სარაგბო სეზონის წინ. წარდგენა: "ბათუმი"

AutoSharing Option
სარაგბო კლუბი "ბათუმი" 1969 წელს დაარსდა, თუმცა გარკვეული პრობლემების გამო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გუნდმა არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 1995 წელს აღდგა "დათვების" სახელწოდებით.

1999 და 2002 წლებში ბათუმელებმა ეროვნულ ჩემპიონატში იპირველეს, ხოლო 1998, 2001 და 2009 წლებში ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.

ამ საუკუნის დასაწყისში კლუბი არა მარტო ეროვნულ ასპარეზზე დომინირებდა, არამედ ევროთასებზეც წარმატებით ასპარეზობდა და სახელს უხვეჭდა ქართულ რაგბის.

ბათუმი
"ბათუმმა" წინა სეზონში საკმაოდ სოლიდურ შემადგენლობას მოუყარა თავი, თუმცა პლეი ოფის საგზურს მაინც ვერ შესწვდა და ჩემპიონატში მეშვიდე ადგილი დაიკავა, რამაც
კლუბის ხელმძღვანელობას უბიძგა, არჩეული სტრატეგია შეეცვალა, რის შედეგადაც რამდენიმე მოთამაშემ ზღვისპირა ქალაქი დატოვა.

მათ ნაცვლად კი, უმაღლესი ლიგის გუნდი, ძირითადად, ადგილობრივი მორაგბეებით დაკომპლექტდა.

შერკინება
"ბათუმს" ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე მძიმეწონიანი და გამოცდილი პირველი ხაზი ეყოლება: ბურჯებად სერგო მოქია და თომა მჭედლიძე დადგებიან, ხოლო კვაჭად გიგა სერგია გამწესდება.

გამოცდილი კახა უჩავას გუნდიდან წასვლის შემდეგ მეორე ხაზში, სავარაუდოდ, 34 წლის როლანდ ბერიძის და გივი მეიშვილის დუეტი ითამაშებს, ხოლო მარბიელად ბექა ნაგერვაძის, არჩილ ალიქაძის და გოგა ანანიძის ტრიო გამწესდება.

სათადარიგოთა სკამზე, ძირითადად, ახალგაზრდა მოთამაშეები არიან, თუმცა სამწვრთნელო შტაბს კონკრეტულ მატჩში მათი ძირითად შემადგენლობაში წარმატებით ჩართვა არ უნდა გაუჭირდეს.

უკანა ხაზი
წინა სეზონთან შედარებით, მნიშვნელოვნად გადახალისდა უკანა ხაზი. ზღვისპირელთა რიგები დატოვეს შავლეგ მახარაშვილმა, ირაკლი გიორგაძემ, გიორგი ბეგაძემ და გიორგი ქოპილაშვილმა, მათ შემცვლელად კი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ახალ თაობას უხმო.

ცხრა ნომრად 21 წლის ნიკა ნინიძე გამწესდება, მგეზავად - ზვიად ოდიშარია, შუამარბის პოზიციაზე ითამაშებს საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე გოჩა ხონელიძე, ხოლო ფულბეკად - ვეტერანი გიორგი სვინტირაძე.

გარემარბებად ბადრი ევგენიძე და გიორგი გოგიტიძე იასპარეზებენ, ჯაბა მნათიძისა და სულხან ორბელიძის დუეტი კი ხანგრძლივი სეზონის მიმდინარეობისას ჩაანაცვლებს ხოლმე ახალგაზრდებს სასტარტო შემადგენლობაში.

სამწვრთნელო შტაბი
გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მგელაძეა, რომელთანაც ასოცირდება ბათუმის "დათვების" წარმატებები.

გამოცდილ სპეციალისტს რამდენიმე წლის წინ ევროპის ჩემპიონობამდე ჰყავს მიყვანილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, თუმცა ამჯერად მას უდიდესი ძალისხმევა მოუწევს, რათა "ბათუმს" კვლავ შეუნარჩუნოს ადგილი უმაღლეს ლიგაში. თუმცა, თუ გადავხედავთ მის სამწვრთნელო კარიერას, არაერთ ბრწყინვალე გამარჯვებას მივაგნებთ, რაც უიმედოდ არ დატოვებს ზღვისპირელ ქომაგთ.

"ბათუმთან" სტუმრად თამაში ბევრ მოწინააღმდეგეს გაუჭირდება და შესაძლოა, გათამაშების ფავორიტებმაც კი დაკარგონ უმნიშვნელოვანესი ქულები. მთავარი ის გახლავთ, რომ ბათუმში ახალი, პერსპექტიული გუნდის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც დადებით შედეგს უახლოეს პერიოდში გამოიღებს.

შემადგენლობა
პირველი ხაზი: რობერტ აბესლამიძე, ბაკურ თებიძე, ილია კაიკაციშვილი, მიხეილ კელენჯერიძე, სერგო მოქია, თომა მჭედლიძე, ბექა ნაგერვაძე, გიგა სერგია, თორნიკე სულაბერიძე, გიგა ხოჭოლავა
მეორე ხაზი: როლანდ ბერიძე, გივი მეიშვილი
მესამე ხაზი: არჩილ ალიქაძე, გოგა ანანიძე, დავით გუგულაშვილი, ლაშა დუმბაძე, ჯონდი კორტავა, არჩილ მეგრელაძე
#9: კლიმენტი გურგენიძე, ლევან კოჩალიძე, ნიკა ნინიძე, იოან შამულო
#10: ირაკლი დავითაძე, ზვიად ოდიშარია
#12-13: თორნიკე აშვეთია, გურამ ევგენიძე, დიტო ოქროპირიძე, დათო ტრაპაიძე, გოჩა ხონელიძე
#11-14: გიორგი გოგიტიძე, ბადრი ევგენიძე, სულხან ევგენიძე, გიორგი კალანდაძე, ჯაბა მნათიძე
#15: გიორგი სვინტრაძე, ბაკურ ჩუბინიძე.

გიორგი ბარბაქაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული