ლეგიონი: სამი ქართველი რუმინეთის ჩემპიონია

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მე-9 ტურის შემდეგ სამხელისუფლებიანობაა.

27 ქულა ქართველ მორაგბეთა ერთბაშად სამ გუნდს დაუგროვდა. ესენია: "ტულონი", "მონპელიე" და "ტულუზი". სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში სიმჭიდროვეა და ლიდერთა შორის გარევის შანსი წლეულს ელიტაში დაბრუნებულ "ბრივსაც" გაუჩნდა.

ლიდერის პოზიცია დაიბრუნა ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონმა", რომელმაც ნიცაში, ახლახან აშენებულ "ალიანს რივიერაზე" დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" დაამარცხა - 25:19.

პირველი ტაიმის დიდი ნაწილი "ვულკანების" უპირატესობით წარიმართა. მასპინძლებმა ანგარიშში დაწინაურება და მდგომარეობის გამოსწორება 30-ე წუთისთვის მოახერხეს. შესვენების შემდეგ კი ტულონელებმა შეძლეს
საკუთარი თამაშის მეტოქისთვის თავს მოხვევა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.

ზირაქაშვილი სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 49-ე წუთიდან ჩაერთო, ჩილაჩავას და მიქაუტაძეს არ უთამაშიათ.

სატურნირო ცხრილში მეორე საფეხურზეა მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე", რომელმაც შინ დაამარცხა დივიზიონის დებიუტანტი "ოიონაქსი" - 45:20. ამ მატჩშიც, ზემოთ განხილულის მსგავსად, თანაბარი ბრძოლა პირველი 30 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

ამ დროისთვის ტაბლო ფრეს აჩვენებდა - 10:10. მერე მასპინძლებმა მაქსიმალური სიჩქარეები ჩართეს, მეტოქეს შერკინებაშიც აჯობეს და საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

მონპელიელებმა მეტოქეს ექვსი ლელო გაუტანეს. აქედან ორი შუამარბ ტომა კომბეზუს ანგარიშზეა. გორგოძე და ნარიაშვილი განაცხადში არ იყვნენ.

ერთი შეხედვით, ყველაზე საინტერესო უნდა ყოფილიყო ფრანგული კლასიკო - ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზის" დაპირისპირება ზურაბ ჟვანიასა და დავით ქუბრიაშვილის "სტად ფრანსესთან", რომელიც გათამაშების ლიდერი იყო.

ტულუზელებმა თავიდანვე თამაშის ძალზედ მაღალი ტემპი შესთავაზეს მეტოქეს და პირველი ტაიმი 21:3 მოუგეს.

შესვენების შემდეგ თამაში გათანაბრდა, გუნდებმა თითო-თითო ლელო მიითვალეს და მასპინძლებმა 28:10 გაიმარჯვეს. ქართველ მორაგბეებს ტრავმების გამო არ უთამაშიათ.

გიორგი ჟღენტის "პერპინიანმა" სტუმრად ითამაშა კრიზისში მყოფ ბასკურ "ბიარიცთან" და 16:12 დაამარცხა. შეხვედრა ძალზედ დაძაბული გამოდგა. მატჩის პირველი ნახევარი ფრედ, 6:6 დასრულდა.

შესვენების შემდეგ კატალონიელებმა უფრო ნაკლები შეცდომა დაუშვეს და გაიმარჯვეს კიდეც. ჟღენტი ძირითად შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს.

გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის "ბრივმა", შეიძლება ითქვას, რომ სენსაციური ანგარიშით დაამარცხა შინ საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი, ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი" - 34:0.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს, რომელიც 29:0 მოიგეს.

ფეიქრიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო 44-ე წუთზე შეცვალეს, ასეიშვილი მოედანზე 53-ე წუთიდან გამოჩნდა, შველიძე ტრავმირებულია.

დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგმა" შინ მოულოდნელად წააგო "გრენობლთან" - 20:22. გამარჯვებას "ალპელებმა" მატჩის ბოლო წუთზე მიაღწიეს, როცა მეტოქეს საჯარიმო გაუტანეს და ერთქულიანი ჩამორჩენის ნაცვლად, ორი ქულით დაწინაურდნენ. ხინჩაგიშვილი განაცხადში არ იყო.

I დივიზიონი
IX ტური
ბიარიცი-პერპინიანი 12:16, ტულონი-კლერმონი 25:19, ბრივი-კასტრი 34:0, ბორდო-ბაიონი 34;6, მონპელიე-ოიონაქსი 45:20, მეტრო რასინგი-გრენობლი 20:22, ტულუზი-სტად ფრანსე 28:10.

სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 27 ქულა, 2. მონპელიე - 27, 3. ტულუზი - 27, 4. სტად ფრანსე - 26, 5. კლერმონი - 25, 6. პერპინიანი - 24, 7. გრენობლი - 23, 8. ბრივი - 22, 9. მეტრო რასინგი - 22, 10. ბორდო - 21, 11. კასტრი - 20, 12. ოიონაქსი - 17, 13. ბაიონი - 16, 14. ბიარიცი - 8.

X ტური
ტულუზი-ტულონი, ბაიონი-მონპელიე, კასტრი-ბაირიცი, გრენობლი-ოიონაქსი, პერპინიანი-ბორდო, კლერმონი-ბრივი, მეტრო რასინგი-სტად ფრანსე.

კელტურ ლიგაში მორიგი მარცხი იწვნია საქართველოს ნაკრების მესამეხაზელის, დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგმა". ჩვენებურის გუნდმა, რომელიც აუტსაიდერია, სტუმრად წააგო უელსში "კარდიფ ბლუზთან" - 12:29. ბასილაიამ თავიდან ბოლომდე ითამაშა.

კელტური ლიგა
V ტური
ოსფრიზი-ალსტერი 12:18, ნიუპორტი-ზებრე 30:7, ბენეტონი-ქონოთი 23:3, ჰლანეჰლი-გლაზგო 12:17, მანსტერი-ლენსტერი 19:15, კარდიფი-ედინბურგი 29:12.

სატურნირო მდგომარეობა
1. გლაზგო - 20 ქულა, 2. მანსტერი - 18, 3. ოსფრიზი - 17, 4. ალსტერი - 15, 5. ლენსტერი - 14, 6. ნიუპორტი - 13, 7. კარდიფი - 10, 8. ჰლანეჰლი - 10, 9. ბენეტონი - 9, 10. ზებრე - 5, 11. ქონოთი - 4, 12. ედინბურგი - 4.

VI ტური
ედინბურგი-ბენეტონი, გლაზგო-მანსტერი, ლენსტერი-ქონოთი, ოსფრიზი-ნიუპორტი, ალსტერი-კარდიფი, ზებრე-ჰლანეჰლი.

რუმინეთის ჩემპიონატი ქართველი მორაგბეების, ბიძინა სამხარაძის, გიორგი ხოსიტაშვილისა და ოთარ ტურაშვილის "ტიმიშოარას" ტრიუმფით დასრულდა.

ჩვენებურთა ამ გუნდმა ფინალში დაამარცხა "ბაია მარე" - 25:19 და ზედიზედ მეორედ გახდა ვლახეთში საუკეთესო. ფინალურ მატჩში მხოლოდ ტურაშვილმა ითამაშა, სამხარაძე და ხოსიტაშვილი განაცხადში არ იყვნენ.

მესამე ადგილისთვის მატჩში მამუკა ნინიძის "ფარული" ბუქარესტის "სტიაუასთან" დამარცხდა - 14:25.

რუმინეთი
III ადგილი
ფარული-სტიაუა 14:25

ფინალი
ტიმიშოარა-ბაია მარე 25:19

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვულოცავ "ტიმიშოარას" ქართველებს ჩემპიონობას.
რაც საფრანგეთის ჩემპიონატის მიმოხილვებს ვუყურებ მაგარი უკმაყოფილების სგრძნობა მრჩება... თითქოს გაიზარდა ჩვენი მორაგბეების რაოდენობა ელიტურ დივიზიონში და თითქოს უფრო უკეთეს გუნდებშიც გადავიდნენ, მაგრამ რად გინდა, მათი უმეტესობა ან განაცხადში ვერ ხვდება ან სათადარიგოებში არიან მყარად, ანუ სათამაშო პრაქტიკა ძალიან ნაკლები აქვთ, რაც აუცილებლად აისახება ნაკრების თამაშებზეც, რადგან მათი უმრავლესობა წარმოადგენს ნაკრების ძირითად ბირთვს...
ზურა
14:11 08-10-2013
0

სიახლეები პოპულარული