მილტონ ჰეიგი და "ბორჯღალოსნები" სამოასთვის ემზადებიან [PHOTO]

AutoSharing Option
ამერიკასთან ნაწვნევი მწარე მარცხის შემდეგ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა გუნდმა ერთი დღე დაისვენა და ორშაბათიდან სამოას უძლიერეს ნაკრებთან გასამართი ტესტ-მატჩისთვის მზადება დაიწყო. ჩვენი მომავალი მეტოქე მსოფლიოს რეიტინგში მერვე პოზიციას იკავებს და სარაგბო თვალსაზრისით, დიდ ძალას წარმოადგენს.

23 ნოემბერს, "ბორჯღალოსნების" მიერ "მებრძოლი" სამოას დამარცხება შესაძლოა გარდამტეხ მომენტადაც იქცეს ქართული რაგბისთვის, ვინაიდან ელიტარული ნაკრების დამარცხებით არის შანსი, გზა გაგვეხსნას მაღალი ეშელონის ნაკრებებთან რეგულარულად სათამაშოდ.

საქართველოს ნაკრებმა სამშაბათს ტრადიციული ღია ვარჯიში გამართა, რომელსაც ორიოდე ტელევიზია და ხუთიოდე სპორტული ჟურნალისტი ესწრებოდა.

ქვეყანაში, სადაც ასეთი პოპულარობით
სარგებლობს რაგბი და გულშემატკივარი "ბორჯღალოსნებისაგან" პირველი ოცეულის ნაკრებების რეგულარულ დამარცხებას ითხოვს, წესით, ღია ვარჯიშს დიდი გამოხმაურება უნდა მოჰყოლოდა, თუნდაც ახალგაზრდა თაობის მხრიდან, რომელსაც უნიკალური შანსი ეძლეოდა, ახლო დისტანციიდან თვალი მიედევნებინა მორაგბეებისთვის, რომელთა ავტოგრაფებზე ნადირობა საფრანგეთშიც კი რთულია...

ვარჯიში დილის 11 საათზე დაიწყო და თითქმის ორ საათს გასტანა. არ უვარჯიშია ვიტო კოლელიშვილს, რომელსაც ერთთვიანი დისკვალიფიკაცია აქვს. ინდივიდუალური პროგრამით დაიტვირთა "ბორჯღალოსანთა" კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი.

ტრადიციული გახურების შემდეგ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა შერკინება და უკანა ხაზი მოედნის საპირისპირო მხარეებზე განალაგა და სტატიკური მდგომარეობებიდან ბურთის სწრაფ გათამაშებაზე ავარჯიშა.

მორკინალები აუტიდან და შერკინებიდან სხვადასხვა კომბინაციას ამუშავებდნენ, ხოლო უკანახაზელები ცდილობდნენ, ერთი შეხებით გადაეწოდებინათ თანაგუნდელისთვის პასი და კიდიდან კიდემდე სწრაფად ჩაეთამაშებინათ ბურთი.

ნახევარი საათის შემდეგ გუნდი ორ ნაწილად გაიყო. მოედნის ერთ მხარეს ამერიკასთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში გამწესებული მორაგბეები განლაგდნენ და დაცვასა თუ შეტევაში საკონტაქტო ბალიშების დახმარებით ივარჯიშეს ნაკრების დანარჩენი წევრების დახმარებით.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

გამონაკლისი იყო თედო ზიბზიბაძე, რომელიც "მეორე გუნდის" რიგებში ირჯებოდა, "პირველი გუნდის" შემადგენლობაში კი გარემარბის პოზიციაზე გიორგი შკინინი და ბექა წიკლაური ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.

ვარჯიშის მიწურულს უკანახაზელებმა ფეხით დარტყმაზე წაივარჯიშეს, ხოლო მორკინალებმა რაკის სწრაფ გაწმენდასა და მოლის დაყენებაზე.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ მომავალი მატჩის სამზადისსა და მეტოქეზე "ბორჯღალოსნებმა" ისაუბრეს.

დავით ქუბრიაშვილი:
"ძალიან დიდი პატივია ისეთი დონის ნაკრების მასპინძლობა, როგორიც სამოას ნაკრებია. ბოლო წლების განმავლობაში აშკარაა მათი პროგრესი და მსოფლიო რეიტინგშიც საკმაოდ წინ წაიწიეს. მძიმე მატჩს ველით, სამოელები ხომ გამოირჩევიან უხეში და აგრესიული სათამაშო სტილით, რისთვისაც ვემზადებით კიდეც.

ძალიან საინტერესოა ასეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ თამაში და ეს შეხვედრა შეგვიძლია საზომად გამოვიყენოთ, რამდენად მივუახლოვდით ევროპის ელიტარულ სარაგბო დონეს".


თედო ზიბზიბაძე:
"საინტერესო და დაძაბული მატჩი გველის. ასეთი მაღალი დონის ნაკრებთან თბილისში ჯერჯერობით არ გვითამაშია და იმედი გვაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ. შევეცდებით, ჩვენი სათამაშო სტილი მოვახვიოთ მეტოქეს თავს და მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოვიპოვოთ".

ვაჟა ხუციშვილი:
"საქართველოს ნაკრები ყოველთვის მოსაგებად გადის მოედანზე და მჯერა, რომ ჩვენც შეგვიძლია სამოას ძლიერი ნაკრების დამარცხება. ცხადია, ეს რთული შესასრულებელი იქნება, მაგრამ მეტოქისთვის გარკვეულ სიურპრიზებს ვამზადებთ".

თამაზ მჭედლიძე:
"ძალიან კარგია ელიტარული დონის ნაკრებთან დაპირისპირება. სწორედ ასეთი მაღალი კლასის გუნდებთან ხშირი თამაში მოგვიტანს დიდ გამოცდილებას, რაც ასე გვჭირდება. შევეცდებით, კიდევ ერთხელ გავახაროთ სტადიონზე მოსული გულშემატკივარი და სანახაობრივი რაგბი შევთავაზოთ".

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: დავით ხინჩაგიშვილი (მეტრო რასინგი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), ზურაბ ჟვანია, დავით ქუბრიაშვილი (ორივე - სტად ფრანსე), სიმონ მაისურაძე (ბაგნერე), შალვა მამუკაშვილი (არმია), რეზო ბელქანია (ლელო), ლევან ჩილაჩავა (ტულონი).
მეორე ხაზი: კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), გიორგი ნემსაძე (ტარბი)
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (მონპელიე), შალვა სუთიაშვილი (მასი), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), გიორგი თხილაიშვილი (არმია), გიორგი ჩხაიძე (ტარბი).
#9: გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ვაჟა ხუციშვილი (ხარები).
#10: ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე), ლაშა ხმალაძე (ლელო),
#12-13: მერაბ შარიქაძე (ბურგ ან ბრესი), დავით კაჭარავა (ენისეი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო).
#11-14: გიორგი შკინინი (არმია), თამაზ მჭედლიძე (ბურგ ან ბრესი).
#15: ირაკლი ყიასაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სამოას ნაკრების საბრძოლო რიტუალი "სივა ტაუ" [VIDEO]

"ბორჯღალოსნების" მზადება მებრძოლი სამოას დასახვედრად

საქართველო-აშშ 23:25 - USAმართლოდ წავაგეთ? [VIDEO+PHOTO]
საქართველო-კანადა 19:15 - ქართველები მებრძოლი ხალხი ხართ, მაგრამ... [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
როგორ შეიძლება, რომ ასეთი თამაშის წინ მხოლოდ ასე მცირე რაოდენობა ესწრებოდეს ნაკრების ვარჯიშს ჟურნალისტების მხრიდან. აქ ჩანს, რომ ფეხებზე ჰკიდიათ ჩვენი რაგბი ჟურნალისტთა უმრავლესობას. ამდენი ხანია ნაკრები აქ არის და ერთი სატელევიზიო გადაცემა თუ უძღვნეს ჩვენს რაგბისტებს, ან ვინმე თუ მოიწვიეს, თამაშების ანალიზი თუ გააკეთეს?! სამაგიეროდ ქეცბაიას მიუძღვნეს მთელი საათი და სამარცხვინო საყურებელი იყო ეს ყველაფერი. ისე კი ღირსნი არიან, რომ ასე გალანძღა, რადგან არ მინახავს, რომ რომელიმე ჟურნალისტს ბოლომდე ეთქვას თავისი სათქმელი, რადგან ყველა თავის თბილ ადგილს ურთხილდება, ფედერაციიდან, რომ არ მიიღონ საყვედური და ქეცბაიას აძალებდნენ, შენ თქვი რაიმე აუგი მათზეო. არადა კარგად იცოდნენ, რომ ის ამის გამკეთებელი არ იყო, რადგან ორივე მხარეს აწყობს არსებული სიტუაცია. ჩვენი რაგბისტების შემხედვარე ამ ჟურნალისტების გამო, ისეთ შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი საკუთარ სამშობლოში კი არა, სადღაც სხვა ქვეყანაში ემზადებოდნენ სათამაშოდ. როგორი გაბრაზებულნი და დათრგუნული იყვნენ ამერიკელებთან თამაშის შემდეგ, სახეები ჩამოსტიროდათ ლამის, რომ ასე წააგეს. ამაში ჩანს ჩვენი რაგბისტების და ფეხბურთელების სხვაობა თავისი საქმისადმი პროფესიული დამოკიდებულების და სამშობლოს სიყვარულის გამო. ამას გრძნობს გულშემატკივარი და ამიტომაც ტაშით გააცილა სტადიონიდან ჩვენი გუნდი
ynwa
16:07 20-11-2013
0
მოსაგები თამაშია გაგვიჭირდება
irakli machitidze
16:20 20-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული