ბოკემ წაგებათა სერია შეწყვიტა

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკა-ავსტრალია 44:31

სამი ერის გათამაშების დასრულებამდე ორი შეხვედრაღა დარჩა. გასულ უქმეებზე პრეტორიაში სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა ავსტრალიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში - 44:31 დაამარცხა.

"ბოკემ" სამი ერის გათამაშებაში ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ პირველად მოიგო. შესაძლოა, ეს გამარჯვება გარდამტეხი აღმოჩნდეს მსოფლიოს ჩემპიონებისთვის. მართალია, წლევანდელ გათამაშებაში "ბოკე" მეორე ადგილით უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა პოტენციალი რომ გაცილებით დიდი აქვს, ვფიქრობთ, სადავო არ არის.

სამხრეთაფრიკელთა კაპიტნის, ჯონ სმიტისგან განსხვავებით, რომელსაც ასიანთა კლუბში შესვლა ახალი ზელანდიის ნაკრებთან წაგების გამო ჩაუმწარდა, მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მეორეხაზელმა
ვიქტორ მეტფილდმა ეს ღირსახსოვარი ამბავი გამარჯვებით აღნიშნა. "ბოკეს" ლიდერმა ავსტრალიის ნაკრებთან მატჩში მე-100 კეპი მშობლიურ ქალაქში მოიპოვა და, როგორც ყოველთვის, ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
თამაშიც ბრწყინვალე სანახავი გამოდგა. მაყურებელმა ლელოების ფოიერვერკი იხილა და საკუთარი გუნდის გამარჯვებით კმაყოფილმა დატოვა "ლოფტუს ვერსფილდი".

არადა, სამხრეთაფრიკელთათვის თამაში ძალიან ცუდად, ლამის კატასტროფულად დაიწყო. "ვოლაბებმა" თავიდანვე სწრაფი ტემპი შესთავაზეს მასპინძლებს და ხუთ წუთში ორი ლელო გაუტანეს. ანგარიში მე-2 წუთზე ცხრა ნომერმა ვილი გენიამ გახსნა. სამ წუთში კი ახალგაზრდა გარემარბმა ჯეიმზ ოკონორმა ფლანგზე გაინავარდა. ორივე ლელო შუამარბმა მეთ გიტომ გარდასხა და ავსტრალიის ნაკრები 14:0 დაწიანურდა.

ასეთი დასაწყისი, ცხადია, სამხრეთაფრიკელთათვის მოულოდნელი იყო, მაგრამ არ დაბნეულან და მომდევნო ათ წუთში სტუმრებს შტურმი მოუწყვეს. მე-8 წუთზე თავი "ბოკეს" მესამეხაზელმა ჟუან სმითმა გამოიჩინა, ლელო მგეზავმა მორნი სტეინმა გარდასხა - 7:14.

შეტევაში გართულებს ორი წუთის შემდეგ ისევ ავსტრალიელთა გარემარბ ოკონორის იერიში გამოეპარათ, რომლის მიერ გატანილი ლელო გიტომ გარდასხა და ანგარიშში 14-ქულიანი სხვაობა აღადგინა - 21:7.

"ბოკეს" ყურები არც ამის შემდეგ ჩამოუყრია. სამ წუთში მასპინძელთა მორკინალების მიძალება პირველხაზელი ხუთრო სტენკამპის ლელოთი დასრულდა. სტეინმა ესეც გარდასახა - 14:21. ცამეტ წუთში ხუთი ერთმანეთზე უკეთესი ლელო ასეთი დონის თამაშებში იშვიათობაა. თამამად შეიძლება ითქვას, მსგავსი რამ თუნდაც სამი ერის გათამაშების ისტორიას არ ახსოვს.

ესეც არ იკმარეს და ჯერ 25-ე წუთზე "ვოლაბების" მეორეხაზელმა დენ მამმა მიითვალა მორიგი ლელო, მერე კი, ექვს წუთში "ბოკეს" მესამეხაზელმა პიერ სპისმა გამოიჩინა თავი. შუალედში მასპინძელთა მგეზავმა მორნი სტეინმა ერთი საჯარიმოც გაიტანა და ტაიმი სტუმრებმა 28:24 მოიგეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში გიტომ და სტეინმა საჯარიმოები გაცვალეს - 27:31. 49-ე წუთზე კი გუნდში მიბრუნებულმა ფულბეკმა ფრანსუა სტეინმა მატჩში გარდათეხის შემტანი ლელო გაიტანა, რომელიც მისმა მოგვარემ გარდასხა - 34:31.

ავსტრალიელებმა დარჩენილ 30 წუთში საკუთარ მონაგარს ვეღარაფერი შემატეს. ფრანსუა სტეინმა კი 67-ე წუთზე საჯარიმოთი კიდევ უფრო დააწინაურა თავისიანები - 37:31. "ბოკეს" გამარჯვებას კი ბეჭედი გარემარბ ჯონ პაულ პიტერსენის ლელომ დაუსვა, გარდასახვა შეცვლაზე შესულმა ბუჩ ჯეიმზმა გაიტანა - 44:31


სამხრეთ აფრიკა (15-9) ფ.სტეინი, პიტერსენი, ფური, დე ფილიერსი, ჰაბანა, მ.სტეინი (ჯეიმზი 65), ჰუგარი. (1-8) სტენკამპი, სმიტი (რელეპელე 59) , დუ პლესი (ფან დერ ლინდე 54), ფან დერ მერვე (როსუ 49), მეტფილდი, ბურხერი, სმითი, სპისი.
5ლ: სტენკამპი, სმითი, სპისი, პიტერსენი, ფ.სტეინი. 5გ: მ.სტეინი (4), ჯეიმზი. 3ს: მ.სტეინი (2), ფ.სტეინი.
ავსტრალია (15-9) ბეილი, ოკონორი, ეშლი-კუპერი, გიტო, მიტჩელი, კუპერი, გენია. (1-8) რობინსონი, ფაინგაა, მააფუ (სლიპერი 55), მამი, შარფი (საიმონსი 65), ელსომი, პოკოქი, ბრაუნი (მაკკალემნი 59).
4ლ: ოკონორი (2), მამი, გენია. 4გ,ს: გიტო.
მსაჯი: ალან როლანი (ირლანდია)


სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. ახ.ზელანდია 5 5 0 0 +72 23
2. ს.აფრიკა 5 1 0 4 -45 6
3. ავსტრალია 4 1 0 3 -27 4
სამი ერი
4 სექტემბერი
სამხრეთ აფრიკა-ავსტრალია
11 სექტემბერი
ავსტრალია-ახალი ზელანდია




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული