მილტონ ჰეიგი: იმედგაცრუებული ვარ

AutoSharing Option
14 თებერვალს გამართული "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მეორე ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც "ბორჯღალოსნებმა" თბილისში პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 20:15 დაამარცხეს, მეტოქე გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა თამაში შეაფასეს.
ჟოაო პინტუ, პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"გუნდის თამაშის ტაქტიკურ მონახაზში ცვლილება არ შეგვიტანია. უბრალოდ, საშუალება მოგვეცა, ის ხუთი ლეგიონერი გვეთამაშებინა, რომლებმაც პირველ მატჩში ვერ იასპარეზეს.

რუმინეთთან მატჩისგან განსხვავება ის იყო, რომ უფრო სწორი ტაქტიკა ავირჩიეთ. დაცვაში მაქსიმალურად ყურადღებით გავისარჯეთ და გამოგვივიდა.

ცხადია, კარგი იქნებოდა, მოგვეგო, თუმცა
მაინც კმაყოფილი ვარ, რომ ისეთ ძლიერ გუნდს, საქართველოს ნაკრები რომ არის, შერკინებასა და დერეფანში დიდი წინააღმდეგობა გავუწიეთ. ამასთან ერთად, მეტოქეს ბურთის ფლობის საშუალებასაც არ ვაძლევდით".

ვასკო უვა, პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი:
"მატჩის პირველ ხუთ წუთს თუ არ ჩავთვლით, მწვრთნელის დავალება ზედმიწევნით შევასრულეთ. მიხარია, რომ ერთი პრემიალური ქულა ავიღეთ. დარწმუნებული ვარ, თბილისში ჩამოსული ბევრი გუნდი ვერ შეძლებს ამას.

წლეულს დაგეგმილი გვქონდა საშინაო მატჩების მოგება გერმანიასა და ესპანეთთან. ამ მატჩის შემდეგ, ვფიქრობთ, რომ თუ სწორ ტაქტიკას ავირჩევთ, რუსეთთან სტუმრად გამარჯვებაც შეიძლება".

მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"პორტუგალიელებთან თამაშით იმედგაცრუებული ვარ. ბურთის შენარჩუნებაზე თამაში არ გამოგვივიდა, მორაგბეები ზედმეტად ჩქარობდნენ. ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც შეგვეძლო.

ამასთან ერთად, გაკვირვებული ვარ მსაჯის გადაწყვეტილებებით. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მოვიგეთ და ავიღეთ დამსახურებული 4 ქულა".

შალვა სუთიაშვილი, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:
"პირველი თამაშის შემდეგ, რომელიც გერმანიასთან, ასე თუ ისე, კარგად გამოგვივიდა, ძირითად შემადგენლობაში 11 მორაგბე შეიცვალა. ყველა ცდილობდა, თავი გამოეჩინა. ამან თამაშის სქემა ცოტა აგვირია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული