვანახონ, რა შეუძლიათ...

მან პირველ ხაზში საფრანგეთში მოთამაშე ახალგაზრდა მორაგბეები დააყენა,
გიორგი თეთრაშვილს, ბადრი ალხაზაშვილსა
და გიორგი მელიქიძეს ერთად აქამდე არასდროს უთამაშიათ. თუმცა, ნაკრებში ასპარეზობის მცირე, მაგრამ გამოცდილება მაინც აქვთ. სამივეს ასაკობრივი ნაკრებები მოვლილი აქვს, საფრანგეთშიც, სხვადასხვა დონეზე სათამაშო პრაქტიკაც არ აკლიათ.

ერთი სიტყვით, ჰეიგმა სწორედ ამ სამეულს ანდო ძირითად შემადგენლობაში თამაში და ახლა მხოლოდ მათზეა დამოკიდებული, რამდენად გაამართლებენ ახალზელანდიელი სპეციალისტის ნდობას და ქართველი რაგბის ქომაგების იმედებს.

მეორე ხაზში გამოცდილი გიორგი ნემსაძე ითამაშებს, მის ანგარიშზე ეროვნულ ნაკრებში 65 კეპია. მისი მეწყვილე 4 კეპის მომხვეჭი ნოდარ ჭეიშვილია, რომელიც გუნდს შარშან ივნისის ტესტებზე ახლდა და ნოემბერში კი თამაში არ მოუწია.

მესამე ხაზში ახალი არავინაა. ლაშა ლომიძეს და გიორგი თხილაიშვილს მსოფლიოს თასზე უთამაშიათ კიდეც. რვა ნომრის პოზიციაზე კი 20 წლის ბექა გორგაძეა, რომელმაც შვიდჯერ მოასწრო ეროვნულ გუნდში თამაში. ის საფრანგეთში რეგულარულად ირჯება "მონ დე მარსანის" შემადგენლობაში და წესით, კარგ სათამაშო ფორმაში უნდა იყოს.

უკანა ხაზში, შუამარბ გიორგი კოშაძის გარდა, ყველა გამოცდილი და მრავალ ბრძოლაში გამოვლილია. ფულბეკ მერაბ კვირიკაშვილს 99-ე კეპი დაუგროვდება. კიდევ ერთი შუამარბი, მერაბ შარიქაძე კი, სულაც გუნდის კაპიტანი იქნება. მას აქამდე 47-ჯერ უთამაშია ეროვნულ გუნდში.

საინტერესოდ გამოიყურება თადარიგში მყოფი მორკინალების შემადგენლობა. ხუთიდან ოთხი დებიუტანტია. ესენია: გიორგი ჭყოიძე, სოსო ბეკოშვილი, თორნიკე მატარაძე და გიორგი ცუცქირიძე. ორი კეპი აქვს მოხვეჭილი ოთარ გიორგაძეს. უკანახაზელები აქაც მრავალნაცადები არიან: ლაშა მალაღურაძე, ბექა წიკლაური და ვაჟა ხუციშვილი.

საქართველოს ნაკრებმა ბელგიის ეროვნულ გუნდთან აქამდე ორჯერ ითამაშა და ორივეჯერ გაიმარჯვა. 

შეგახსენებთ, რომ "რაგბი ევროპის ჩემპიონატი" იმავდროულად 2019 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევი ტურნირიცაა, რომელშიც ჩვენი ნაკრები არ მონაწილეობს, რადგან იაპონიის საგზური 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში მოიპოვა. შესაბამისად, ჩვენთან მოპოვებული ქულები მეტოქეებს შესარჩევი ტურნირის ჩათვლაში არ მიეკუთვნებათ.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი. I ტური
11 თებერვალი
საქართველო-ბელგია

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი ფრუიძე, 13. გიორგი კოშაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე. 1. გიორგი თეთრაშვილი, 2. ბადრი ალხაზაშვილი, 3. გიორგი მელიქიძე, 4. გიორგი ნემსაძე, 5. ნოდარ ჭეიშვილი, 6. ლაშა ლომიძე, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ბექა გორგაძე.
16. გიორგი ჭყოიძე, 17. თორნიკე მატარაძე, 18. სოსო ბეკოშვილი, 19. ოთარ გიორგაძე, 20. გიორგი ცუცქირიძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. ბექა წიკლაური

ესპანეთი-რუსეთი
გერმანია-რუმინეთი


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ტელე ტრანსლაცია თუ იქნება?
pele
15:03 10-02-2017
0
საინტერესო იქნება. ბექები გაუძღვებიან თამაშს.
რეზო
14:06 10-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული