ოთხი ერი: ფავორიტი ლიდერის წინააღმდეგ

AutoSharing Option
4 ერის წლევანდელმა გათამაშებამ ეკვატორი გადალახა და 14 სექტემბერს მეოთხე ტურის 2 მატჩი გაიმართება.

მსოფლიოს საუკეთესო ნაკრები - ახალი ზელანდია ედენ პარკზე სატურნირო ცხრილის ლიდერს, სამხრეთ აფრიკის ნაკრებს უმასპინძლებს და შეეცდება პირველობა ჩამოართვას.

ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა
1994 წლის შემდეგ "ოლ ბლექსი" ამ სტადიონზე დაუმარცხებელია და თავდაუზოგავად იბრძოლებს, რათა ეს წარმატებული სერია გააგრძელოს, თუმცა "სპრინბოქსიც" შესანიშნავ სპორტულ ფორმაში იმყოფება - მათ გასულ ტურში ავსტრალიის ნაკრები ბრისბენში სარეკორდო - 26 ქულიანი სხვაობით დაამარცხეს და ბონუს ქულაც ირგუნეს.

არგენტინასთან მოგებული მატჩის
მიუხედავად, მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა ძირითად შემადგენლობაში ერთბაშად 5 ცვლილება განახორციელა: შერკინების პირველ ხაზში ბურჯის პოზიციაზე ჩარლი ფაუმუინას ნაცვლად გამოცდილი ოუენ ფრენქსი იასპარეზებს, ხოლო კვაჭად დენ კოული ენდრიუ ჰორის ჩაანაცვლებს.

მძიმე ტრავმა მიიღო და წლის ბოლომდე ნაკრებს დააკლდება გუნდის კაპიტანი რიჩი მაქქოუ, მის ადგილს სემ კენი დაიკავებს, ხოლო მღლეტავის პოზიციაზე ლიამ მესამი სტივ ლუატუას ჩაანაცვლებს. შუამარბის პოზიციაზე ძირითად შემადგენლობაში ბრუნდება მაა ნონუ, რომელიც სავარაუდოდ რამოდენიმე დღეში გააფორმებს კონტრაქტს - ფრანგულ "კლერმონთან" ევროპულ რაგბიში გადმობარგდება.

ტრავმა სრულიად მოირჩინა და მწყობრში გახლავთ გუნდის ძირითადი მგეზავი დენ კარტერი, რომლის ფეხჩუბინობაზეც ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული დღევანდელ მატჩში.

საზეიმო განწყობაა "სპრინბოქსის" ბანაკში და გასაკვირი ნამდვილად არ გახლავთ ის ფაქტი, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჰაინეკ მაიერმა "ვოლაბებთან" მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ უცვლელი დატოვა სასტარტო შემადგენლობა.

სანაკრებო გასვლით მატჩებში თანაგუნდელებს კვლავ ვერ ეხმარება გამოცდილი, 31 წლის ჰავბეკი ფური დუ პრე, რომელსაც იაპონური კლუბი არ ანთავისუფლებს, თუმცა მისი შემცვლელი - უნივერსალი რუან პიენაარი მშვენივრად ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

ახალი ზელანდია: 15. იზრაელ დაგი 14. ბენ სმიტი 13. კონრად სმიტი, 12. მაა ნონუ, 11. ჟულიან სავეა 10. დენ კარტერი 9. აარონ სმიტი 8.კირონ რიდი 7.სემ კენი, 6.ლიამ მესამი 5. სემ ვაითლოქი 4.ბროდი რეტალიკი 3. ოუენ ფრენქსი 2.დენ კოული 1. ტონი ვუდკოკი
სათადარიგოთა სკამი: 16. კევინ მეალამუ 17. ვაით ქროქეთი 18. ჩარლი ფაუმუინა 19. სტივენ ლუატუა 20. მეტ ტოდი 21. ტავერა კერ ბარლოუ 22. ბოდენ ბარეტი 23. ჩარლი პიუტაუ
სამხრეთ აფრიკა: 15. ზენ კირხნერი 14. ვილი ლე რუქსი 13. ჯ.ჯ ენგელბრეხტი 12. იან დე ვილიერსი(კ) 11. ბრაიან ჰაბანა 10. მორნე შტეინი 9. რუან პიენაარი 8. დუეინ ვერმიულენი 7. ვილემ ალბერტსი 6. ფრანცუა ლოუ 5. ფილიპ ვან დერ მერვე 4. ებენ ეტზებეთი 3. იან დუ პლესი 2. ბისმარკ დუ პლესი 1. თანდაი მთავარირა
სათადარიგოთა სკამი: 16. ადრიან შტრაუსი 17. გუტრო სტენკამპი 18. კოენი ოსტუიზენი 19. ჟუანდრე კრუგერი 20. სიია კოლისი 21. იანო ვერმაკი 22. პატ ლემბი 23. იან სერფონტეინი

ავსტრალია - არგენტინა
ავსტრალიის ნაკრების რიგებში დიდი არეულობაა. გასულ ტურში ნაწვნევი სამარცხვინო წაგების შემდეგ, ჯოხი გუნდის ლიდერ - ჰავბეკ ვილი გენიაზე გადატყდა და მან სათადარიგოთა სკამზეც გადაინაცვლა, მის ნაცვლად კი 23 წლის ნიკ ვაითი იასპარეზებს.

საინტერესო იქნება "ვოლაბთა" ახალი კაპიტნის - მარბიელი ბენ მოვენისა და გამოცდილი ხუან მანუელ ლეგუიზამონის დუელი - ორივე მათგანს გააჩნია ლიდერის თვისებები და საკუთარი აქტიური თამაშის წყალობით შეუძლიათ გუნდი წარმატებამდე მიიყვანონ.

ევან მაკენზის შეგირდები საკუთარ კედლებში გაორმაგებული მოტივაციით დაუპირისპირდებიან მოწინააღმდეგეს და შეეცდებიან პირველი ქულები მოიპოვონ მიმდინარე გათამაშებაში.

2000 წლიდან მოყოლებული, ამ ნაკრებთა ურთიერთშეხვედრათა ისტორია "ვოლაბების სასარგებლოდ მეტყველებს - 6 შეხვედრიდან მწვანე კონტინენტის ყველა წარმომადგენელმა მოიგო, თუმცა "პუმები" თავის მხრივ აღმავლობის პერიოდს განიცდიან: გასულ უქმეებზე მათ მაღალი დონის რაგბი ითამაშეს ახალი ზელანდიის წინააღმდეგ, რაც მათ იმედებს უსახავს, რომ ნავსს გატეხავენ და პირველ, ისტორიულ გამარჯვებას მოიპოვებენ 4 ერის გათამაშებაში.

ავსტრალია: 15. ისრაელ ფოლაუ 14. ჯეიმს ოკონორი 13. ადამ ეშლი კუპერი 12. კრისტიან ლილიაფანო 11. ნიკ კუმინსი 10. ქუადე კუპერი 9. ნიკ ვაითი 8. ბენ მოვენი 7. მაიკლ ჰუპერი 6. სკოტ ფარდი 5. კეინ დუგლასი 4. რობ სიმონსი 3. ბენ ალექსანდერი 2. სტეფან მური 1. ჯეიმს სლიპერი
სათადარიგოთა სკამი: 16. საია ფაინგა 17. სკოტ სიო 18. სეკოფე კეპუ 19. სიტალეკი ტიმანი 20. ბენ მაკალმანი 21. ვილი გენია 22. მეთ ტუმუა 23. ტევიტა კურიდრანი
არგენტინა: 15. ხუან მარტინ ჰერნანდესი 14. ჰორაციო აგულა 13. გონსალო ტიესი 12. ფელიპე კონტეპომი 11. ხუან იმჰოფი 10. ნიკოლას სანჩესი 9. ტომას კუბელი 8. ხუან მანუელ ლეგუიზამონი 7. პაბლო მეტარა 6. ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე 5. ხულია ფარიას კაბელო 4. მანუელ კარიზა 3. ხუან ფიგალო 2. აგუსტინ კრევი 1. მარკოს აიერზა
სათადარიგოთა სკამი: 16. ეუსებიო გუინასი 17. ნაუელ ლობო 18. ხუან პაბლო ორლანდი 19. მარიანო გალარზა 20. ბენჟამინ მაკომე 21. მარტინ ლანდახო 22. სანტიაგო ფერნანდესი 23. ლუკას გონსალეს ამოროსინო

გიორგი ბარბაქაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რატომ არ მიჰყავს რეპორტაჟები ზაალს? რა საცოდაობაა ასეთი თამაშების დროს ასეთი კომენტატორის მოსმენა! სად პოულობენ ასეთ ხალხს, არც დიქცია, არც ცოდნა, არც ტაქტიკის ახსნა. თან ისე დაბალი ხმით მოჰყავდა, რომ ძლივს ისმოდა. თითქოს თავისი ხმის ეშინოდა. ერთადერთი კომენტატორი დღესდღეობით ზაალია. მის ცოდნას თვით რაგბისტები აღიარებენ. სულ არ ვიცნობ ამ კაცს, მაგრამ ჩანს, რომ ნამდვილი პროფესიონალია ამ საკითხში და რამდენადაც ვიცი ზე-რაგბის დიდი გულშემატკივარია. ნუთუ არ შეიძლებოდა მისი მოწვევა? GMG-ის კომენტატორებს ხომ იწვევენ სხვა არხებზე ფეხბურთში. თუმცა მათი მოსმენაც, მენტორული ტონის და მაზავშიკური საუბარის ატანა აღარ შეიძლება. დარწმუნებული ვარ ფეხბურთის რეპორტაჟებსაც ამათზე უკეთესად წაიყვანდა ზაალი
ynwa
19:19 14-09-2013
0

სიახლეები პოპულარული