ქართველმა მორაგბემ ხელი რაგბის მოედანზე, შორტსა და ბუცებში მოაწერა

AutoSharing Option
23 სექტემბერს თბილისში უცნაური ქორწილი გადაიხადეს: თბილისის "ლელოს" მორაგბემ სანდრო ქოიავამ, იგივე ხაჭაპურამ, მარიამ დათუკიშვილთან ხელი პირდაპირ რაგბის მოედანზე, შორტსა და ბუცებში მოაწერა. "ამბები.გე" სანდრო ქოიავას დაუკავშირდა.

- სანდრო, გაბედნიერებას გილოცავთ. ხელის მოწერა ასე უჩვეულოდ რატომ გადაწყვიტეთ?
- ხელის მოწერაზე მეცვა - შორტი, რაგბის ბუცი და გეტრი, თეთრი პერანგი და მეკეთა შავი ბაფთა. მეუღლე კი ასე იყო შემოსილი: ეცვა ჩვენი გუნდის მაისური, მორაგბეთა ნაკრების შორტი, ბოტასი (იმ დღეს ვაჩუქე) და ეკეთა ფატა, რომელიც პატარა გვირგვინზე ჰქონდა მიმაგრებული. საერთოდ, ხელის მოწერისას
ჩვენი ასეთი ჩაცმულობა მან მოიფიქრა, ყველაფერი უეცრად გადაწყდა.

- რატომ?
- ამის მიზეზი ის იყო, რომ ერთად ცხოვრებას ვაპირებდით და ბანკიდან სესხის აღება გვინდოდა, სახლი რომ გვეგირავებინა. ბანკში რომ მივედით, გვითხრეს, რომ თანამსესხებლები ოჯახის წევრები უნდა იყვნენო. რადგანაც მე და მარიამს ხელი მოწერილი არ გვქონდა, გვითხრეს, რომ სხვა შემთხვევაში, თქვენზე სესხს ვერ გავცემთო. აგვიხსნეს და გაგვარკვიეს იმაშიც, თუ როგორ ავიღებდით ფულს: ხელი უნდა მოგვეწერა.

როდესაც ბანკიდან მარიამი სახლში მიმყავდა, მკითხა, რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთო? - ვუპასუხე, - როგორც შენ გინდა, ისე-მეთქი. ყველაფერი სწრაფად უნდა გაგვეკეთებინა.

ისე, იუსტიციის სახლში მაშინვე შეგვეძლო მისვლა, მაგრამ გვინდოდა, ჩვენი სიხარული სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა და მარიამმა საკუთარი იდეა გამანდო: მოდი, შენთან, რაგბის მოედანზე მოვაწეროთ ხელი, შენ ასე და ასე გეცმევაო, - რაც მეცვა, ყველაფერი ჩამომითვალა. გამეცინა. თავის ჩაცმულობაზე არაფერი უთქვამს, თუმცა დაამატა, - იქ მთელი შენი გუნდიც იქნება, ასეთივე უცნაური ჩაცმულობითო...

ეს ყველაფერი თავიდან სერიოზულად არ მიმიღია. მერე ჭკუაში დამიჯდა და დავეთანხმე. გუნდის წევრებსაც ვაცნობე ამის შესახებ. გუნდი ხომ ჩემი მეორე ოჯახია (5 წლიდან მანდ ვარ, უკვე 16 წელია), უმეტეს დროს მათთან ერთად ვატარებ.

ხუმრობა ეგონათ, არ იჯერებდნენ... მოკლედ, იდეა მომეწონა და ყველაფერი ორ დღეში დავგეგმეთ... მესამე დღეს კი უკვე ხელი მოვაწერეთ, მთელი გუნდი გვერდით დამიდგა. მეხმარებოდნენ, ყველა აგვყვა, უარი არაფერზე უთქვამთ.

მწვრთნელები, მეგობრები, მათი მეუღლეები, მათი შეყვარებულები, ყველა ისე იყო ჩაცმული, როგორც დავგეგმეთ. მოკლედ, ასეთი დრესკოდი გვქონდა.

- ხელი პირდაპირ რაგბის სტადიონზე მოაწერეთ?
- კი, გუნდმა ვარჯიში გადადო და იქ ცერემონია ჩატარდა...

- იუსტიციის სახლიდან წარმომადგენელი იქ მოვიდა?
- ის წარმომადგენელი ჩემი და იყო, რომელიც იუსტიციის სახლში მუშაობს და იმის უფლება ჰქონდა, რომ რიტუალი ჩაეტარებინა.

- ჯვრისწერას როდის აპირებთ?
- ჩემს უახლოეს ძმაკაცს, ლაშა ლომიძეს ველოდებით, რომელიც "მონტერეიში" თამაშობს. დეკემბერში ჩამოვა და მაშინვე ჯვარსაც დავიწერთ.

- საზეიმო სუფრა არ გქონიათ?
- როგორ არა, ტრადიციული სუფრა გვქონდა, რომელიც იქვე, მოედანზე იყო გაშლილი. მოედანზე იდგა მაყალი და ზოგი კურდღელს წვავდა და ზოგი - ღორის ხორცის მწვადს. ყველაფერი იქვე ხდებოდა...

- რას გვეტყვი შენს რჩეულ მარიამ დათუკიშვილზე? როგორ გაიცანი?..
- მარიამი პრინცესაა, - მე მას ასე ვეძახი. სამწელიწად-ნახევარი ერთად ვართ. ის დედაჩემის მხრიდან გავიცანი. დედა მერიაში მუშაობს და მარიამი წლების წინ იქ სტაჟირებაზე იყო. დედა სახლში რომ მოდიოდა, სულ მასზე მიყვებოდა ხოლმე.

ვეუბნებოდი, რომ არ მაინტერესებდა არანაირი მარიამი და არც მის შესახებ არანაირი ამბის მოსმენა. ვთხოვდი, ნუ მიყვები-მეთქი, რადგან არ მიყვარს, როდესაც მშობლები შვილის პირად ცხოვრებაში ერევიან, თან, ასე ვიღაცას რომ ურიგებენ. ასეთი რაღაცების მომხრე არ ვარ. თუმცა დედას ძალიან მოსწონდა და ეუბნებოდა კიდეც, ჩემი რძალი მინდა, რომ გახდეო.

ისე მოხდა, რომ მოგვიანებით მარიამი აუზზე მართლაც გავიცანი (თურმე ერთ აუზზე დავდიოდით). ბებიაჩემსაც მოეწონა და უთხრა, - ჩემი სანდროსთვის მინდიხარო...

მერე ტრავმა მივიღე და ოპერაცია გამიკეთეს. მარიამი, დედაჩემთან ერთად, იქ იყო და მგულშემატკივრობდა. ნარკოზიდან რომ გამოვედი, პირველად მას დავურეკე და ვუთხარი, კარგად ვარ-მეთქი. მიხვდა, რადგან პირველად მას შევეხმიანე, ის ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი იყო.

შემდეგ რეაბილიტაციის კურსის გავლაშიც დამეხმარა. ტრენაჟორებზე უნდა მევლო და სხვა გზა ავირჩიეთ, - მთელი დღის განმავლობაში თბილისი ქუჩებში ფეხით დავდიოდით...

- დღეს რას საქმიანობს მარიამი?
- ბანკის თანამშრომელია. ერთხელ, ერთად ფეხით სეირნობისას ბანკში შევედით, სივი შეავსო და დაურეკეს. მუშაობა დაიწყო და შტატში ჩასვეს.

- სანდრო, ხაჭაპურას რატომ გეძახიან?
- ძალიან მიყვარს ხაჭაპური და მწვრთნელმა წლების წინ მეტსახელად ხაჭაპურა შემარქვა. ყველა ხაჭაპურას მეძახის.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ასევე იხილეთ:
ქორწილია, ქორწილი! - თორნიკე შენგელია და ზაზა ფაჩულია დანათესავდნენ [ფოტო]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ღმერთმა დაგლოცოთ და გამრავლოთ!
kakha61
10:06 03-10-2013
0
გაიხარეთ!!!
gio kavsadze
13:49 03-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული