რაგბი. ლეგიონერები: მერაბ შარიქაძის ლელო "მონ დე მარსანს" [VIDEO]

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ორი ტურიღა დარჩა. პირველობისთვის, რომელიც ელიტურ, პირველ დივიზიონში პირდაპირ გადასვლის უფლებას იძლევა, ქართველ მორაგბეთა სამი გუნდი იბრძვის. ესენია: "ოიონაქსი", "აჟენი" და "მონ დე მარსანი".

პირველ ადგილზე ამჟამად ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ვეფხვაძის "ოიონაქსია", რომელმაც შინ შეძლო აუტსაიდერის, ფაქტობრივად, გასავარდნად განწირული "ბურგუენის" დამარცხება - 33:6. მირცხულავა ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს.

"ოიონაქსი" მომდევნო ტურში ისევ შინ თამაშობს. ამჯერად მეტოქე კატალონიური "პერპინიანი" იქნება, რომელიც პლეი ოფში შესვლისთვის იბრძვის. თუმცა, ნაკლებად მოსალოდნელია
ოიონაქსელებმა საკუთარი კედლებიდან, თანაც ფინიშისწორს, ვინმე გახარებული გაუშვან.

"ოიონაქსს" ორი ქულით ჩამორჩება და მისი ყველაზე რეალური კონკურენტია თამაზ მჭდლიძის, ვახტანგ ახობაძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენი", რომელმაც შინ დიდი ანგარიშით დაამარცხა დივიზიონის დებიუტანტი, არჩილ ბეჟიაშვილის "ვანი" - 56:7.

აჟენელებმა მეტოქეს რვა ლელო გაუტანეს. აქედან ოთხი ახალზელანდიელი გარემარბის, ჯორჯ ტაისლის ანგარიშზეა. მჭედლიძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა. ბეჟიაშვილი 41-ე წუთზე შეცვალეს.

მომდევნო ტურში "აჟენი" სტუმრად ხვდება გიორგი შეყლაშვილის "ალბის", რომელიც დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. მატჩი, ცხადია, მძიმე იქნება. გამარჯვება ორივე გუნდს ჰაერივით სჭირდება, ამიტომ პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. "ალბის", რაც უნდა სუსტი იყოს, შინ ბრძოლის გამართვა და გამარჯვება შეუძლია.

ახლახან კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეყლაშვილი მომავალი წლიდან "კოლომიეში" ითამაშებს. ქართველმა შერკინების ბურჯმა კონტრაქტი უკვე გააფორმა.

პირველობის კიდევ ერთი პრეტენდენტი ბექა გორგაძის "მონ დე მარსანი" "აჟენს" სამი ქულით ჩამორჩება. ჩვენებურის ამ გუნდმა შინ მიიღო ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძისა და გიორგი შარაშიძის "ორიაკი" და 43:25 დაამარცხა.

თამაში უხვლელოიანი და საკმაოდ უხეშიც გამოდგა. მატჩის არბიტრმა სამი მორაგბე გაასინბინა, მათ შორის შარაშიძეც, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და 42-ე წუთზე შეცვალეს. შარიქაძემ მოედანი 67-ე წუთზე დატოვა, თუმცა რვა წუთით ადრე მეტოქეს ეფექტური ლელო გაუტანა. მან ხაზი მოედნის ცენტრში, მარჯვენა ფრთაზე გაჭრა. ლელოსთან ახლოს კიდევ ერთი მოწინააღმდეგე დატოვა უსაქმოდ და შებოჭილმა ბურთი ჩათვლის მოედანში გადადო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გორგაძემ სრულად ითამაშა, დათუნაშვილი ტრავმირებულია და სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს. "მონ დე მარსანი" ბოლოსწინა ტურში სტუმრად ეთამაშება "დაქსს", რომელსაც ჯერ კიდევ ემუქრება დივიზიონის დატოვების საფრთხე.

დივიზიონიდან გავარდნის თეორიული საფრთხე ემუქრება შალვა სუთიაშვილისა და ლაშა თავბერიძის "ანგულემსაც", რომელმაც სტუმრად წააგო "პერპინიანთან" - 7:36. თავბერიძე 31-ე წუთზე შეცვალეს, სუთიაშვილმა მოედანი 56-ე წუთზე დატოვა.

II დივიზიონი, XXVIII ტური
აჟენი-ვანი 56:7, ალბი-ბეზიე 25:23, კარკასონი-ნარბონი 26:13, კოლომიე-ბიარიცი 37:13, მონტობანი-დაქსი 40:31, მონ დე მარსანი-ორიაკი 43:25, ოიონაქსი-ბურგუენი 33:6, პერპინიანი-ანგულემი 36:7

სატურნირო მდგომარეობა
1. ოიონაქსი - 86 ქულა, 2. აჟენი - 84, 3. მონ დე მარსანი - 81, 4. კოლომიე - 76, 5. მონტობანი - 76, 6. პერპინიანი - 74, 7. ბიარიცი - 72, 8. ორიაკი - 65, 9. კარკასონი - 63, 10. ბეზიე - 59, 11. ანგულემი - 56, 12. ვანი - 55, 13. დაქსი - 55, 14. ნარბონი - 51, 15. ალბი - 49, 16. ბურგუენი - 17

XXIX ტური
ოიონაქსი-პერპინიანი, ალბი-აჟენი, ანგულემი-კარკასონი, ბეზიე-ვანი, ბურგუენი-ნარბონი, დაქსი-მონ დე მარსანი, ბეზიე-ორიაკი, კოლომიე-მონტობანი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული