მამუკა გორგოძე: არ ვიტყვი, რომ იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ლიდერმა მამუკა გორგოძემ ინტერვიუ მისცა Midi Olympique-ს, რომელშიც "ტულონის" და საკუთარ გეგმებზე საუბრობს.

მამუკა გორგოძის გუნდი ჩემპიონთა თასზე მეოთხედფინალშია გასული და აპრილში "რასინგს" შეხვდება. შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს "ტულონმა" სტუმრად ინგლისური "ბასი" 19:14 დაამარცხა.

"ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მეოთხედფინალში გავედით. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მატჩის წინ ჩვენი მიზანი ბონუს-ქულით მოგება და მეოთხედფინალში მასპინძლობის დაბევება იყო, მაგრამ ყველამ კარგად ვიცოდით, რომ ეს ძნელი მისაღწევი იყო.

თანდათან, ყოველი სეზონის მერე კიდევ უფრო რთულდება ევროთასებზე თამაში. რაგბის დონე მაღლდება,
ყველა იბრძვის, ყველა ძლიერდება...

მაგრამ, რაც მთავარია, "ტულონი" ისევ იგებს. "ტულონს" შეუძლია, მოიგოს ყველგან და ყველა მეტოქის წინააღმდეგ. ამაში დარწმუნებული ვარ. გუნდი მოწადინებულია და ეს ბევრს ნიშნავს".

მამუკა გორგოძე მეტოქეებსაც აფასებს:

"მართალია, ბოლო დროს "ტულონი" საუკეთესო რაგბის ვერ აჩვენებს, მაგრამ ახლა უკვე შეუძლებელია ბრწყინვალე იყო ყოველ მატჩში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველი გუნდი, საფრანგეთშიც და ევროპაშიც, ჩვენ 200%-იანი მონდომებით გვეთამაშება.

ამას დავუმატოთ ტრავმები და ახსნა შესაძლებელია. ამ ყველაფრის მიუხედავად, "ტულონი" ჯერ კიდევ ხშირად იგებს".

ბოლო დროს მამუკას ხშირად შეცვლაზე უწევდა თამაში, თავად კი აცხადებს, რომ მუდამ სწყურია ბრძოლა:

"ბოლო სამ შეხვედრაში მონაწილეობა მივიღე. არ ვიტყვი, რომ იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ვამჯობინებ, მეტი დრო გავატარო მოედანზე. თუმცა ეს ყველაფერი მწვრთნელის გადასაწყვეტია და ის ამას გუნდის საკეთილდღეოდ აკეთებს.

ამიტომაც მე პატივი უნდა ვცე მის გადაწყვეტილებებს.

ჩემი ვალია, დავეხმარო გუნდს, რითაც შევძლებ, როცა ვითამაშებ. როცა თანაგუნდელებს ხედავ, გადაღლილებს, დასისხლიანებულებს, ერთსაათიანი ბრძოლის მერე, იცი, რაც უნდა აკეთო".

გორგოძე "ტულონიდან" წასვლას არ აპირებს:

"კონტრაქტით "ტულონს" მომდევნო სეზონის ბოლომდე ვეკუთვნი და ჯერ კიდევ ბევრი შემიძლია მივცე ამ კლუბს", - აცხადებს ქართველი მორაგბე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული