გიორგი ნიჟარაძე: ფეხბურთის ფედერაციასთან უნდა ვითანამშრომლოთ

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ, რომელიც ინგლისსა და უელსში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშებიდან ერთი კვირის წინათ დაბრუნდა, "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" პრესკონფერენცია გამართა.

გარკვეული თემების შესახებ ჩვენი გაზეთის მკითხველმა მასთან გაკეთებული ექსკლუზიური ინტერვიუდან შეიტყო.

ამჯერად, ყურადღებას იმ თემებზე გავამახვილებთ, რომელთა შესახებაც გიორგი ნიჟარაძეს ინტერვიუში არ უსაუბრია.

გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:

"2019 წლის მსოფლიოს თასზე ავტომატურად გასვლით, მინიმუმ, ერთი საფეხურით ავმაღლდით. ახლა წინ გვაქვს ოთხი წელიწადი, რომელიც უნდა მოვახმაროთ იმ გუნდის მშენებლობას, რომლითაც იაპონიაში კიდევ უფრო მეტს უნდა მივაღწიოთ.
მაგრამ ეს იქნება ურთულესი და უმძიმესი ოთხი წელიწადი.

კენჭისყრის წინ კალათები რომ შედგება, ჩვენ ქვევით იქნებიან ისეთი გუნდები, სამოა, ფიჯი და ტონგა რომ არიან. ამიტომ სასწრაფოდ უნდა დავივიწყოთ ეს ეიფორია და შევიმუშაოთ პროგრამა, რომლითაც 2019 წელს მეტ წარმატებას მივაღწევთ. ამისათვის დაგვჭირდება სახელმწიფოს, კერძო სექტორის და გულშემატკივრების მხარდაჭერა...

ჯერჯერობით ვრჩებით ერთა თასზე, მაგრამ არ მივიღებთ მონაწილეობას მსოფლიო თასის შესარჩევ ტურნირში. როგორ მოხდება ეს, გააუქმებენ თუ არა ჩვენთან თამაშის ქულებს, ჯერ უცნობია.

ევროპას მომავალ მსოფლიოს თასზე დამატებითი ადგილი უნდა მიეღო, თუმცა, "მსოფლიო რაგბიმ" ამაზე უარი თქვა და კონფლიქტური სიტუაცია წარმოიქმნა. ახლა ცნობილია, რომ მსოფლიოს თასზე გავა ერთა თასის გამარჯვებული და მეორეადგილოსანი ითამაშებს რეპეშაჟს. ეს ყველაფერი იმის გამო შეიცვალა, რომ კუნძულელებიდან ვინმე გარეთ არ დარჩეს და წყნარი ოკეანის თასის პირველ-მეორეადგილოსნები 2019 წლის იაპონიის საგზურს მიიღებენ, ხოლო დანარჩენები რეგიონალურ შესარჩევებში იბრძოლებენ.

დანამდვილებით ვიცით, რომ ორი წელიწადი რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ. გვინდა, რომ ივნისის თბილისის თასის ნაცვლად, სამხრეთში სამი ტესტი ჩავატაროთ და კიდევ სამი ტესტ-მატჩი ნოემბერში.

ჩვენი მოთხოვნაა, რაც შეიძლება მეტი ვეთამაშოთ სამხრეთელებს და წელიწადში ერთხელ მაინც შევხვდეთ პირველი დონის ნაკრებს. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ "მაორებთან" და თუ სპონსორი ვიშოვეთ, მათ თბილისში ჩამოვიყვანთ. მოგეხსენებათ, ახალ ზელანდიასთან თამაში სუფთა კომერციის საკითხია და ის 2 მილიონი ჯდება, "მაორების" ჩამოყვანა კი შედარებით იაფი დაგვიჯდება.

სამწუხაროდ, ექვსი ერის ქვეყნებმა, საფრანგეთის გარდა, უარი თქვეს 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის "ელიტ დივიზიონში" მონაწილეობაზე, სადაც ბოლო დროს "უმცროსი ბორჯღალოსნები" წარმატებით თამაშობდნენ და წლევანდელ ტურნირში ფინალშიც ითამაშეს.

სამაგიეროდ, სახეცვლილ ტურნირში მონაწილეობის გარდა, იგეგმება 18-წლამდელების მატჩები მაღალი დონის მეტოქეებთან. გარდა ამისა, საუბრებია 20-წლამდელთათვისაც მეტი თამაშის გამართვაზე ძლიერ მეტოქეებთან - შეგახსენებთ, რომ 20-წლამდელები 2016 წელს მანჩესტერში გასამართავ მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას, 2017 წელს კი ამ ტურნირს უკვე საქართველოში ვუმასპინძლებთ.

უახლოეს 4 წელიწადში ჩვენი პრიორიტეტი უნდა გახდეს 18 და 20-წლამდელთა ნაკრებები, რადგან იაპონიაში ამ ბიჭებიდან ბევრი ითამაშებს. ბევრი პრობლემა მარტივად მოგვარდება, თუ მსოფლიოს ვანახებთ, რა დონეზე შეგვიძლია 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა და ამისათვის ყველამ მაქსიმუმი უნდა გავიღოთ.

აუცილებელია, უკვე დაიწყოს მოედნების მშენებლობა, რადგან ბალახის გამაგრებას დაახლოებით 1 წელიწადი სჭირდება.

სახელმწიფოს დახმარებით, ჩვენი და ფეხბურთის ფედერაციის შეთანხმებით, ჯამში 30 სავარჯიშო მოედანი მოეწყობა, რომელთაგან 15 ჩვენ, 15 კი ფეხბურთის ფედერაციას დარჩება. ვფიქრობ, რომ ფეხბურთის ფედერაციასთან მაქსიმალურად მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ, რადგან ორივეს გვჭირდება მარტივი ტიპის სავარჯიშო მოედნები...

ახალგაზრდულ ნაკრებებში აუცილებლად ქართველი მწვრთნელები იმუშავებენ. დეკემბერში ახალ ზელანდიაში, ძლიერ კლუბში სტაჟირებას გაივლის 5 ქართველი მწვრთნელი. აუცილებელია, რომ დავეხმაროთ კლუბებსაც მწვრთნელების გადამზადებაში, რადგან განათლება უნდა გახდეს ჩვენთვის პრიორიტეტი.

ეროვნული ჩემპიონატი ამ ყველაფრის საფუძველია და სხვა მხრივაც უნდა დავეხმაროთ კლუბებს. 400 ათასი ლარით შეუძლებელია, რომ კლუბმა შეინახოს საქართველოს ჩემპიონატის, დუბლებისა და ახალგაზრდული გუნდები. მათი ფინანსური მხარდაჭერა აუცილებლად გასაზრდელია.

კლუბებს მთავრობა და კერძო სექტორი უნდა დაეხმაროს. მნიშვნელოვანია ქართული კლუბების ევროტურნირებში ჩართვა. ამისათვის სახელმწიფო პროგრამაში უნდა ჩაიდოს თანხა და ის მიიღოს ჩემპიონმა გუნდმა ევროთასებზე თამაშისთვის...

საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" მხარდაჭერით, მიმდინარეობს სტადიონების მშენებლობა თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, დიღომში - "ლოკომოტივის" ბაზა, თელავში, ბათუმში, გორში, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი სიახლე არაა დიღომში სანაკრებო სტადიონის მშენებლობაზე".

სხვა საკითხების გარდა, გიორგი ნიჟარაძემ განაცხადა, რომ იგი საქართველოს რაგბის კავშირის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს:

"ამ ოთხი წლის განმავლობაში იმდენი რამაა გასაკეთებელი, რომ ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება ქართულ რაგბის გამოადგება და გადავწყვიტე, პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა მივიღო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნამდვილად საჭიროა ახალი სტადიონები რაგბისათვის...სირცხვილია ასეთი ნაკრები გვყავს და ერტი ნორმალური სტადიონი არ გვაქვს...ეს კაცი აუცილებლად უნდა დარჩეს ფედერაციის პრეზიდენტად. იმდენი რამე გააკეთა, რომ აუცილებელია მისი გამოცდილება მოხმარდეს ქართულ რაგბს...წარმატებები
mamuka
17:14 10-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული