რაგბი. ლეგიონი: ქართველების სამი გუნდი უკვე პლეი ოფშია

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ორი ტურიღა დარჩა. პლეი ოფში თამაშის უფლება ქართველ მორაგბეთა სამმა გუნდმა უკვე გაინაღდა. ესენია: "ლა როშელი", "კლერმონი" და "მონპელიე".

დარჩენილი სამი საგზურისთვის კი, მართლაც რომ გაცხარებული ბრძოლაა გამართული. თავად განსაჯეთ, პლეი ოფში მოხვედრის თუნდაც თეორიული შანსი ერთბაშად შვიდ გუნდს აქვს. მამუკა გორგოძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონისთვის" ჩემპიონობისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად დარჩენილ ორ მატჩში ერთი მოგებაც საკმარისია.

ჩვენებურთა ეს გუნდი 24-ე ტურში შინ ხვდებოდა ერთ-ერთ კონკურენტ "კასტრს" და 23:14 დაამარცხა. ჩილაჩავა თამაშში 67-ე
წუთიდან ჩაერთო. გორგოძე ტრავმირებულია.

ბოლო ტურებში წარმატებით თამაშობს ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსე", რომელიც ახლა 54 ქულით მეექვსე ადგილზეა და პლეი ოფში მოხვედრის შესანიშნავი შანსი გაუჩნდა. პარიზელებმა შინ დიდი ანგარიშით დაამარცხეს "პო" - 51:16.

ჟვანია ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე ის მელიქიძემ შეცვალა. "სტად ფრანსე" მომდევნო ტურში შინ ეთამაშება უშუალო კონკურენტ "მეტრო რასინგს", რომელიც მას სამი ქულით უსწრებს.

"რასინგმა" სტუმრად შეძლო ვასილ კაკოვინის "ტულუზის" დამარცხება - 10:8. ტულუზელები ახლა მათთვის უჩვეულო მე-12 ადგილზე არიან. კაკოვინი ძირითად შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს.

აქვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟვანია, მიუხედავად იმისა, რომ პარიზულ კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს, "სტად ფრანსედან" მიდის. მის მიმართ ინტერესს "ბრივი" და "ტულუზი" იჩენენ.

რაც შეეხება კარლენ ასეიშვილის, სოსო ბეკოშვილისა და ვასილ ლობჟანიძის "ბრივს", შინ "ბორდოსთან" მარცხის შემდეგ 19:22, მისი პლეი ოფში მოხვედრა სათუო გახდა. ბეკოშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე ის ასეიშვილმა შეცვალა, ლობჟანიძე განაცხადში არ იყო.

ლიდერთა სამეულიდან, რომლებმაც უკვე გაინაღდეს პლეი ოფში თამაში, მხოლოდ ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელი" დამარცხდა. ამ გუნდს პირველი ადგილი განაღდებული აქვს და სტუმრად წააგო "ლიონთან" - 25:29. ყაულაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 29-ე წუთზე შეცვალეს.

შინ წინა ტურში "ბრივთან" მარცხის შემდეგ, სტუმრად მოუგო "გრენობლს" დავით ზირაქაშვილის, ვიქტორ კოლელიშვილისა და ოთარ გიორგაძის "კლერმონმა" - 59:18. ზირაქაშვილის ტრავმის გამო არ უთამაშია და ჯერაც უცნობია, შეძლებს თუ არა ის მომავალ უქმეებზე ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში ასპარეზობას. კოლელიშვილს ტვინის შერყევის გამო თამაში დროებით აკრძალული აქვს, გიორგაძე მოედანზე 62-ე წუთიდან გამოჩნდა.

მესამეადგილოსანმა, მიხეილ ნარიაშვილის, დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და გაგი ბაზაძის "მონპელიემ" შინ დიდი ანგარიშით მოუგო ბაიონს - 61:22. ნარიაშვილი მე-60 წუთზე შეცვალეს, მიქაუტაძემ სრულად ითამაშა, თუმცა მხარი დაიშავა და მისი მომდევნო ტურში თამაში საეჭვოა, ქუბრიაშვილი ტრავმირებულია, ბაზაძე განაცხადში არ იყო.

I დივიზიონი, XXIV ტური
ტულონი-კასტრი 23:14, ბრივი-ბორდო 19:22, გრენობლი-კლერმონი 18:59, სტად ფრანსე-პო 51:16, ლიონი-ლა როშელი 29:25, მონპელიე-ბაიონი 61:22, ტულუზი-მეტრო რასინგი 8:10

სატურნირო მდგომარეობა
1. ლა როშელი - 80 ქულა, 2. კლერმონი - 70, 3. მონპელიე - 66, 4. ტულონი - 61, 5. მეტრო რასინგი - 57, 6. სტად ფრანსე - 54, 7. ლიონი - 54, 8. კასტრი - 53, 9. ბორდო - 53, 10. ბრივი - 53, 11. პო - 53, 12. ტულუზი - 48, 13. გრენობლი - 33, 14. ბაიონი - 26.

XXV ტური
ბაიონი-გრენობლი, ბორდო-ტულონი, კასტრი-ტულუზი, ლა როშელი-მონპელიე, ლიონი-კლერმონი, სტადც ფრანსე-მეტრო რასინგი, პო-ბრივი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული