სამი ერის წლევანდელი გათამაშება სკანდალებითა და მხიარული ამბებით აღსავსე გამოდგა. გუშინ ავსტრალიურ გაზეთებში დაიბეჭდა ფოტო, რომელიც ერთ-ერთმა მელბურნელმა ფოტოკორესპონდენტმა ახალი ზელანდიის ნაკრების ვარჯიშისას გადაიღო.
სურათზე აღბეჭდილია დაცვაში თამაშის სქემები, რომელთა დამუშავებასაც "ოლ ბლექსის" მწვრთნელი გრემ ჰენრი ვარჯიშისას აპირებდა. ფურცელი, რომელზეც ეს სქემებია გამოსახული, ხელში ახალზელანდიელთა თავკაცს უჭირავს.
ამ ფაქტმა, ბუნებრივია, ახალზელანდიელთა აღშფოთება გამოიწვია:
"ჩვეულებრივი ამბავია, რომ პრესის წარმომადგენლებს რამდენიმე წუთით ვარჯიშზე დასწრების უფლებას ვაძლევთ. მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა ნდობა ბოროტად გამოიყენა
გუშინ მთელი ვარჯიში დაცვაში თამაშს დავუთმეთ და მიუხედავად იმისა, რომ დამუშავებული სქემები მეტოქისთვის ხელმისაწვდომი გახდა, მაინც არაფრის შეცვლას ვაპირებთ. შაბათ საღამოს რაგბის ქომაგს ღირსეული კაცების ბრძოლის ხილვა ელის და არა მგონია, ერთი უტაქტო ადამიანის საქციელმა, ერთმა ფოტომ რამეზე გავლენა იქონიოს" - თქვა ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა სტივ ჰენსენმა.
ცხადია, მომხდართან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა "ვოლაბების" მწვრთნელთა შტაბმაც. ავსტრალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ჯიმი ვილიამსი ამტკიცებს, რომ ისინი არ აპირებენ თავიანთ მუშაობაში რაღაც ფოტოთი იხელმძღვანელონ.
"გუნდი გეგმის მიხედვით ემზადება და მომავალი უძნელესი თამაშისთვის მხოლოდ თავისი ტაქტიკური მონახაზის დამუშავებითაა დაკავებული. უფრო მეტიც, ვფიქრობთ, ამ ამბის ზედმეტად აჟიტირება ხდება. ეს ფაქტი რაც შეიძლება მალე უნდა დავივიწყოთ და კონცენტრირება მთლიანად თამაშზე გადავიტანოთ" - თქვა ვილიამსმა
ამ ეპიზოდმა ყველას 2008 წელს გოლფში "რეიდერ კაპის" გათამაშებაში მომხდარი გაახსენა. მაშინ ფოტოგრაფმა თამაშის დამწყებთა სია დააფიქსირა, რომელიც ევროპელთა კაპიტან ნიკ ფელდოს ეჭირა და... ევროპელებმა აშშ-ის ნაკრებთან წააგეს.