"ვოლაბებმა" ბოლო წლებში პოზიციები საგრძნობლად დათმეს. ამაში დამნაშავედ ახალზელანდიელი თავკაცი რობი დინის სცნეს, რომელსაც კონტრაქტი ამოწურვამდე გაუწყვიტეს.
ავსტრალიის ნაკრების ახალ მწვრთნელად ბრისბენის "რედსის" ყოფილი თავკაცი ევან მაკკენზი დაინიშნა, რომელმაც ეროვნული გუნდის მწვრთნელთა შტაბის დაკომპლექტება ახლახან დაასრულა.
მან თანაშემწედ ჯიმ მაკკეი მიიწვია, რომელთან ერთადაც "წითლებს" ოთხი წლის განმავლობაში წვრთნიდა. ეს უკანასკნელი "ვოლაბების" შერკინების დამრიგებელი იქნება.
მის გარდა მაკკენზის გუნდის გაწვრთნაში ნიკ სკრივენერი და ენდრიუ ბლედისი დაეხმარებიან, რომლებიც, შესაბამისად, დაცვის დახვეწასა და ცალკეული
"ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მაკკენზი და მაკკეი ბრისბენის "რედსში" ნაყოფიერად მუშაობდნენ და წარმატებასაც მიაღწიეს. ახლა მათ შანსი ეძლევათ, თავიანთი თანამშრომლობით ავსტრალიის ნაკრებსაც დაუბრუნონ ძველი დიდება." - თქვა ავსტრალიის რაგბის კავშირის გენერალურმა დირექტორმა ბილ პულვერმა.
ცხადია, უმნიშვნელოვანესი შეჯიბრების წინ ასეთი რადიკალური ცვლილებები დიდ რისკთანაა დაკავშირებული.
შეძლებს თუ არა მაკკენზი მოკლე დროში ახალ ასისტენტებთან ერთად ავსტრალიის ნაკრები კონკურენტუნარიან გუნდად აქციოს, ძნელი სათქმელია. ფაქტია, მას სამუშაო ბევრი აქვს.
"კარგად მესმის, რომ ურთულეს საქმეს შევეჭიდეთ. გუნდის თამაშში რადიკალური ცვლილებების განხორციელება ოთხი ერის დაწყებამდე ძალიან ძნელია. ჩვენ უარი ვთქვით შერკინებისა და უკანა ხაზის ცალ-ცალკე ვარჯიშზე. ეს კონცეფცია სათამაშო რგოლების პოლარიზაციას იწვევს.
ოთხი ერის გათამაშების დაწყებამდე დარჩენილ დროში ყურადღებას ტაქტიკური მონახაზების დახვეწას დავუთმობთ.
მერე კი ჩემი ასისტენტების სპეციალიზაციას ჩავრთავ საქმეში. მართალია, მწვრთნელთა შტაბში სხვადასხვა გამოცდილების მქონე სპეციალისტები მოხვდნენ, მაგრამ ჩვენ ყველას გვიმუშავია რამდენიმე გუნდთან, როგორც ავსტრალიაში, ისე ევროპაში.
ეს დაგვეხმარება, როცა ერთად შევიკრიბებით და იმედი გვაქვს, ყველა წინააღმდეგობას მალე დავძლევთ" - თქვა ავსტრალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ევან მაკკენზიმ, რომლის ხელმძღვანელობითაც "ვოლაბები" პირველ მატჩს 17 აგვისტოს სიდნეიში ახალი ზელანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.
ევან მაკკენზიმ ავსტრალიელთა გაფართოებული შემადგენლობა უკვე დაასახელა. პირველი რაც მან გააკეთა, მგეზავის ქუადე კუპერის გუნდში დაბრუნება იყო, რომელსაც ყოფილ თავკაცთან, რობი დინსთან ურთიერთობა უკიდურესად დაეძაბა და ნაკრებში წელიწადზე მეტია არ უთამაშია.
"როცა თამაშს, გუნდს, მეგობრებს მოწყვეტილი ხარ, ბევრ რამეზე ფიქრობ. საგნებს სხვაგვარად უყურებ და შეხედულებათა გადაფასება ხდება. თუ ისევ გუნდში დაბრუნება გინდა, დაუღალავად უნდა იშრომო. თუ გაგიმართლა და დაგაბრუნეს, ყველაფერი უნდა იღონო, რომ ნდობა გაამართლო.
ძალიან მიხარია, რომ ავსტრალიის ნაკრების კვართს ისევ მოვირგებ, ისევ ჩემს მეგობრებს დავუბრუნდი და მათთან ერთად მომიწევს ბრძოლა.
მგეზავის პოზიციაზე ნაკრებში, როგორც წესი, გაცხარებული კონკურენციაა. გუნდში ჩემ გარდა კიდევ ორი შესანიშნავი #10 გამოძახებული, რომლებსაც კლუბებში შესანიშნავი სეზონი ჰქონდათ.
ვეცდები, დავამტკიცო, რომ მეც მათ გვერდით შემთხვევით არ მოვხვედრილვარ" - თქვა "ვოლაბების" 25 წლის მგეზავმა ქუადე კუპერმა.
მის არყოფნაში მგეზავის პოზიცია ჯეიმზ ოკონორს ეკავა, რომელსაც მაკკენზი, სავარაუდოდ, ფულბეკად გაამწესებს. კუპერი კი ისევ ცხრა ნომერ ვილი გენიას შეუწყვილდება.
მათი დუეტი დიდი ხნის მანძილზე შესანიშნავად ირჯებოდა ბრისბენის "რედსის" შემადგენლობაში და არანაკლებ ეფქტური იყო ნაკრებში ასპარეზობისასაც.
ავსტრალიის ნაკრებს ტრავმების გამო ექვსი წამყვანი მოთამაშე დააკლდება. ესენია: ქართლი ბეილი, ვიკლიფი პალუ, დევიდ პოქოკი, დიგბი იოანი, პეტ მაკკები და სკოტ ჰიგინბოთამი.
კიდევ სამი მორაგბე, რომლებიც ძირითადი გუნდის მოთამაშეებად მოიაზრებიან, საასპარეზოდ საზღვარგარეთ გაემგზავრნენ და, შესაბამისად, ეროვნულ გუნდს ვეღარ დაეხმარებიან. ესენია: ბერიკ ბარნსი, დრიუ მიტჩელი და სიტალეკი ტიმანი.
ავსტრალია
შერკინება: ბენ ალექსანდერი, დეივ დენისი, კენ დუგლასი, საია ფაინგაა, სკოტ ფერდი, ლიამ გილი, მაიკ ჰუპერი, ჯეიმზ ჰორვილი, სეკოპე კეპუ, პიტერ კიმლინი, ბენ მაკკალმენი, ჰოგ მაკმენიმანი, სტივენ მური, ბენ მოვენი, ტატაფუ პოლოტანაუ, ჰოგ პაილი, ბენ რობინსონი, პედი რაიანი, ჯეკ შაცი, რობ საიმონსი, სკოტ სიო, ჯეიმზ სლიპერი.
უკანა ხაზი: ადამ ეშლი-კუპერი, პიტერ ბეთამი, ქუადე კუპერი, ნიკ კამინსი, ენტონი ფაინგაა, კრის ფეაუაი-საუტია, იზრაელ ფოლაუ, ბერნარდ ფოლეი, ვილი გენია, მაიკ ჰარისი, ტევიტა კურიდრანი, კრისტიან ლეალიფანო, ჯეს მოგი, ჯეიმზ ოკონორი, ნიკ ფიპსი, ჯო ტომანე, მეთ ტოომუა, ნიკ ვაითი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"