"მორალურად განადგურებულია" - რა დეტალებს ამხელს მეკო კვირიკაშვილის ადვოკატი

AutoSharing Option
2016 წლის 21 ივლისს სამტრედია-ქუთაისის გზაზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა.

ერთმანეთს ორი მსუბუქი მარკის ავტომობილი შეეჯახა, მათგან ერთ-ერთს მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი მართავდა. ძლიერი შეჯახების დროს ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია, ასევე მათი მეგობარი ანი ჩხაიძე.

შემთხვევის დროს კვირიკაშვილის ავტომობილში იმყოფებოდნენ მისი მეუღლე ანანო ბუაძე და მორაგბე გიორგი ლომინაძე მეუღლესთან ერთად. ოთხივე დაშავებული საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს. რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე.

მომხდარი ტრაგედიიდან რამდენიმე თვის შემდეგ მერაბ კვირიკაშვილი სტადიონს დაუბრუნდა,
რასაც საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა. მავანი მორაგბის დასჯას ითხოვს, მეორენი კი ფიქრობენ, რომ გამოძიების დასრულებამდე მორაგბისკენ თითის გაშვერა არასწორია.

იმის გასარკვევად, თუ რა ეტაპზეა გამოძიება სამტრედია-ქუთაისის გზაზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით, Ambebi.ge მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატს, ნუკრი კვინიკაძეს დაუკავშირდა:

- ბატონო ნუკრი, რა ეტაპზეა მეკო კვირიკაშვილის ავტოავარიის საქმის გამოძიება?
- ჯერჯერობით გამოძიება არ დასრულებულა, ამიტომ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ.

- ამბობენ, რომ ავარია მესამე მძღოლის გამო მოხდა, რომელმაც გზაზე საავარიო სიტუაცია შექმნა... რას იხსენებს მეკო ავარიის დღეზე?
- როგორც მეკო ამბობს, მათ ზოლში გადმოვიდა მანქანა, რომელსაც გასწრება უნდოდა, შეიქმნა საავარიო ვითარება, ამიტომ მეკომ მიიღო შესაბამისი ზომები, რა დროსაც მოუცურდა მანქანა და სხვა ავტომობილს შეეჯახა.

- დაკითხულია მძღოლი, რომელმაც საავარიო სიტუაცია შექმნა?
- იმ მანქანასთან შეჯახება არ მომხდარა. ამ ეტაპზე იმ პირის დადგენა მიმდინარეობს, რომელმაც შექმნა საავარიო სიტუაცია. არსებობენ თვითმხილველები, რომლებიც აღწერენ იმ ავტომობილს.

- ამბობენ, მეკო ნასვამი იჯდა საჭესთან და 300 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა...
- ენას ძვალი არ აქვს. მეკო არ იყო ნასვამი და არც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. მას მოუცურდა ავტომობილი, მე როგორც ექსპერტმა ვიცი, რომ როცა მანქანა მოცურდება, იქ მძღოლი ვერაფერს მოახერხებს. შემხვედრი ავტომობილი უფრო დიდი სიჩქარით მოძრაობდა, რადგან შეჯახების დროს მოხდა მოძრაობის შეჩერება. ექსპერტიზის დასკვნები არსებობს, რაც ადასტურებს ამ ყველაფერს.

- როგორ გადარჩა უვნებლად მეკო კვირიკაშვილი?
- ეს ღმერთის ნება იყო. შეჯახება მოხდა მარჯვენა ნაწილებით, ის ადგილი, სადაც მეკო იჯდა, დაზიანებული არ არის.

- ამბობენ, ავარიის დროს მეკომ ავტომობილს ურტყა თავი, მართალია?
- მხოლოდ მეკო არ ჩავარდა ამ დღეში, მოგეხსენებათ ტრაგედია მოხდა და მძიმე სანახავი იყო ეს თვითმხილველებისთვის. მეკო მორალურად განადგურებულია, წარმოგიდგენიათ, რამხელა ტრაგედია დაატყდა თავს? ოთხი შვილი დარჩა, გარდაეცვალა მეუღლე, მძიმედ დაშავდნენ მისი მეგობრები და დაიღუპა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მათი მეგობარი გოგონა. არც უნდოდა ადვოკატის აყვანა, მისი ოჯახის წევრებმა მომმართეს დახმარებისთვის. საბედნიეროდ კარგი მეგობრები ჰყავს და ყველა ცდილობს ერთი წუთითაც არ დატოვონ მარტო. ის ძალიან ცუდად არის და განიცდის. კითხულობს რასაც წერენ მასზე სოციალურ ქსელში და კიდევ უფრო განიცდის.

- როგორ ფიქრობთ, დადგება გამამტყუნებელი განაჩენი?
- ჯერჯერობით მიმდინარეობს გამოძიება, მე ვთვლი, რომ მეკოს ბრალეულობა არ ყოფილა. გამოძიების და ჩვენი მტკიცებულებების შემდეგ გამოჩნდება გამამტყუნებელი განაჩენი დადგება თუ არა.

წყარო: Ambebi.ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
ფუ თქვენი. რა მდაბიო და პატარები ხართ.. ადამიანისკენ თითს იშვერთ, ანადგურებთ, გვერდით დგომა რომ სჭირდება და გამხნევება წიხლს აჭერთ. რა ორღობის პატარა სულის ჭორიკნებივით საუბრობთ1 მეკო მაგრად იყავი, გაძელი და იცოდე, რომ არიან ისეთი ადამიანები და მწამს უმრავლესობა ასეთია ვინც გვერდით გიდგას.!
Nika
12:53 07-11-2016
0
არავის არ ვამტყუნებ, მაგრამ , მეკო ტუ დამნაშავეა იმის გამო არ უნდა იაროს გარეტ რომ მორაგბეა
zura
12:20 07-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული