"ბორჯღალოსნები": შერკინება სხვაა, უკანა ხაზი - სხვა, გამოსავალი ერთია...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტები ერთი მოგებითა და ორი მარცხით დაასრულა. ბოლო შეხვედრაში "ბორჯღალოსნებმა" სტუმრად, კილმარნოკში წააგეს შოტლანდიის ნაკრებთან. ამ მატჩის შემდეგ ყველა თანხმდება ერთზე - რაც შეიძლება მეტი თამაში გვინდა ასეთი დონის გუნდებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ განვვითარდებით.

- შოტლანდია-საქართველო 43:16 - ასე წაგება არ გვეკადრება [VIDEO]

არ გვინდა მოვლენებს წინ გავუსწროთ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით, სავარაუდოდ, მალე უნდა შეიცვალოს მდგომარეობა.

განვლილი მატჩის შესახებ შთაბეჭდილების გაზიარება საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს გიორგი გორგასლიძეს ვთხოვეთ, რომელიც უშუალოდ კილმარნოკის "რაგბი პარკის" ტრიბუნიდან ადევნებდა
თამაშს თვალს.

"უწინარესად მინდა, კარგით დავიწყო. ეროვნული ნაკრებების თამაშამდე სამი დღით ადრე, ახალგაზრდულმა ნაკრებებმა ედინბურგში ითამაშეს. ჩვენმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა. ასეთი კარგი დაცვა, ქართული გუნდებისგან დიდი ხანია არ მინახავს. ძალიან კარგი გუნდია, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ლეგიონერი გვაკლდა. უკანა ხაზმაც და შერკინებამაც კარგად ითამაშა, მით უმეტეს, რომ დანიშნულ შერკინებაში მიწოლა არ იყო დაშვებული.

ძალიან არ მომეწონა საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ ნათამაშები პირველი ტაიმი. ჩანდა, რომ გუნდი სათანადოდ ვერ განეწყო. უკანა ხაზს უჭირს როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში თამაში. ძალიან ადვილად მივიღეთ ლელოები. ასე იყო იაპონიასთან და სამოასთანაც.

ძალიან დიდი სხვაობაა ჩვენს შერკინებასა და უკანა ხაზს შორის. ამის მიზეზი, ალბათ, ისაა, რომ მორკინალები მაღალი დონის ფრანგულ კლუბებში ასპარეზობენ, მათ ძლიერი გუნდების წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება აქვთ. ასეთივე გამოცდილება არ აქვთ ჩვენს უკანახაზელებს, რომელთა უმრავლესობაც საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს.

მერე, რაც ყველაზე მთავარია, შოტლანდიის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია. ეს გამოჩნდა ამ ტესტებზე ავსტრალიასთან და არგენტინასთან მატჩებში. მომავალ ექვსი ერის გათამაშებაშიც ვნახავთ მათ ძალას.

გამოსავალი ერთია. რაც შეიძლება მეტი უნდა ვითამაშოთ ამ დონის გუნდებთან. არა მარტო სტუმრად, არამედ ჩვენთან, თბილისშიც. მხოლოდ მსოფლიოს თასზე ელიტურ გუნდებთან თამაში ჩვენი პროგრესისთვის საკმარისი არ არის.

ცხადია, ასეთ გუნდებთან მატჩებში თავიდან წავაგებთ. ამას უნდა შევეგუოთ. ეს არ ნიშნავს, რომ გულზე ხელი დავიკრიფოთ. პირიქით, მათთან ბრძოლებში უნდა გავიზარდოთ. სხვა გზა არ არსებობს.

"მსოფლიოს რაგბის" ხელმძღვანელები უკვე ხვდებიან ამას. აგერ ტონგამ სტუმრად მოუგო იტალიას, იაპონიამ კინაღამ დაამარცხა უელსი, კარგი იყო ჩვენი გუნდის მეორე ტაიმი. ხედავენ, რომ სხვაობა პირველ და მეორე დონის გუნდებს შორის კატასტროფული აღარ არის.

ვფიქრობ, ამ კუთხით სერიოზული ცვლილებებია საჭირო და ამაზე მუშაობა უკვე მიდის."

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 21 /
როგორც დროებით ღონისძიებად შეიძლებოდა ნატურალიზებული, სწრაფად მორბენალი მორაგბე, რომელიც მომავალ თაობას დაანახებდა განსხვავებას მოძრავი და დინამიური რაგბის სასარგებლოდ. ჩვენი მიზანია დავაჯინოთ სპეციალისტები, მოვიწვიოთ გამოცდილი უცხოელები და შევქმნათ ვარჯიშთა სისტემა, რომელიც ჩვენს მორაგბეებს განუვითარებს სწრაფად და სხარტად სირბილის უნარებს.
თენგაბი
13:00 04-12-2016
0
რაგბს პროფესიულ დონეზე თამაშობენ სუ 20 ქვეყანაში აქედან11 გუნდი სათვალავში ჩასათვლელი არცაა იმხელა სხვაობაა,1 თვის უკან იყო ზელანდია ირლანდია და ზელანდიას კუში საერთოდ არ ქონდა იმხელაა სხვაობა არანაირი კონკურენცია.ჯობია სვარკას უყურო
buxrika
12:44 04-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული