ზე რაგბი. I ტური: პლუს არგენტინა და იაპონია

AutoSharing Option
ზე რაგბის გათამაშება წლეულს შეცვლილი ფორმატით გაიმართება. აქამდე მოასპარეზე 15 გუნდს სამი დაემატა. ესენია: სამხრეთაფრიკული "საუთერნ კინგზი", არგენტინის "იაგუარები" და იაპონიის "სანვოლვესი".

ცხადია, ჩვენს ყველაზე დიდ ინტერესს სწორედ ამ ორი უკანასკნელის თამაში იწვევს. "იაგუარები", ფაქტობრივად, არგენტინის ნაკრებია. "პუმებისთვის" კი, იმის გარდა, რომ ოთხი ერის გათამაშებაში ასპარეზობენ, ასეთ მაღალი დონის საკლუბო ჩემპიონატში ასპარეზობაც ძალიან სასარგებლოა. მით უფრო, რომ ისინი აქ აუტსაიდერები სულაც არ იქნებიან.

ეს "იაგუარების" პირველმა მატჩმაც დაადასტურა. არგენტინელებმა სტუმრად ითამაშეს სამხრეთ აფრიკაში ბლუმფონტეინის "ჩიტაზთან" და მინიმალური სხვაობით, 34:33 დაამარცხეს.
სტუმრებმა ოთხი ლელო გაიტანეს. აქედან ორი ცხრა ნომრის, მარტინ ლანდახოს ანგარიშზეა.

მატჩის გმირი კი, უდავოდ, მგეზავი ნიკოლას სანჩესი გახლდათ, რომელიც არბიტრმა მე-18 წუთზე სინბინში გაუშვა. ამის მიუხედავად, მან გუნდს 14 ქულა შესძინა. მისი არეკნი კი, რომელიც მან მატჩის 70-ე წუთზე 40 მეტრიდან დაარტყა, არგენტინული გუნდისთვის გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.

იაპონელებმა კი შინ ითამაშეს ასევე სამხრეთაფრიკულ იოჰანესბურგის "ლაიონზთან" და 13:26 დამარცხდნენ. "იაგუარებისგან" განსხვავებით, "მზის მგლებს" ზე რაგბიში თამაში გაუჭირდებათ, თუმცა ამომავალი მზის ქვეყნის რაგბის განვითარებისთვის, ამ გუნდის ასეთ მაღალ დონეზე თამაში უდავოდ საშური საქმეა.

შესანიშნავი სტარტი აიღო ავსტრალიურმა კლუბმა, კანბერას "ბრამბიზმა", რომელმაც შინ ლელოებით აავსო ახალი ზელანდიის დედაქალაქის, ველინგტონის "ჰარიკენზი" - 52:10. მასპინძლებმა, რომელთა რიგებშიც უხვად არიან "ვოლაბები", მეტოქეს შვიდი ლელო გაუტანა და საკმაოდ ხმამაღალი განაცხადი გააკეთა საკუთარი ამბიციების საფუძვლიანობაზე.

პირველივე მატჩში შინ მარცხი განიცადა ზე რაგბის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა, ახალზელანდიურმა ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზმა". ამ გუნდმა, რომელსაც რიჩი მაოქოუ და დენ კარტერი დააკლდა, შინ ვერაფერი გააწყო ჰემილტონის "ჩიფსთან" - 21:27. სტუმრებმა გამარჯვების ლელო მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, ხუთმეტრიანი დერეფნიდან აგორებული მოლის წყალობით გაიტანეს.

მარცხი განიცადა ყველაზე ტიტულოვანმა სამხრეთაფრიკულმა გუნდმა, პრეტორიის "ბლუ ბულზმა", რომელიც სტუმრად დამარცხდა კეიპთაუნის "სტორმერზთან" - 9:33. "ჯვაროსნების" მსგავსად, "ლურჯი ხარების" შემადგენლობაც საგრძნობლად გადახალისებულია და ამ ორი გუნდისგან წლეულს გმირობას არ უნდა ველოდოთ.

ზე რაგბი
A ჯგუფი
ბრამბიზი-ჰარიკენზი 52:10, ვორათაზი-რედსი 30:10, ფორსი-მელბურნ რებლზი 19:25

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბრამბიზი 1 1 0 0 +42 5
2. ვორათაზი 1 1 0 0 +20 5
3. რებლზი 1 1 0 0 +6 4
4. ფორსი 1 0 0 1 -6 1
5. რედსი 1 0 0 1 -20 0

B ჯგუფი
ბლუზი-ჰაილენდერზი 33:31, კრუსეიდერზი-ჩიფსი 21:27

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩიფსი 1 1 0 0 +6 4
2. ბლუზი 1 1 0 0 +2 4
3. ჰაილენდერზი 1 0 0 1 -2 2
4. კრუსეიდერზი 1 0 0 1 -6 1
5. ჰარიკენზი 1 0 0 1 -42 0

C ჯგუფი
ჩიტაზი-იაგუარები 33:34, სანვოლვესი-ლაიონზი 13:26, სტორმერზი-ბლუ ბულზი 33:9

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სტორმერზი 1 1 0 0 +24 5
2. ჩიტაზი 1 0 0 1 -1 1
3. სანვოლვესი 1 0 0 1 -13 0
4. ბლუ ბულზი 1 0 0 1 -24 0

D ჯგუფი
საუთერნ კინგზი-ნატალ შარქსი 8:43

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. შარქსი 1 1 0 0 +35 5
2. ლაიონზი 1 1 0 0 +13 5
3. იაგუარები 1 1 0 0 +1 4
4. კინგზი 1 0 0 1 -35 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული