საუკეთესო ცხრა ნომრები რაგბის ისტორიაში

AutoSharing Option
მსოფლიოს რაგბის ისტორიაში წარუშლელი კვალი ძალიან ბევრ მაღალი დონის ცხრა ნომერს დაუტოვებია. მათი რიგებიდან საუკეთესოთა ამორჩევა ურთულესი საქმეა.

#9 ყოველთვის გამორჩეული ფიგურაა მოედანზე და მისი შემჩნევა გულშემატკივარს არ გაუჭირდება, რადგან ის ყველაზე მეტჯერ ეხება ბურთს და თავისი აქტიური ქმედებით ცდილობს გუნდის ორი ძირითადი ელემენტი, შერკინება და უკანა ხაზი ერთდროულ ურთიერთქმედებაში მოიყვანოს.

მისი უშუალო მოვალეობაა მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე შექმნილ მოლთან თუ რაკთან დროულად მისვლა, ბურთის მოპოვება და ახალი შეტევის წამოწყება.

ცხრა ნომერი უნდა გამოირჩეოდეს მაღალი სისწრაფით, გონებამახვილობით და სწრაფი აზროვნების უნარით,
რიგ შემთხვევებში მოეთხოვება არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება და გუნდის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანა.

იგი აუცილებლად კარგად უნდა თამაშობდეს ფეხით, დაცვაში გარჯისას კი, უბრალოდ, არ აქვს შეცდომის დაშვების უფლება, რადგან მისი გამოსწორება, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება.

ამ კრიტერიუმებთან ერთად, ამ პოზიციაზე მოასპარეზე მორაგბე ბუნებისგან უხვად უნდა იყოს დაჯილდოებული ლიდერის თვისებებით, რადგან რაგბის ისტორიას არ ახსოვს გუნდი, რომელშიც ცხრა ნომერი მეორეხარისხოვან როლს ასრულებდა.

ჯორჯ გრეგანი (ავსტრალია)
ჯორჯ გრეგანი მსოფლიო რაგბის ლეგენდაა. 1994-2007 წლებში მან ავსტრალიის ნაკრების რიგებში 139 კეპი მოიხვეჭა და ამ მაჩვენებლით ყველა დროის რეკორდსმენი გახდა. გრეგანი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ელეგანტური სათამაშო სტილით და მკაცრი დისციპლინით.

1994 წელს სრულიად ახალგაზრდა ჯორჯმა ახალ ზელანდიასთან დაპირისპირების ბოლო წუთზე ჰაერში შესრულებული ბრწყინვალე ბოჭვით შეაჩერა ლელოს ხაზთან მისული ჯეფ ვილსონი და ბლედისლოუს თასი მოაგებინა ავსტრალიას.

ამ მოვლენით დაიწყო გრეგანის დიდი კარიერაც. მისმა და სტივენ ლარქემის დაუვიწყარმა დუეტმა თითქმის შეუძლებელი შეძლო და თვით "ოლ ბლექსიც" დაჩრდილა 1998-2002 წლებში.

"ვოლაბებმა" ზედიზედ ხუთჯერ მოუგეს ბლედისლოუს თასი პრინციპულ მეტოქეს, ხოლო ორჯერ სამი ერის გათამაშება (2000-01). 1999 წელს გრეგანი მსოფლიოს თასის მფლობელი გახდა, ხოლო 2003 წელს ავსტრალიაში გამართულ მსოფლიოს თასზე დრამატულ ბრძოლაში წააგო ფინალური დაპირისპირება ინგლისის ნაკრებთან ჯონი ვილკინსონის მიერ დამატებით დროში გატანილი არეკნით.

საკლუბო დონეზე ჯორჯი ავსტრალიური "ბრამბიზის" ღირსებას იცავდა და ორჯერ ზე 14-ის გამარჯვებულიც გახდა (2001, 2004). კარიერის მიწურულს იგი სათამაშოდ ევროპაში გადმობარგდა და 2 სეზონის განმავლობაში ფრანგული "ტულონის" კვართი მოირგო.

ამჟამად გრეგანი მშობლიურ "ბრამბიზში" მუშაობს მთავარი მწვრთნელის ასისტენტად და ახალგაზრდა მორაგბეებს უზიარებს დაგროვილ გამოცდილებას.

ჯუსტ ფან დერ ვესტჰოიზენი (სამხრეთი აფრიკა)
მსოფლიო რაგბის ისტორიაში, ალბათ, დღესაც ძნელად თუ მოიძებნება ჯუსტ ფან დერ ვესტჰოიზენის დარი ფიზიკური მონაცემების მქონე ჰავბეკი. სამხრეთაფრიკელი გოლიათი (188 სმ, 88 კგ) ბუნებისგან ნაბოძები სისწრაფისა და ძალის წყალობით დიდი ხნის განმავლობაში შეუჩერებელი გახლდათ სარაგბო მოედანზე.

მისი სანაკრებო კარიერა 1993 წელს დაიწყო და ათ წელიწადს გასტანა. ამ დროის განმავლობაში ვესტჰოიზენმა 89 მატჩი ჩაატარა ეროვნული გუნდის რიგებში და "ბოკეს" 190 ქულით შეეწია (38 ლელო).

1995 წელს იგი გახლდათ იმ ტრიუმფალური სამხრეთ აფრიკის ნაკრების წევრი, რომელმაც შინაურ კედლებში მსოფლიოს თასის გათამაშება მოიგო. 1998 წელს კი მან საკუთარი ტიტულების კოლექციას სამი ერის ჩემპიონის ტიტულიც შემატა და რაც მთავარია, ლგენდარულ ჯონა ლომუს არცერთ იმ მატჩში ლელო არ აქვს გატანილი, რომელშიც ვესტჰოიზენს უასპარეზია.

ჯუსტმა საკლუბო კარიერა ერთადერთ კლუბს, პრეტორიის "ბლუ ბულზს" მიუძღვნა და კარიერის მიწურულს გუნდი ზე 14-ის ჩემპიონობამდე მიიყვანა. 2008 წელს ვეტერანი მორაგბე მძიმე სენით დაავადდა და დღემდე ლოგინს მიჯაჭვული შეუპოვრად იბრძვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად.

გარეთ ედვარდსი (უელსი)
"უელსელი ჯადოქარი" - როგორც მას მადლიერმა ხალხმა უწოდა ბრწყინვალე სარაგბო კარიერის დასრულების შემდეგ.

გარეთ ედვარდსი გახლდათ უელსის იმ ოქროს თაობის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომელიც 5 წლის (1969-74) განმავლობაში დომინირებდა მსოფლიოში და ზედიზედ სამჯერ დიდი სლემით მოიგო ხუთი ერის გათამაშება.

ედვარდსმა ჯამში 53 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა და 20 ლელოს გატანა მოახერხა ეროვნული გუნდის კვართით. იგი ორგზის იმყოფებოდა "ბრიტანელი ლომების" ტურნეში და ორივეჯერ ევროპელებმა გაიმარჯვეს (ახალი ზელანდია 1971, სამხრეთი აფრიკა 1974). ლეგენდარული უელსელი არაერთგზის გახლდათ მიწვეული "ბარბაროსების" შემადგენლობაში და მის მიერ 1973 წელს "ოლ ბლექსთან" გატანილი ლელო მოგვიანებით მსოფლიო რაგბის ისტორიაში საუკეთესოდ აღიარეს.

გარეთ ედვარდსმა საკლუბო კარიერა 1966 წელს დაიწყო "კარდიფში" და 12 წლის შემდეგ იქვე დაამთავრა. მან მშობლიური გუნდის მაისურით 195 მატჩი გამართა და 69 ლელოს ავტორიც გახდა.

