არც თვითონ ოცნებობდა. ის უბრალოდ თავდაუზოგავად შრომობდა, ვარჯიშობდა. მისი ყველაზე დადებითი თვისება სწორედ რომ შრომისმოყვარეობა იყო. ფიზიკური მონაცემები სათანადო კონდიციებში მოყვანის გარეშე არაფრის მაქნისია. ეს მას ძალიან კარგად ესმოდა და ვარჯიშობდა, სულ ვარჯიშობდა.
ბავშვობაში სიმაღლის გამო კალათბურთზე მიიყვანეს და სპორტის ამ სახეობას
მაშინ ძნელად თუ ვინმე იფიქრებდა, რომ მამუკა გორგოძე მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდებოდა. არა, კარგ რაგბის რომ ითამაშებდა, ამაში ყველაზე გამოუსწორებელ პესიმისტსაც არ ეპარებოდა ეჭვი, მაგრამ ასეთ სიმაღლეზე ასვლას თუ შეძლებდა, ვერავინ წარმოიდგენდა.
ფიზიკური მონაცემების გამო ლელოელმა თანაგუნდელებმა მეტსახელად "გულივერა" შეარქვეს. რაგბიში ცოტა ვინმე თუა, თიკუნი არ ჰქონდეს. ჰოდა, არც გორგოძეს "დასწყვიტეს გული". მოგვიანებით, საფრანგეთში გადაბარგებულს მისი არა მარტო აღნაგობის, არამედ თამაშის ყაიდის გამო "გორგოძილა" შეარქვეს.
მამუკა გზად ყველას და ყველაფერს თელავდა. მისი შეჩერება წესების დაცვით ძალიან რთული იყო. ამიტომ მეტოქეები სხვადასხვა ხრიკს მიმართავდნენ და, შესაბამისად, ადრეული ფრანგული კარიერის განმავლობაში თავმოყვარე ქართველს ხშირად უწევდა ჩხუბი.
"ინიციატორი მე არასდროს ვყოფილვარ. ჩემს მძაფრ რეაქციას მეტოქეების ბინძური თამაში იწვევს", - თქვა მან ერთ-ერთ ინტერვიუში.
"მოედანზე ისეთ შეურაცხყოფას ვერავინ მოგაყენებს, რომ ვერ მოითმინო, გუნდი რომ არ დააღალატო", - ეს იმავე გორგოძის სიტყვებია, უფრო სწორად, რჩევაა ახალგაზრდა მორაგბეებისადმი, ოღონდ უკვე დაღვინებულ-დაბრძენებულ სარაგბო ასაკში. უფრო სწორად კი, ინგლისსა და უელსში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშების დასრულების შემდეგ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში.
ერთი სიტყვით, მამუკას დიდხანს ჰქონდა მოჩხუბარის რეპუტაცია. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ის გალახული არავის უნახავს. ნელ-ნელა ყველა მიხვდა, რომ გოლიათი ქართველის დაჩაგვრა შეუძლებელია და ახლა მასთან ჩხუბს ყველა მაქსიმალურად ერიდება.
იხილეთ ვიდეო
მოედანზე ერთი შეხედვით მრისხანე, შეუპოვარი და ძალიან აგრესიული მორაგბე, სინამდვილეში ძალიან თავმდაბალი, მეგობრული და, რაც ყველაზე მთავარია, სამართლიანი ადამიანია. სავარაუდოდ, სწორედ ამ თვისებების გამო იყო, რომ 2015 წლის მსოფლიოს თასის წინ ის საქართველოს ნაკრების კაპიტნად აირჩიეს.
მისმა შეუპოვარმა ხასიათმა, თავდადებამ, თანაგუნდელებიც აიყოლია. ყველა კარგად ხედავდა, როგორ აგულიანებდა, ბრძოლისკენ მოუწოდებდა "ბორჯღალოსნებს" უმნიშვნელოვანეს, ქართული რაგბისთვის ისტორიულ მატჩში ტონგას ნაკრების წინააღმდეგ გლოსტერის "კინგსჰოლმზე".
ამ მატჩში, რომელიც საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, მამუკა გორგოძე საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ნამატჩევს გაკეთებული მისი კომენტარი კი თავისთავად მეტყველებს თუ როგორი ბუნების ადამიანთან გვაქვს საქმე:
"არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი. გუნდის კაპიტანი ვიყავი და მატჩის საუკეთესო მორაგბედ ამიტომაც დამასახელეს. დღეს ყველა მოთამაშე მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო."
ტონგასთან გამარჯვებამ ჩვენს ნაკრებს მომავალ მსოფლიოს თასზე თამაშის უფლება კვალიფიკაციის გარეშე დაუბევა. როგორი საქმეა, "ბორჯღალოსნები" მსოფლიოს საუკეთესო 12 გუნდში არიან. უკან დარჩნენ ფიჯი, სამოა, ტონგა, კანადა და აშშ.
გორგოძე საუკეთესო მოთამაშედ კიდევ ერთ მატჩში აღიარეს. ვარსკვლავებით მოჭედილი ახალი ზელანდიის ნაკრებთან მატჩში გამორჩეული სწორედ ის გახდა. არადა, მოედანზე მხოლოდ 48 წუთი დაყო. ეს უკვე საყოველთაო, საბოლოო აღიარება იყო, მისი როგორც მსოფლიო დონის ვარსკვლავისა. როგორი საქმეა, შენს წინააღმდეგ თამაშობდნენ დენ კარტერი, რიჩი მაქოა, კირან რიდი, ჯულიან სავეა და, მიუხედავად ამისა, შენ მათზე უკეთეს მორაგბედ გასახელებენ.
გორგოძე მსოფლიოს თასის წლევანდელ გათამაშებაში მეორედ, ხოლო ჯამში მეოთხედ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე (2011 წელს ინგლისთან და რუმინეთთან დაპირისპირებისას). აი, რა თქვა მან ნამატჩევს.
"ახალი ზელანდიის ნაკრებთან თამაში ყველა მორაგბის ნატვრაა. ეს ნატვრა ამისრულდა. მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ, საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს. სულ 48 წუთი ვითამაშე. ვფიქრობ, ეს დიდი წარმატებაა. ძალიან გახარებული და ამაყი ვარ. ენით აუწერელ ბედნიერებას განვიცდი. ამაზე ვერც ვიოცნებებდი".
ის კადრი, რომელზეც ასახულია როგორი რეაქცია ჰქონდა მამუკას, როდესაც დიქტორმა მატჩის საუკეთესო მოთამაშე დაასახელა, მსოფლიოს თასის წლევანდელი გათამაშების ათ საუკეთესო მოვლენას შორის მოხვდა. მისი ალალი, გაოცებული ღიმილის გარდა საყურადღებო იყო სიხარულისგან როგორ აჟრიამულდა გადაჭედილი "მილენიუმი". ეს ქომაგების მხრიდან საყოველთაო სიყვარულის, აღიარების დასტური იყო.
მსოფლიოს თასის გათამაშების დასრულების შემდეგ მამუკა გორგოძე არაერთი უცხოური გამოცემის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ყველაზე ღირებული კი ახლახან მისი მსოფლიოს თასის ოცნების გუნდში დასახელებაა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მამუკა გორგოძე ქართული სპორტისთვის ეპოქალური პიროვნებაა.
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
გორგოძილა - აი ვინაა საქართველოს ბრენდი მსოფლიოში, რათქმაუნდა ამით წუთითაც არ ვაკნინებ მოჭიდავეების ან სხვა წარმატებულ სპორტსმენებს, მარა დამეთანხმებით რო გუნდურ სათამაშო სახეობაში განსაკუთრებით საამაყოა ამ დონის არიატაღია მოპოვება.
მამუკა გვიყვარხარ და გვეამაყები, გაიხარე და ღმერთი გფარავდეს!
მადლობა მამუკა ყველაფრისთვის, რაც აქამდე გაგიკეთებია და კიდევ გააკეთებ ჩვენი სამშობლოსათვის. იხარე და იბედნიერე შენს ოჯახთან და ყველა შენთვის ძვირფას ადამიანთან ერთად ისე, როგორც შენ ახარებ შენს და საქართველოს ყველა ნამდვილ გულშემატკივარს. მადლობა უფალო, რომ ეს ადამიანი ქართველად მოავლინე დედამიწას.