"მასის" ქართველი მწვრთნელი: ჩემი სამშობლო ყველაზე ლამაზია!

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში შვიდი ათეული ქართველი თამაშობს. იქვე რამდენიმე ჩვენებურმა კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას მიჰყო ხელი.

მათ შორის ერთ-ერთი და ყველაზე წარმატებული პარიზის გარეუბნის გუნდის, "მასის" თავკაცი ვიქტორ დიდებულიძეა. მისი გუნდი ამჟამად ელიტურ, მეორე დივიზიონში ასპარეზობს და 30 ქულით მე-13 ადგილზეა.

მასელები ამ დივიზიონში დასარჩენად ზედიზედ მეორედ იბრძვიან და თუ ეს შეძლეს, ელიტას მალე გაუშინაურდებიან. ყოველივე ამაში კი ლომის წილი სწორედ ვიქტორს მიუძღვის, რომელიც ექვსი წელიწადია "მასის" დამრიგებელია.

აღსანიშნავია, რომ ეს გუნდი ყოველთვის ყველაზე "ქართულ ფრანგულ გუნდად" ითვლებოდა.

ჩვენებურები იქ
მუდმივად უხვად თამაშობდნენ. ამჟამად კი "მასის" ღირსებას იცავენ: შალვა სუთიაშვილი, დავით აშვეთია, დავით დადუნაშვილი, ელიზბარ ყუფარაძე, ვახტანგ ახობაძე და გაგი ბაზაძე.

ახლახან ფრანგულ პრესაში ვიქტორ დიდებულიძესთან ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა. გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან:

"ვიქტორ დიდებულიძე საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი იყო და არაერთი კეპი აქვს მოხვეჭილი ეროვნულ გუნდში. მან ბრწყინვალედ იცის რაგბის ავანჩავანი. სანამ "მასიში" აღმოჩნდებოდა, ჯერ საფრანგეთის სამხრეთში, "ტარბს" მიაშურა. ის არის ქართველი, რომელსაც სიგიჟემდე უყვარს თავისი სამშობლო და "მასი".

- ვიქტორ, რამდენი წლის იყავით, როცა რაგბის თამაში დაიწყეთ?
- საქართველოს დედაქალაქში, თბილისში დავიბადე. თავიდან ძიუდოთი ვიყავი გატაცებული. 16 თუ 17 წლის ვიქნებოდი, ტრავმა რომ მივიღე და მეგობრებმა რაგბის სათამაშოდ წამიყვანეს. ის უმალვე ძლიერ შემიყვარდა, შეიძლება ითქვას, რომ რაგბით პირველივე დღეს "მოვიწამლე". მას შემდეგ მუდამ რაგბის მოთამაშე ვიყავი.

სპორტის მიმართ განსაკუთრებული ჟინი მქონდა. სწორედ ამიტომაა, როცა თამაშს თავი დავანებე, მწვრთნელობა დავიწყე. რაგბი ჩემთვის ცხოვრებაა და არ შემეძლო შუა გზაზე გაჩერება.

- იქნებ გაიხსენოთ ის გზა, რომელმაც "მასიმდე" მიგიყვანათ...
- ყველაფერი თითქოს ძალიან სწრაფად მოხდა. რაგბის თამაში რომ დავიწყე, პროგრესს მალე მივაღწიე. ამაში, ალბათ, ძიუდოში გატარებულმა წლებმა შემიწყო ხელი. თავიდან რვა ნომრის პოზიციაზე ვთამაშობდი; მერე, ასაკი რომ მომემატა, მეორე ხაზში გადავბარგდი.

სანამ ახალგაზრდა ვიყავი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ვთამაშობდი. მერე, 1989 წელს ქართული რაგბი საკავშიროს გამოეყო და საქართველოს ჩემპიონატის ორგანიზება მოვახერხეთ. ეროვნულ ნაკრებში პირველად 1993 წელს ვითამაშე, მაშინ 23 წლის გახლდით.

საქართველო საბოლოოდ 29 წლის ასაკში დავტოვე. იმ დროს ქართველ მორაგბეებს საფრანგეთსა და მსოფლიოში კარგად არ იცნობდნენ. ერთ-ერთი პირველი ვიყავი ლევან ცაბაძესა და გია რაფავასთან ერთად, ვინც კლოდ სორელის დახმარებით, ფრანგულ კლუბებში გადავბარგდით. კლოდი მერე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გახდა.

ჩემი პირველი ფრანგული გუნდი "მონპელიე" იყო, რომელიც მაშინ მეორე დივიზიონში ასპარეზობდა. იქ ერთი სეზონი გავატარე და მერე სამშობლოში დავბრუნდი. საბოლოოდ საფრანგეთისკენ გეზი 1999 წელს ავიღე, როცა "ტარბში" ჩავირიცხე. ეს გუნდიც მეორედივიზიონელი იყო. აქ სამი წელიწადი ვითამაშე. მერე ერთი სეზონი "ნიმში" გავატარე. ამას "ვალანსი" მოჰყვა, 2004 წელს კი "მასიში" ჩავირიცხე. 2008 წელს ამ გუნდის მწვრთნელი გავხდი.

- თქვენ "მასიში" შერკინების გაწვრთნა გევალებათ. რით განსხვავდება მორკინალებთან მუშაობა უკანახაზელებთან გარჯისგან? ამასთან, უნდა აღვნიშნოთ, რომ შერკინება "მასის" სადარბაზო ბარათია...
- განსხვავება ისაა, რომ ჩვენ უფრო ხშირად გვიწევს ერთი-ერთზე ბრძოლა ბურთის მოსაპოვებლად ან შესანარჩუნებლად, დაცვას თუ შეტევის ფაზებს ორგანიზებას მორკინალები უწევენ. თუ ჩვენ ძლიერები ვართ, უკანახაზელებისთვის თამაში იოლი ხდება; თუ არა და, პირიქით. ერთი სიტყვით, მორკინალობა დიდი პასუხისმგებლობაა.

სიმძლავრე, ტაქტიკური აზროვნება, ჭკუა - უმნიშვნელოვანესი თვისებებია, რომლებიც მორკინალებს უნდა ახასიათებდეთ. სამი წლის განმავლობაში, რაც "მასი" პროფესიულ დივიზიონში თამაშობს, ჩვენი შერკინება ყველაზე ორგანიზებულად და მძლავრად მიიჩნევა. განსაკუთრებით ძლიერები ჩვენი ბიჭები ერთი-ერთზე ბრძოლაში არიან.

- ათი წელიწადია, "მასიში" ხართ. ყველაზე მეტად რა გახარებთ ამ კლუბში? რა გახსენდებათ ყველაზე სასიამოვნოდ?
- "მასიში" ყველაზე მეტად მეგობრული ატმოსფერო მომწონს. ჩვენთვის ადამიანი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. ჩვენც ყველა ერთიანები ვართ ნებისმიერ დროს, მაშინაც, როცა ვაგებთ.

ყველაზე წინ ადამიანობას ვაყენებთ და ნამდვილად ერთი ოჯახივით ვცხოვრობთ.

ყველაზე სასიამოვნოდ დასამახსოვრებელი, პირველად რომ მეორე დივიზიონის საგზური მოვიპოვეთ, მაშინ განცდილი სიხარულია. სამი წელიწადი ვიბრძოდით ელიტაში აღზევებისთვის.

ჩვენ მაგრად დავაკაკუნეთ კარზე და ისიც გაიღო. ის დრო ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი პერიოდია.

- რამდენი კეპი გაქვთ მოპოვებული ეროვნულ ნაკრებში?
- ზუსტად არ მახსოვს, 49 თუ 50. როგორც უკვე გითხარით, პირველად ნაკრებში 1993 წელს ვითამაშე უკრაინის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ. მაშინ სათადარიგო ვიყავი და მოედანზე მეორე ტაიმში შევედი. 30 წუთი ვითამაშე, მაგრამ ის მატჩი არასდროს დამავიწყდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 2001 წელს მოვიგე ევროპის ერთა თასი, 2003 და 2007 წლებში კი მსოფლიოს თასის გათამაშებაში ვიასპარეზე.

- და მაინც, ბოლოს და ბოლოს, რა არის თქვენთვის რაგბი?
- რაგბი - ეს ყველაფერია... და არაფერია. ადამიანური ურთიერთობის გარეშე ის არაფერია. მაგრამ, თუ ყველაფერი რიგზეა, მას ამ ქვეყანაზე ვერაფერი ჯობია.

- რა შეგიძლიათ გვიამბოთ თქვენს სამშობლოზე, საქართველოზე?
- ჩემი სამშობლო საქართველო მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქვეყანაა. იქ დავიბადე, იქ გავიზარდე, ეს ჩემი მშობლიური ენაა, ჩემი ახლობლებია. საქართველოში ზაფხულობით ჩავდივარ ხოლმე შვებულებისას.

- ყველაზე მეტად რა მოგწონთ აქ, მასიში, პარიზთან ახლოს?
- 1999-2004 წლებში საფრანგეთის სამხრეთში ვცხოვრობდი. იქაურებს დიდი წარმოდგენა პარიზელებზე არ ჰქონიათ. ითვლებოდა, რომ ჩრდილოელები უფრო "ცივები" არიან ურთიერთობაში. ამიტომ, როცა მასიში გადმოვედი, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი.

დავრწმუნდი, რომ სამხრეთელები ცდებოდნენ. ხალხი აქ ძალიან მეგობრულია. ეს ყველაზე მეტად მომწონს.

- რაგბის გარდა, თუ გაქვთ კიდევ რაიმე გატაცება?
- პროფესიით ინჟინერ-გეოლოგი ვარ. მიყვარს ტოპოგრაფიული მოდელების კეთება, განსაკუთრებით კი, ხიდების მშენებლობის. ძალიან მიყვარს ჩემი ეს პროფესია, მაგრამ რაგბი მისთვის ძალიან ცოტა დროს მიტოვებს.

- დაბოლოს, თქვენ ხშირად უსმენთ ერთ სიმღერას...
- ეს არის უცნობის სიმღერა - "მზეს ველოდები". ის ჩემს სამშობლოზეა, ცოტა ნოსტალგიურია და როცა ვუსმენ, სამშობლოსკენ მიმიწევს გული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვიკა ვამაყობთ შენით.
suramelebi.
14:51 03-05-2015
0
ვიკააა ყოჩაღ, ვამაყობ შენით, წარმატებებს გისურვებ
ვიკა
23:42 29-12-2017
0

სიახლეები პოპულარული