რა გვაკლია არგენტინამდე? [ბესიკ ჯანგავაძე გლოსტერიდან]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რა გვაკლია არგენტინამდე? რა და ის, რაც აქვს არგენტინას. ეს არის წელიწადში გარანტირებული ექვსი თამაში ოთხი ერის პირველობაზე მსოფლიოს სამ უძლიერეს გუნდთან; პლუს, ნოემბრის ტესტები ევროპელ ბობოლებთან.

არგენტინის ნაკრები 2007 წლის მსოფლიოს თასის მესამეადგილოსანია. ეს ამ ქვეყნის სარაგბო გუნდისთვის უდიდესი მიღწევაა. თუმცა, არც მაშინდელი და არც ოთხი წლის წინანდელი გუნდის, რომელსაც ახალ ზელანდიაში ვეთამაშეთ, ამჟამინდელთან შედარებაც არ შეიძლება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნაკრები, რომელიც ოდესმე შეგვხვედრია. თაობათა ცვლამ "პუმებს" ვერაფერი დააკლო. მეტიც, ოთხ ერზე თამაშით მორაგბეები უდიდეს გამოცდილებას იღებენ.
მით უფრო, რომ ხანდახან სამხრეთ ნახევარსფეროს ბობოლებს ამარცხებენ კიდეც.

ერთი სიტყვით, ძალიან ძლიერ გუნდთან წავაგეთ. თუმცა წაგებაც არის და წაგებაც. ასეთი სხვაობით მარცხი ნამდვილად არასახარბიელოა. არადა, პირველი ტაიმის შემდეგ მსგავსი სცენარით მოვლენების განვითარებას ძნელად თუ ვინმე იფიქრებდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში მატჩის ინგლისელმა არბიტრმა, რომელიც წარმოშობით ირლანდიელია, საქართველოს ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე სინბინში გაუშვა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციზე მამუკამ თქვა, რომ ყვითელი ბარათი არ დაუმსახურებია. მეტიც, იმ მომენტში თამაშის წესიც არ დაურღვევია და მსაჯს საჯარიმოც არ უნდა დაენიშნა. მოკლედ, ამის შემდეგ ჩვენი გუნდი ერთბაშად მოიშალა. არგენტინელებმა ხუთ წუთში სამი ლელო გაგვიტანეს და მატჩის ბედიც აქ გადაწყდა.

მოდით, მსაჯს ნურაფერს დავაბრალებთ. უბრალოდ, გავიხსენებთ ეპიზოდს, როცა ყვითელი ბარათი არგენტინელისთვის უნდა მიეცა, მაგრამ დაინდო. მერაბ კვირიკაშვილმა ბურთი მოედნის საკუთარი ნახევრიდან ფეხით არგენტინელებისკენ დაკიდა. თვითონვე მიჰყვა, მაგრამ მეტოქის ერთ-ერთმა მოთამაშემ, რომელსაც იმ მომენტში "მეკოზე" თამაშის უფლება არ ჰქონდა, მას მხარი გაჰკრა და დასცა. ეს განზრახ ბინძური თამაში იყო. არბიტრმა ჯეი პი დოილმა ვიდეორეფერი მოითხოვა, სადაც ეს ყოველივე ნათლად გამოჩნდა. მან საჯარიმო კი დანიშნა ჩვენ სასარგებლოდ, მაგრამ არგენტინელს მოედანი არ დაატოვებინა.

ცხადია, მარცხის მიზეზი ეს არ ყოფილა. მილტონ ჰეიგმა პირველი მატჩის შემადგენლობა არ შეცვალა. ბიჭები თითქოს გადაღლილები ჩანდნენ. რაღაც ფსიქოლოგიურადაც ვერ განეწყვნენ. დიდი ხანი ტონგას დასამარცხებლად ემზადებოდნენ. დაამარცხეს კიდეც. არგენტინაზე კი აღარც ძალა ეყოთ და არც უნარი.

ახლა აქ მატჩის პერიპეტიებზე აღარ ვილაპარაკებთ, ის ისედაც ყველამ ნახა. ერთს კი დავძენთ - მატჩის ანგარიშის სხვაობა ზუსტ თანაფარდობაშია იმ დღეს "კინგსჰოლმზე" შეკრებილი არგენტინელი და ქართველი ქომაგების რაოდენობის შორის სხვაობისა. ორასიოდე ჩვენებური გულშემატკივარი ძალას და ხმის იოგებს არ ზოგავდა, მაგრამ ექვსი ათასამდე არგენტინელის ხმაშეწყობილ სიმღერებთან და შეძახილებთან ვერას გახდა.

სასიამოვნო ის იყო, რომ სტადიონიდან გამოსულ საქართველოს ნაკრების ავტობუსს მხარდამჭერი შეძახილებით ქართველ ქომაგებთან ერთად არგენტინელებიც აცილებდნენ. ადგილობრივები კი ხელის დაქნევით გვემშვიდობებოდნენ.


"ბორჯღალოსნებს" "კინგსჰოლმზე" თამაში კიდევ როდის მოუწევთ?

მსოფლიოს თასი. C ჯგუფი. II ტური
საქართველო-არგენტინა 9:54
საქართველო (15-9) კვირიკაშვილი (გიორგაძე 54), მჭედლიძე (ფრუიძე 59), კაჭარავა, შარიქაძე, აფციაური, მალაღურაძე, ლობჟანიძე (ბეგაძე 58). (1-8) ნარიაშვილი (ასეიშვილი 52), ბრეგვაძე (მამუკაშვილი 49), ზირაქაშვილი (ჩილაჩავა 52), ნემსაძე, მიქაუტაძე (დათუნაშვილი 49), თხილაიშვილი, კოლელიშვილი (სუთიაშვილი 58), გორგოძე.
3ს: კვირიკაშვილი.
სინბინი: გორგოძე.

არგენტინა (15-9)
ტუკულეტი, კორდერო, ბოსხი, ერნანდესი (დე ლა ფუენტე 37), იმჰოფი, სანჩესი (ამოროსინო 64), კუბელი (ლანდახო 57). (1-8) აიერსა (პასი 68), კრევი (მონტოია 63), ჩაპარო (ერერა 58), პეტი, ლავანინი, ლეგუსამონი (მატერა 58), ფერნანდეს ლობე (დესიო 65), სენატორე.
7ლ: ლავანინი, კუბელი, იმჰოფი (2), კორდერო (2), ლანდახო. 5გ: სანჩესი (3), ბოსხი (2). 2ს,ა: სანჩესი.

მსაჯი:
ჯეი პი დოილი (ინგლისი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
პროგრესი აშკარაა, ახლა მთავარია დინამიკა. ვითარება იმედისმომცემია.
გაბრიელ
29 სექტემბერი 2015 14:14
0
ზალიან დილეტანტი ვარ რაგბიში, მაგრამ ჩემთვისაც ცხადია, თვალშისაცემია ის ნახტომი, პროგრესი , რომელიც არგენტინას განუცდია, და რა იქნებოდა ჩვენ რომ თუნდაც 3 წელი უკვე ნათამაშები რომ გვქონდეს ექვს ერში
ilia
28 სექტემბერი 2015 21:31
0
არგენტინამდე გვაკლია 12 წელი
Gორგოდზემ დააშავა და გააგდეს!იქამდე კი ოფიციალურად გააფრთხილეს რომ შემდეგი დარღვევა ყვითელი ბარათი იქნებოდა რადგან ქართველებმა ძალიან ბევრჯერ საშიში ბოჭვა გააკეთეს კისერზე!ამ ტურნირის მსაჯობა უნაკლოა!ზუსტად ამ მიზეზით დავამარცხეთ წინა გუნდი
vova
28 სექტემბერი 2015 18:42
0
გადამრევს ეს ხალხი, რა!
არგენტინასთან რომ წავაგებდით ამას რა თქმა უნდა?
სულ ბობოლებთან ბურთაობენ და ეს ეტყობათ კიდეც!
გორგოძის გაგდება რაღა იყო?
თუ გამარჯვებულს გულსემატკივრობ, დამარცხებულს აღარ უნდა დაუდგე გვერდში?
ცოტა აზრზე მოდით, რა!



gela
28 სექტემბერი 2015 12:38
0
ნამიბიამ ეტამაშა ახალ ზელანდიას და ჩვენზე ნაკლები სხვაობით წააგო,თან არგენტინას ახლაი ზელანდია ბევრად აღემატება
ასეა ეს და ჩვენ რუმინელების და ნამიბიელების დონე გვგონია რომ დიდი ხანია გადავლახეთ
bobi
28 სექტემბერი 2015 12:24
0
ჩვენი თამაშის სტილი ძველებურია.
thomas
28 სექტემბერი 2015 12:14
0
მთავარი მიზეზი-ჩვენ შინაარსობრივად სრულიად განსხვავებულ რაგბს ვთამაშობთ!არგენტინა-ორიენტირებული ლელოზე,შემოქმედებაზე,სწრაფად ხელით თამაშზე,ჩვენ-ჯახი,ჯარიმა,ნგრევა...
-ნახეთ საქართველოს ჩემპიონატის მატჩების შედეგები-რამდენი ლელოა თამაშში?
ზაზა
28 სექტემბერი 2015 12:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული