გიორგი ბეგაძე: "ოლ ბლექსთან" თამაში ჩვენი ოცნებაა

AutoSharing Option
გიორგი ბეგაძე საქართველოს ნაკრებისა და "ბოლნისი ყოჩების" წამყვანი მორაგბეა. იგი ცხრა ნომრის პოზიციაზე ირჯება და თავის მოვალეობებს პირნათლად ასრულებს არა მარტო სარაგბო მოედანზე, არამედ მის მიღმაც.

გიორგის წარმატებამდე გასავლელი გზა არ ყოფილა იოლი - როგორც სხვებს, მასაც უწევდა სიცივესა და ცუდ სავარჯიშო პირობებში თავის გატანა.

ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი სამშობლოს სიყვარულმა 2008 წელს დამპყრობელი აგრესორების წინააღმდეგ საბრძოლველად გაიხმო და იგი თანაგუნდელებთან ერთად იცავდა საქართველოს ღირსებას, რის შემდეგაც კვლავ წარმატებით დაუბრუნდა საყვარელ თამაშს და კანადის ძლიერ ნაკრებთან მატჩში საუკეთესოს წოდებაც მოიპოვა.

-
გიორგი, სეზონის წინ მიიღეთ გადაწყვეტილება და "ბათუმიდან" "ბოლნისი ყოჩებში" გადახვედით. რა იყო კლუბის შეცვლის მიზეზი?

- 2009-12 წლების სარაგბო სეზონები "ყოჩებში" გავატარე, თუმცა შემდეგ გუნდს სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა და რამდენიმე მორაგბეს მოგვიწია დროებით სხვადასხვა გუნდში გადაბარგება.

ერთი წელი "ბათუმში" ვითამაშე, სადაც ძალიან კარგი ბიჭები არიან და მშვენიერი სამწვრთნელო შტაბიც იყო შეკრებილი, თუმცა წლეულს, 2013-14 წლების სეზონის წინ "ბოლნისი ყოჩები" ფინანსურად ისევ მომძლავრდა და ბიჭებმა ვარჩიეთ, რომ ისევ ძველ გუნდში დავბრუნებულიყავით, რადგან ამ კლუბში ადრე დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და "ყოჩებთან" ერთად რაიმე სინჯის მედალი მოვიგოთ

- საინტერესოა, რა მიზნები დაგისახათ სამწვრთნელო შტაბმა სეზონის წინ?
- ვინაიდან მაინც ახალშეკრებილი გუნდი ვართ და საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა, თუმცა პერსპექტიული ბიჭი თამაშობს ჩვენ გვერდით, სამწვრთნელო შტაბმა სეზონის წინ საპლეიოფო ექვსეულში შესვლა დაგვისახა მიზნად, თუმცა საქართველოს ჩემპიონატში ისე გათანაბრდა ძალები, რომ პლეი ოფში ვერავინ ჩაითვლება აშკარა ფავორიტად.

მთავარია, პლეი ოფში გავიდეთ და იქ მერე რაც უფრო შორს წავალთ, შესაბამისად, უფრო სასიამოვნო იქნება. მომავალი სეზონისთვის გაცილებით უფრო გაძლიერებას ვგეგმავთ და შესაბამისად, მიზანი მხოლოდ ჩემპიონობა იქნება.

- "ბოლნისი ყოჩებმა" ეროვნულ ჩემპიონატში საკმაოდ კარგი სტარტი აიღო, თუმცა პირველი წრის ბოლოს პოზიციები დათმო და საპლეიოფო ექვსეული დატოვა. როგორ ფიქრობთ, რა იყო ამის მიზეზი?
- ეროვნული ჩემპიონატი მართლაც კარგად დავიწყეთ. პირველსავე ტურში მოქმედი ჩემპიონი "ლელო" დავამარცხეთ, თუმცა შეუთამაშებლობამ მაინც თავისი როლი ითამაშა ხანგრძლივი სეზონის მიმდინარეობისას.

ამას დაერთო რამდენიმე წამყვანი მოთამაშის ტრავმაც და საპლეიოფო ექვსეულიდან გამოვვარდით, თუმცა, ვფიქრობ, ეს ჩავარდნა დროებითია, სათამაშო ჯერ კიდევ ბევრია და ექვსეულში აუცილებლად დავბრუნდებით.

- უკანასკნელ ტურში მოქმედ ჩემპიონ "ლელოს" დაუჯერებელი თამაში მოუტრიალეთ, უკანასკნელ 8 წუთში 17-ქულიანი სხვაობა აღმოფხვერით და დრამატულ მატჩში გამარჯვებაც მოიპოვეთ - 29:27...
- პირველ ტაიმში და თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში "ლელო" ჩვენზე უკეთ გამოიყურებოდა, გვჯობდა სტატიკურ მდგომარეობაში, თან მეორე ტაიმში ქარი მოწინააღმდეგის სასარგებლოდ ქროდა და ხელით თამაშზე გავაკეთეთ ძირითადი აქცენტი, რამაც გაამართლა.

ბრწყინვალედ ითამაშა თემურ სოხაძემ, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში მშვენიერი ლელოც გაიტანა და ძალიან მოგვეხმარა გუნდს ფსიქოლოგიურად. ისეთი ტენდენცია ჩამოყალიბდა, რომ მეორე ტაიმებს გაცილებით უკეთესად ვთამაშობთ, მებრძოლი ხასიათი კი "ყოჩებს" ყოველთვის ჰქონდა.

- გადავერთოთ სანაკრებო თემებზე. კანადასთან დაპირისპირებისას მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაგასახელეს. საინტერესო იქნება თქვენეული შეფასება გაუკეთოთ ნოემბრის ტესტ-მატჩებს.
- კანადასთან მართლაც მძიმე ბრძოლა გადაგვხდა. ინდივიდუალურად გაცილებით უკეთესად სხვა ბიჭები უფრო გაისარჯნენ, ვიდრე მე; უბრალოდ, ვცდილობდი, ჩემი მოვალეობა შემესრულებინა და საჭირო დროს საჭირო ადგილას ვყოფილიყავი. ჟიურიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ მე დამასახელა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ - ამ ფაქტმა ძალიან გამახარა, თუმცა მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ სხვა მოთამაშეებმაც ჩემზე არანაკლებ დაიმსახურეს ეს წარმატება.

ამერიკამ ძალიან ძლიერი ნაკრების შთაბეჭდილება დატოვა - საკმაოდ სწრაფები და ფიზიკურად ძლიერები არიან. სუსტმა დაცვამ დაგვაღალატა იმ თამაშში. რაც შეეხება სამოასთან მატჩს - იმ შეხვედრაში მართლაც გვეხმარებოდნენ ღვთიური ძალები, ხოლო სტადიონზე კი - ჩვენი გულშემატკივარი, რომელიც, ფაქტობრივად, უკანასკნელი 15 წუთი ფეხზე მდგარი გვედგა მხარში და ერთად მოვიპოვეთ ეს ისტორიული გამარჯვება.

- ნაკრების სამომავლო გეგმები როგორია, რა მიზანი დაგისახათ სამწვრთნელო შტაბმა?
- ერთა თასზე აუცილებლად პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ, რაც საშუალებას მოგვცემს, მოვიპოვოთ მსოფლიოს თასის საგზური. იქ კი ძალიან საინტერესო იქნება C ჯგუფში მოხვედრა, სადაც ჩვენი მეტოქეები ახალი ზელანდიის, არგენტინის, ტონგას და სავარაუდოდ, ზიმბამბვეს ნაკრებები იქნებიან.

"ოლ ბლექსთან" თამაში თითოეული ჩვენგანის ოცნებაა. არგენტინას საკმაოდ კარგად ვიცნობთ და ვიცით უკვე, როგორი ტაქტიკური სქემა დავუპირისპიროთ. ზიმბაბვეს აუცილებლად უნდა მოვუგოთ, ხოლო ტონგასთან გადამწყვეტი შეხვედრა გვექნება - უკვე გვაქვს სამოასთან თამაშის გამოცდილება და ვფიქრობ, არც ტონგასთან ვიქნებით უშანსოდ.

- გასულ კვირას, სხვა "ბორჯღალოსნებთან" ერთად, ლეიკემიით დაავადებული ახალგაზრდა მორაგბე ჯონი ჯიჯავაძე მოინახულეთ იაშვილის კლინიკაში...
- გასულ სეზონში, როდესაც "ბათუმში" ვთამაშობდი, თავისუფალ დროს ჩემს თანაგუნდელ დათო გრძელიშვილს ვეხმარებოდი ხოლმე პატარა მორაგბეების ვარჯიშში. ჯონი იქ გავიცანი და მალევე დავმეგობრდით.

10 დღის წინ დათო გრძელიშვილი შემეხმიანა და ჯონის წერილი წამაკითხა. აღარ დაველოდეთ ახალი წლის მოსვლას, ყველაფერი სპონტანურად, მალევე გადაწყდა და წავედით სანახავად.

იმედიანები და დადებითი ემოციით დატვირთულები დავბრუნდით. ყოველთვის მზად ვართ, დავეხმაროთ ბავშვებს და მათ ჯანმრთელ მომავალს, ფინანსურად იქნება ეს საჭირო თუ საკუთარი სისხლის ჩაბარებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ბორჯღალოსნებმა" ლეიკემიით დაავადებული 14 წლის მორაგბე მოინახულეს [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
გაიხარეთ ბიჭებო!!! თქვენს ვაჟკაცობას და ადამიანობას ვენაცვალე!!!
levani
21:19 11-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული