TOP 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მორაგბე მსოფლიოში

AutoSharing Option
რაგბი მაღალანაზღაურებად სპორტის სახეობად არ მიიჩნევა. აქ წლიური ჯამაგირი მილიონ გირვანქა სტერლინგს არასდროს გადასცილებია.

ცხადია, ძნელი ასახსნელია, რატომაა ეს ასე. ოვალური ბურთით თამაში საკმაოდ პოპულარულია ბრიტანეთში, საფრანგეთში, სამხრეთ ნახევარსფეროში, აშშ-სა და კანადაში.

მიუხედავად ამისა, რაგბის მსოფლიოს დონის ვარსკვლავების ანაზღაურება საგრძნობლად ჩამოუვარდება ხელფასს. დღესდღეობით ყველაზე მაღალანაზრაურებადი მორაგბე ახალზელანდიელი დენ კარტერი გახდება, მას შემდეგ, რაც პარიზულ "მეტრო რასინგთან" მოაწერს ხელს კონტრაქტს და გუნდს მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ შეუერთდება. მისი წლიური ჯამაგირი ზუსტად ერთი მილიონი გირვანქა სტერლინგია.

კარტერთანაა დაკავშირებული საკმაოდ საინტერესო ისტორია, რომელიც,
ალბათ, ნაწილობრივ ახსნის, რატომ არის მორაგბეების ხელფასი შედარებით დაბალი. წლების წინათ კარტერის გადაბირება "ტულონის" მულტიმილიონერ პრეზიდენტს მურად ბურჯელალს სურდა. მან დენის წელიწადში ერთი მილიონი ევრო შესთავაზა. კარტერმა მილიონ ასიათასი მოითხოვა, რაზეც მურადისგან უარი მიიღო.

მოგვიანებით, "ტულონის" მეპატრონემ მისი უარი ასე ახსნა - ცხადია, შემეძლო ასიათასით მეტი გადამეხადა, მაგრამ არ მინდოდა, რაგბიში ვითარების ამყრალება. ნახეთ, ფეხბურთი რა დღეშიაო.

ერთი სიტყვით, კარტერმა თავისას მაინც მიაღწია და პარიზული გუნდი ხელმძღვანელებს მილიონ ევროზე მეტი ჯამაგირი დაანიშნინა.

"მეტრო რასინგს" ავსტრალიელი მეთ გიტოს გადაბირებაც უნდოდა, მაგრამ 2014 წლის სექტემბერში ის "ტულონში" ჩაირიცხა და წლიურად 700 ათას გირვანქა სტერლინგს იღებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ამ თანხას სრულიად ამართლებს, რადგან "ტულონი" მის გარეშე სულ სხვაა. გიტო ჯამაგირით მხოლოდ კარტერს ჩამორჩება.

მესამე ადგილზე უელსის ნაკრების ფულბეკი ლეიგ ჰალპფენია. მან "კარდიფ ბლუზი" 2014 წლის იანვარში დატოვა და "ტულონში" გადაბარგდა, სადაც წლიურად 600 ათას გირვანქა სტერლინგს იღებს. ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი უელსელი მორაგბეა ამ ქვეყნის რაგბის ისტორიაში.

რაგბი ლიგის ყოფილი ვარსკვლავი სემ ბარჯესი ინგლისის პრემიერშიპში მოთამაშე ყველაზე ანაზღაურებადი მორაგბეა. მისმა ამჟამინდელმა კლუბმა "ბასმა" ბარჯეს 500 ათასი გირვანქა სტერლინგის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა, რითაც ის სამხრეთ სიდნეის რაგბი ლიგის გუნდიდან დაიხსნა.

ჯონათან სექსტონი ყველაზე მაღალანაზრაურებადი ირლანდიელი მორაგბეა. მას პარიზული "მეტრო რასინგი" წელიწადში 494 ათას გირვანქა სტერლინგს უხდის. თუმცა სექსტონმა გადაწყვიტა, სეზონის დასრულების შემდეგ ისევ სამშობლოში დაბრუნდეს და კარიერა "ლენსტერში" განაგრძოს. ეს, ცხადია, მის შემოსავალს საგრძნობლად შეამცირებს.

სამხრეთაფრიკელ მორაგბეთა შორის გარემარბი ბრაიან ჰაბანა ყველაზე მეტ ფულს გამოიმუშავებს. "ტულონში" მას წლიურად 474 ათას გირვანქა სტერლინგს უხდიან. ვერ ვიტყვით, რომ ჰაბანა ამ თანხას იმსახურებს. მისი "მზე", როგორც ჩანს, ჩაესვენა. ის ვეღარაა ისევ ძველებურად მარდი და შედეგიანი. რამაც, წესით, ბურჯელალი სერიოზულად უნდა დააფიქროს.

ყველაზე მდიდარი ფრანფიგი მორაგბე "კლერმონის" ცხრა ნომერი მორგან პარაა. მისი წლიური შემოსავალი 436 ათასი გირვანქა სტერლინგია. არადა, პარას საფრანგეთის ნაკრებში მოხვედრა უკვე უჭირს და გამორიცხული არ არის მსოფლიოს თასის მომავალმა გათამაშებამ მის გარეშე ჩაიაროს.

მას კვალში უდგას "ლე ბლოს" კაპიტანი ტიერი დუსოტუარი. "ტულუზი" მას წელიწადში 408 ათას გირვანქა სტერლინგს უხდის. თუმცა, კარიერის დასასრულს ტიერი ინგლისურ "ლესტერ ტაიგერზში" აპირებს გადასვლას და იქ ამდენი ხელფასი ნამდვილად არ ექნება.

ბაკის ბოთა კარიერაში ბოლო სეზონს ატარებს. ის "ტულონში" 2011 წელს გადაბარგდა და მისი კონტრაქტის პირობები რამდენჯერმე შეიცვალა. სამხრეთ აფრიკის ნაკრების ლეგენდარული მეორეხაზელი ამჟამად წელიწადში 390 ათას გირვანქა სტერლინგს იღებს. როგორია, მისი სამომავლო გეგმები უცნობია.

კიდევ ერთი "მდიდარი" უელსელი მორაგბე ჯიმი რობერტსია, რომელსაც "მეტრო რასინგი" 380 ათას გირვანქა სტერლინგს უხდის. თუმცა, თუ ჭორებს ვენდობით, ის ისევ უელსში აპირებს დაბრუნებას და კარიერას, სავარაუდოდ, "კარდიფ ბლუზში" განაგრძობს.

მოწინავე ათეული
1. დენ კარტერი (ახალი ზელანდია, მეტრო რასინგი) - 1 000 000 გირვანქა, 2. მეთ გიტო (ავსტრალია, ტულონი) - 700 000, 3. ლეიგ ჰალპფენი (უელსი, ტულონი) - 600 000, 4. სემ ბარჯესი (ავსტრალია, ბასი) - 500 000, 5. ჯონათან სექსტონი (ირლანდია, მეტრო რასინგი) - 494 000, 6. ბრაიან ჰაბანა (სამხრეთ აფრიკა, ტულონი) - 474 000, 7. მორგან პარა (საფრანგეთი, კლერმონი) - 436 000, 8. ტიერი დუსოტუარი (საფრანგეთი, ტულუზი) - 408 000, 9. ბაკის ბოთა (სამხრეთ აფრიკა, ტულონი) - 390 000, 10. ჯიმი რობერტსი (უელსი, მეტრო რასინგი) - 380 000.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
გორგოძე მაგათზე ნაკლები არარის.
ტემო
17:48 13-01-2015
0
ხო ქართველების ხელფასები მეც მაინტერესებს.
saba
22:14 11-01-2015
0

სიახლეები პოპულარული