
ყველა მასპინძელმა, მიუხედავად იმისა, რა მდგომარეობა ეჭირა სატურნირო ცხრილში, გამარჯვება მოიპოვა.
შედეგად, უკიდურესად დაიძაბა პლეი ოფში მოხვედრისთვის ბრძოლა. ახლა გადამწყვეტ ეტაპზე გასვლის შანსი ცხრა გუნდს აქვს, აქედან რვა ქართველი მორაგბეებისაა.
საკმაოდ დიდი ხნის შესვენების შემდეგ სატურნირო ცხრილს სათავეში პარიზული "სტად ფრანსე" მოექცა.
დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას გუნდმა, როგორც ჩანს, კრიზისი საბოლოოდ გადალახა და ჩემპიონის ტიტულისთვის საბრძოლველად მზად არის.
შეგახსენებთ, რომ "სტად ფრანსე" უძველესი ფრანგული კლუბია, რომელიც თუ ბოლო სამ
"სტად ფრანსემ" მე-17 ტურში საფრანგეთის ჩემპიონს, ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრს" უმასპინძლა და მეტოქეს წარმატების მიღწევის იოტისოდენა შანსიც არ დაუტოვა - 32:6. ქუბრიაშვილი სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო, ფეიქრიშვილი მოედანზე შვიდი წუთის შემდეგ გამოჩნდა, ჟვანია განაცხადში არ იყო.
"სტად ფრანსეს" ამ გამარჯვების შემდეგ 52 ქულა დაუგროვდა. მას ორი ქულით ჩამორჩება დავით ზირაქაშვილის "კლერმონი", რომელმაც მოულოდნელად სტუმრად წააგო ერთ-ერთ აუტსაიდერ ბასკურ "ბაიონთან - 9:18. თამაში საკმაოდ მძიმე გამოდგა. გამარჯვებულის ვინაობა დამრტყმელების დუელმა გამოავლინა. მასპინძელთა არგენტინელმა გარემარბმა მარტინ ბუსტოს მოიანომ "ვულკანების" ცხრა ნომერ მორგან პარაზე ორით მეტი საჯარიმო გაიტანა. ზირაქაშვილი ტრავმირებულია და არ უთამაშია.
საპლეიოფო ექვსეულში ინარჩუნებს ადგილს მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე", რომელმაც 44 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზეა. მონპელიელებმა შინ დაძაბულ ბრძოლაში ზაზა ნავროზაშვილის "ბორდოს" სძლიეს - 28:23.
მასპინძლები, მართალია, მუდმივად წინ იყვნენ ანგარიშში, მაგრამ საგრძნობლად დაწინაურება მხოლოდ მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე შეძლეს - 28:16. სტუმრებმა ანგარიშის შემცირება თამაშის ბოლო წუთზე მოახერხეს.
გორგოძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ნარიაშვილი 69-ე წუთზე შეცვალეს, ნავროზაშვილი განაცხადში არ იყო.
მონპელიელთა მსგავსად, 44 ქულა აქვს და მეექვსე ადგილზეა ფრანგული რაგბის გრანდი, ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზი", რომელიც სტუმრად დამარცხდა დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგთან" - 5:25.
ტულუზელები მატჩის პირველ ტაიმში უჩვეულოდ უსუსურად გამოიყურებოდნენ და მშრალი ანგარიშით, 0:18 დამარცხდნენ.
შესვენების შემდეგ გამოფხიზლებამ კი დიდი ვერაფერი ნუგეში მოჰგვარა "ტულუზის" ქომაგებს. ქართველ მორაგბეებს ამ შეხვედრაში არ უთამაშიათ.
ზედიზედ მესამე მარცხი იწვნია და 42 ქულით მეშვიდე ადგილამდე დაქვეითდა ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონი". ჩვენებურთა ეს ვარსკვლავური გუნდი სტუმრად დამარცხდა გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის "ბრივთან" - 10:23. მატჩის ბედი მასპინძლებმა თითქმის პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს, რომელიც 20:3 მოიგეს. მეორე ნახევარში ტულონელთა ძალისხმევას თამაშის მსვლელობაში რაიმე ცვლილება არ შეუტანია. თუ ასე განაგრძეს, მურად ბურჯელალის "ვარსკვლავები" პლეი ოფის მიღმა დარჩებიან.
შველიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და ის 51-ე წუთზე ასეიშვილმა შეცვალა, მიქაუტაძე თამაშში 61-ე წუთიდან ჩაერთო, ჩილაჩავა განაცხადში არ იყო. "ტულონს" "მეტრო რასინგი" გაუთანაბრდა, "ბრივი" კი სამი ქულით ჩამორჩება.
"გრენობლი" ერთადერთი "არაქართული გუნდია", რომელიც საპლეიოფო ექვსეულშია. "ალპელებმა" მე-17 ტურში შინ დაამარცხეს გიორგი ჟღენტის "პერპინიანი" - 25:19. ჟღენტი, რომელმაც ტრავმა ახლახან მოიშუშა, ძირითად შემადგენლობაში იყო და 61 წუთი ითამაშა.
I დივიზიონი
XVII ტური
სტად ფრანსე-კასტრი 32:6, მეტრო რასინგი-ტულუზი 25:5, მონპელიე-ბორდო 28:23, ბაიონი-კლერმონი 18:9, გრენობლი-პერპინიანი 25:19, ბრივი-ტულონი 23:10, ბიარიცი-ოიონაქსი (გადაიდო).
სატურნირო მდგომარეობა
1. სტად ფრანსე - 52 ქულა, 2. კლერმონი - 50, 3. კასტრი - 46, 4. გრენობლი - 45, 5. მონპელიე - 44, 6. ტულუზი - 44, 7. ტულონი - 42, 8. მეტრო რასინგი - 42, 9. ბრივი - 39, 10. ბორდო - 37, 11. პერპინიანი - 36, 12. ბაიონი - 34, 13. ოიონაქსი - 33, 14. ბიარიცი - 17.
XVIII ტური
ბორდო-გრენობლი, კლერმონი-სტად ფრანსე, ბაიონი-ბრივი, ტულონი-ბიარიცი, კასტრი-ოიონაქსი, პერპინიანი-მეტრო რასინგი, ტულუზი-მონპელიე.
თითქმის ანალოგიური მდგომარეობაა ლიდერთა შორის მეორე დივიზიონშიც. მე-18 ტურის შემდეგ პლეი ოფში მოხვედრის რეალურ შანსს ცხრა გუნდი ინარჩუნებს.
აქედან ხუთი ქართველი მორაგბეებისაა. დივიზიონის ლიდერი ისევ ვიქტორ კოლელიშვილისა და გურამ კავთიძის "ლიონია", რომელმაც შინ დაძაბულ მატჩში კახაბერ კობერიძის, ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, ვახტანგ ახობაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ხვიჩა ბუჯიაშვილის "ალბი" დაამარცხა - 32:25.
კოლელიშვილმა, რომელმაც სრულად ითამაშა, 41-ე წუთზე ლელო გაიტანა. ასევე თავიდან ბოლომდე ითამაშა თოდუამაც. მან საპასუხო ლელო მე-60 წუთზე გაიტანა. კავთიძე და თეთრაშვილი თამაშში 55-ე წუთიდან ჩაერთნენ, სხვა ქართველი მორაგბეები განაცხადში არ იყვნენ.
"ლიონს" ახლა 65 ქულა აქვს. მას ოთხი ქულით ჩამორჩება ტარიელ რატიანიძის "აჟენი", რომელმაც შინ დაამარცხა ბექა შეყლაშვილის "ბეზიე" - 28:16. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.
გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" შინ დაამარცხა მერაბ შარიქაძის, თამაზ მჭედლიძისა და გიორგი სულუაშვილის "ბურგ ან ბრესი" - 14:9. ჩხაიძემ, ნემსაძემ, შარიქაძემ და მჭედლიძემ თავიდან ბოლომდე ითამაშეს, სულუაშვილი განაცხადში არ იყო.
"ტარბი" ამ გამარჯვებით საპლეიოფო ხუთეულს დაუახლოვდა, "ბურგ ან ბრესი" კი ამჟამად ბოლოსწინა ადგილზეა და ურთულეს მდგომარეობაშია.
ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკმა" შინ დაამარცხა "ბურგენი" - 19:6.
დათუნაშვილმა სრულად ითამაშა, ნაცარაშვილი განაცხადში არ იყო. ორიაკელები 42 ქულით მე-8 ადგილზე არიან და პლეი ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებენ.
II დივიზიონი
XVIII ტური
ლიონი-ალბი 32:25, ტარბი-ბურგ ან ბრესი 14:9, აჟენი-ბეზიე 28:16, ორიაკი-ბურგუენი 19:6, ოში-კარკასონი 31:13, დაქსი-ლა როშელი 12:9, ნარბონი-პო 25:19, კოლომიე-მონ დე მარსანი 18:11.
სატურნირო მდგომარეობა
1. ლიონი - 65 ქულა, 2. აჟენი - 51, 3. პო - 56, 4. ლა როშელი - 55, 5. ნარბონი - 51, 6. კოლომიე - 49, 7. ტარბი - 47, 8. ორიაკი - 42, 9. ბურგუენი - 40, 10. დაქსი - 39, 11. ბეზიე - 35, 12. მონ დე მარსანი - 33, 13. ალბი - 30, 14. ოში - 27, 15. ბურგ ან ბრესი - 26, 16. კარკასონი - 22.
XIX ტური
ბურგუენი-აჟენი, ლა როშელი-ოში, ბეზიე-დაქსი, ალბი-ტარბი, კარკასონი-ნარბონი, მონ დე მარსანი-კოლომიე, ბურგ ან ბრესი-ორიაკი, პო-ლიონი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"