2007 წელს ვეტერანი მორაგბე ბრიტანეთის საპატიო ორდენით დაჯილდოვდა სპორტის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის.

2008 წელს პოპულარულმა გამოცემა Rugby World Magazine-მა ედვარდსი ყველა დროის საუკეთესო ევროპელ მორაგბედ დაასახელა. ამჟამად გარეთი BBC-ის სპორტული კომენტატორია.

ირაკლი აბუსერიძე
ქართულ რაგბიში ცხრა ნომრის პოზიციაზე ნამდვილად ჭეშმარიტი ლიდერები ირჯებოდნენ. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ირაკლი აბუსერიძეა, რომლის ნაკრებიდან გამოსათხოვარი მატჩი წლეულს, გაზაფხულზე "ბორჯღალოსნებისა" და ესპანეთის ნაკრების დაპირისპირებისას შედგა.

ირაკლი აბუსერიძეს დებიუტი ეროვნულ გუნდში 22 წლის ასაკში, 2000 წელს იტალიის ნაკრებთან მატჩში ჰქონდა. მას შემდეგ "აბუმ" ნაკრებში 85 კეპი მოიხვეჭა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. მის ანგარიშზე რვა ლელოა. აბუსერიძემ მსოფლიოს თასის სამ გათამაშებაში იასპარეზა 2003, 2007 და 2011 წლებში. ის "ბორჯღალოსანთა" კაპიტანი იყო 2008 წლიდან. ერთა თასის გათამაშებაში 12-ჯერ იასპარეზა და ხუთჯერ გუნდთან ერთად პირველობა იზეიმა.

'"აბუს" ფრანგული კარიერა ელიტური, მეორე დივიზიონის "ორიაკში" 2003 წელს დაიწყო. მერე იყო "ორლეანი", ბოლოს კი - "ოსერი", სადაც მოთამაშე-მწვრთნელი გახლდათ.

სანაკრებო კარიერის დასრულების შემდეგ ის სამშობლოში დაბრუნდა და რაგბის კავშირის სპორტულ დირექტორად მუშაობს. პარალელურად კი, უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე თბილისის "არმაზის" ღირსებას იცავს.

დავით კილასონია
დავით კილასონია ქართული რაგბის საბჭოთა ეპოქის კაშკაშა ვარსკვლავი იყო. სენაკში დაბადებული ჭაბუკი ხელბურთით იყო გატაცებული, თუმცა მერე მასში მაინც ოვალური ბურთის თამაშის სიყვარულმა იმძლავრა და ქართულ რაგბიში მთელი ეპოქა შექმნა.

1970 წელს კილასონია თბილისის "ლოკომოტივში" ჩაირიცხა და იქ 1981 წლამდე თამაშობდა.

რკინიგზელთა შემადგენლობაში მან სამჯერ მოიპოვა ბრინჯაოს მედლები 1972, 1978 და 1981 წლებში. 1978 წელს "ლოკომოტივმა" საკავშირო თასიც მოიგო. 1978-79 წლებში დავით კილასონია საბჭოთა კავშირის ნაკრების ძირითადი ცხრა ნომერია.

კარიერის დასრულების შემდეგ ერთი წელი "ლოკომოტივისა" და საბჭოთა კავშირის პროფკავშირთა ნაკრების მწვრთნელი გახლდათ. დავით კილასონია იყო საქართველოს ნაკრების პირველი მწვრთნელი 1989-90 წლებში, როცა "ბორჯღალოსნები" სამჯერ დაუპირისპირდნენ ზიმბაბვეს ნაკრებს.

ღვაწლმოსილი ცხრა ნომერი დიდი ხანი არაა, რაც მშობლიურ სენაკს დაუბრუნდა და იქ რაგბისა და ლელობურთის განვითარებას მიჰყო ხელი.

გიორგი ბარბაქაძე და ბესიკ ჯანგავაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ღადაობენ :)
0
აუუუ სად ხართ თუ იცით :)
auuuuu
17:19 24-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული