საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მიმდინარე კვირა უჩვეულოდ დატვირთული გამოდგა. მე-4 ტურის მატჩები სულ ახლახან ჩატარდა. გუნდებს ამოსუნთქვის საშუალებაც არ მიეცათ და მორიგი, მე-5 ტურისთვის მზადება დაიწყეს, რომელიც 8 სექტემბერს გაიმართება.
ძნელი სათქმელია, რამდენად მისაღებია მატჩებს შორის ასეთი მოკლე შუალედი, თუმცა, ფაქტია, რომ ფრანგულ კლუბებში ტრავმიანობამ იმატა.
ფრანგ და უცხოელ მორაგბეებზე რომ არაფერი ვთქვათ, ამის დასტურად ჩვენი დაშავებული მორაგბეების სიაც გამოდგება. ესენია: ჯაბა ბრეგვაძე, ვასილ კაკოვინი (ორივე-ტულუზი), ანტონ ფეიქრიშვილი (კასტრი),
* * *
მე-5 ტურში რამდენიმე საინტერესო მატჩი გაიმართება. ყურადღებას იპყრობს მიხეილ ნარიაშვილისა და მამუკა გორგოძის "მონპელიეს" საშინაო დაპირისპირება ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზთან". ამ ოთხი ქართველი მორაგბიდან, როგორც უკვე ვთქვით, სამი დაშავებულია. ნარიაშვილი გუნდის ძირითადის მოთამაშეა, თუმცა გამორიცხული არ არის, ის ფაბიენ გალტიემ დაასვენოს.
"მონპელიე" და "ტულუზი" სატურნირო ცხრილში მეზობლები არიან. მონპელიელები საკუთარ მოედანზე იშვიათად აგებენ, თუმცა ფრანგული რაგბის გრანდთან არაერთხელ დამარცხებულა. მართალია, ტულუზელები ბოლო ხანს ისე ვეღარ ბრწყინავენ, ვიდრე თუნდაც ორიოდ წლის წინათ, თუმცა, გამოცდილი და მაღალი დონის მორაგბეებით დაკომპლექტებულ გუნდს მის წინაშე მდგარი ნებისმიერი წინააღმდეგობის დაძლევა ძალუძს.
* * *
სერიოზული გამოცდა ელის საშინაო არენაზე დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსეს". პარიზელები გათამაშების ლიდერს დავით ზირაქაშვილის "კლერმონს" უმასპინძლებენ.
"სტად ფრანსე" ორ წელიწადზე მეტია ფინანსური კრიზისის დაძლევის შემდეგ სათანადო სპორტული ფორმის აღდგენას ცდილობს. ეს უძველესი ფრანგული კლუბი, რომელიც ლიდერობას იყო მიჩვეული, მისთვის უჩვეულო ამპლუაშია. თუმცა, თუ წლევანდელი ჩემპიონატის სტარტით ვიმსჯელებთ, პარიზელებს ოპტიმიზმის საფუძველი უნდა ჰქონდეთ. უფრო რეალური სურათი, რამდენად საფუძვლიანია "სტად ფრანსეს" ამბიციები, სწორედ "ვულკანებთან" მატჩის შემდეგ გვექნება.
ვერ ვიტყვით, რომ "კლერმონი" საუკეთესო ფორმაშია. თუმცა, მიუხედავად ამისა, ის მაინც ლიდერია და "ვარსკვლავებით გადაჭედილ" "ტულონს" ერთი ქულით უსწრებს. ზირაქაშვილს ტრავმა აწუხებდა, თუმცა გამორიცხული არ არის, პარიზში თამაში შეძლოს. "სტად ფრანსეს" ქართველი ბურჯი ზურაბ ჟვანია ტრავმას იშუშებს, ქუბრიაშვილი კი, რეგულარულად თამაშობს.
* * *
ოიონაქსში სახლის გუნდებად შერაცხილი ორი კლუბი დაუპირისპირდება ერთმანეთს. ადგილობრივი გუნდი საფრანგეთის ჩემპიონს ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრს" უმასპინლებს, რომელიც 12 ქულით მესამე ადგილზეა და ტიტულის შენარჩუნების სერიოზული ამბიცია გააჩნია.
ოიონაქსელები დებიუტანტები არიან. თუმცა, მიუხედავად ამისა, ელიტარულ გუნდებს შორის საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებიან და, სავარაუდოდ, გავარდნის კანდიდატებიც არ იქნებიან.
* * *
ზემოთ კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონი" ვახსენეთ, რომელიც მე-5 ტურში სტუმრად ეთამაშება ბასკურ "ბიარიცს". ქართული წარმოშობის ფრანგი ცხრა ნომრის, დიმიტრი იაშვილის გუნდი წლეულს უჩვეულოდ სუსტად გამოიყურება და 6 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა.
ჩილაჩავამ და მიქაუტაძემ წინა ტურში შესანიშნავად ითამაშეს, მაგრამ "ტულონის" თავკაცმა ბერნარ ლაპორტმა, რომელიც საფრანგეთის ნაკრების ყოფილი დამრიგებელია, საბიარიცო განაცხადში არცერთი შეიყვანა.
* * *
სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილი უკავია გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის "ბრივს", რომელიც შინ მიიღებს ბასკურ "ბაიონს". შველიძე, ასაკის მიუხედავად, საკმაოდ მხნედ გამოიყურება. ასეიშვილი კი, ჯერჯერობით ერთადერთი ქართული ლელოს ავტორია პირველ დივიზიონში.
ბრიველებს, რომლებსაც დიდი სარაგბო ტრადიცია აქვთ, "ბაიონთან" გამარჯვება მდგომარეობასაც გამოუსწორებს და ხასიათსაც.
* * *
სულ რაღაც ორი წლის წინათ გიორგი ჟღენტის "პერპინიანი" საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულს ატარებდა. მწვრთნელის, ჟაკ ბრუნელის იტალიაში გადაბარგების შემდეგ, კატალონიური გუნდი საგრძნობლად დასუსტდა.
ამჟამად პერპინიანელები დაკარგული დიდების აღდგენას ცდილობენ. საამისოდ, მათ წარმატებული მატჩები სჭირდებათ. რისი შანსიც, მე-5 ტურში ნაკლებად გააჩნიათ, რადგან სტუმრად დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგს" დაუპირისპირდებიან.
პარიზული გუნდი, რომელიც საფრანგეთის პირველი ჩემპიონატის ფინალისტია, წლეულს საგრძნობლად მოღონიერდა და, ძნელი სავარაუდოა, შინიდან ვინმეს იოლად რამე გაატანოს.
ჟღენტი და ხინჩაგიშვილი, შესაძლოა, ამ მატჩში ერთმანეთის პირისპირ დადგნენ.
V ტური
მონპელიე-ტულუზი, ბრივი-ბაიონი, ბიარიცი-ტულონი, გრენობლი-ბორდო, ოიონაქსი-კასტრი, მეტრო რასინგი-პერპინიანი, სტად ფრანსე-კლერმონი.
სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 14 ქულა, 2. ტულონი - 13, 3. კასტრი - 12, 4. ტულუზი - 11, 5. მონპელიე - 11, 6. პერპინიანი - 10, 7. სტად ფრანსე - 10, 8. ბორდო - 9, 9. ბაიონი - 9, 10. ოიონაქსი - 8, 11. მეტრო რასინგი - 8, 12. გრენობლი - 8, 13. ბიარიცი - 6, 14. ბრივი - 5.
ფედერალ 1 დივიზიონი
ამასობაში, 7 სექტემბერს დაიწყება ფედერალ 1 დივიზიონის გათამაშება, სადაც 9 გუნდში 22 ქართველი მორაგბე იასპარეზებს.
ელიტურ, მეორე დივიზიონში გადასასვლელად, სავარაუდოდ, ჩვენებურთა სამი გუნდი იბრძოლებს. ესენია: თედო ზიბზიბაძის, ნიკოლოზ მაღალდაძის, გიორგი გაბელიას, ირაკლი ნატრიაშვილის "პერიგო", ბაჩუკი გუჯარაიძის "სენ ნაზერი" და დავით აშვეთიას, შალვა სუთიაშვილის, არჩილ კობაურის, ელიზბარ ყუფარაძის, დავით დადუნაშვილის "მასი".
ამავე დივიზიონში ასპარეზობენ საქართველოს ნაკრების მგეზავები მერაბ კვირიკაშვილი (ვიენი) და ლაშა მალაღურაძე (ბაგნერე).
კვირიკაშვილი "ვიენში" წლეულს ჩაირიცხა. მას იქ შერკინების ქართველი ბურჯი ზერო პეტრიაშვილი დახვდა. "ბაგნერეში" კი, მალაურაძის გარდა კიდევ ოთხი ქართველი ირიცხება. ესენია: სიმონ მაისურაძე, ლადო გუნიავა, ბექა ურჯუკაშვილი და გიორგი მჭედლიშვილი.
ავთანდილ კოპალიანი (ორივე - მაკონი), ზერო პეტრიაშვილი, მერაბ კვირიკაშვილი (ორივე - ვიენი), რეზო გიგაური (მონლუსონი), გიორგი ჯაშიტაშვილი (შალონი), თედო ზიბზიბაძე, ნიკოლოზ მაღალდაძე, გიორგი გაბელია, ირაკლი ნატრიაშვილი (ოთხივე- პერიგო), თენგიზ გელანტია (ობენა), ირაკლი ნინიძე (დიჟონი), , ბაჩუკი გუჯარაიძე (სენ ნაზერი), სიმონ მაისურაძე, ლაშა მალაღურაძე, ლადო გუნიავა, ბექა ურჯუკაშვილი, გიორგი მჭედლიშვილი (ყველა - ბაგნერე), დავით აშვეთია, შალვა სუთიაშვილი, არჩილ კობაური, ელიზბარ ყუფარაძე, დავით დადუნაშვილი (ყველა - მასი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"