"ბორჯღალოსნები" უკვე არგენტინაში არიან და ქალაქ ხუხუის სტუმრობენ.
ქართველთა თავკაცი მილტონ ჰეიგი ადგილობრივ Jujuy al día-ს ესაუბრა: "ძალზე რთულ ბრძოლას ველით, ფიზიკურად მძიმეს. "პუმების" დიდი ნაწილი სუპერრაგბის ტურნირში თამაშობს, ასე რომ, დიდებული ბრძოლა იქნება.
ჩვენი მეტოქე ინგლისის ნაკრებთან ორი რთული მატჩის მერე მოგებაზე დაგეშილი დაგვხვდება, რადგან ბოლო შეხვედრებში ამის შანსი არ ჰქონდა.
ჩვენი მოთამაშეების დიდმა ნაწილმა მომქანცველი სეზონი გამოიარა ფრანგულ ტოპ-14-ში. შემდეგ ერთად
მოგეხსენებათ, ჩვენ გუნდს შერკინებაში თამაში უყვარს, მოლები, ფორვარდების შრომა და ბურთისთვის ბრძოლა", - განაცხადა ჰეიგმა.
ადგილობრივი ჩინოსნები ამ მატჩს უკვე ისტორიულს უწოდებენ ქალაქ ხუხუისა და მთლიანად პროვინციის რაგბის ისტორიაში.
გამოცემა წერს, რომ ქართველი მორაგბეები მოიხიბლნენ ქალაქის სიახლოვეს არსებული მთების სისტემის, სერანია დე ორნოკალის სილამაზით.
არგენტინის ნაკრების თავკაცი დანიელ ურკადე: "ჩვენ უნდა გამოვასწოროთ ის დეტალები, რის გამოც დავმარცხდით ბოლო თამაშებში. ინგლისთან ორი თანაბარი, უშეღავათო მატჩი ვითამაშეთ. ვფიქრობ, უბრალოდ, არ ვიცით, როგორ მოვიგოთ ასეთი თამაშები.
საკუთარი შეცდომების გამო წავაგეთ, რადგან უმაღლეს დონეზე დეტალებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
საქართველოს ნაკრები ძალზე მებრძოლი გუნდია, რომელმაც მსოფლიოს თასზე დიდებულად ითამაშა და ახლა ექვსი ერის პირველობაზე თამაში სურს.
დარწმუნებულნი ვართ, რომ იოლად ვერ მოვიგებთ ამ თამაშში, რადგან მეტოქის შერკინება ძალიან ძლიერია, მაგრამ ჩვენ სათამაშო სტილს არ შევიცვლით.
ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ, თუ წარმატების მიღწევა გვსურს".
შეგახსენებთ, რომ მატჩი ხუხუიში 24 ივნისს, 23:15 სთ-ზე დაიწყება.