ადამის ჰეთ თრიკი - მსოფლიოს თასზე ფინალისტების ვინაობა გაირკვა

AutoSharing Option
ფოტოზე: ადამ ეშლი-კუპერის ლელო
მსოფლიოს თასის გათამაშებაში ფინალისტების ვინაობა გაირკვა. "ვებ ელისის" თასი მესამედ ან ავსტრალიაში გაემგზავრება, ან ისევ მის მეზობლად, ახალ ზელანდიაში დაიდებს ბინას.

"ოლ ბლექსს" ნახევარფინალში სამხრეთ აფრიკის ნაკრების წინააღმდეგ დიდი ბრძოლის გადატანა მოუწია. მსოფლიოს თასის ამჟამინდელმა მფლობელებმა "ბოკე" ორი ქულის სხვაობით, 20:18 დაამარცხეს. თუმცა, ადვილი შესაძლებელი იყო, ყველაფერი მათთვის ფატალურად დასრულებულიყო.

ახალი ზელანდიის ნაკრებმა ორჯერ ზედიზედ უმაღლესი რანგის თამაშის ჩვენება ვერ შეძლო. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ, საფრანგეთის ნაკრებთან შედარებით, რომელიც "ოლ ბლექსმა" მეოთხედფინალში ნაცარტუტად აქცია, "ბოკე" გაცილებით
ძლიერი გუნდია.

სამხრეთაფრიკელებმა ტურნირის მსვლელობისას ნელ-ნელა შეძლეს ფორმის აკრეფა და ნახევარფინალში მაქსიმალურად შეეცადნენ ფინალის საგზურის მოპოვებას. არ გამოუვიდათ.

თითქმის სრულიად დაიკარგა მატჩში გარემარბი ჯულიან სავეა, რომლისგანაც ლელოს და რეკორდის დამყარებას ელოდნენ. იმავეს ვერ ვიტყოდით სამხრეთაფრიკელთა ლეგენდარულ გარემარბზე, ბრაიან ჰაბანაზე, მაგრამ ლელოს გატანა და ჯონა ლომუს რეკორდის მოხსნა მანაც ვერ შეძლო.

"ბოკემ" მეტოქეს ლელო საერთოდ ვერ გაუტანა. ყველა, თვრამეტივე ქულა მათ საჯარიმო დარტყმებით მოიპოვეს. "ოლ ბლექსმა" კი ჯერომ კაიონოსა და ბოდენ ბარეტის ლელოებით იხეირა.

კიდევ უფრო საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა მეორე ნახევარფინალი, სადაც ავსტრალიის ნაკრებმა არგენტინის ეროვნულ გუნდს 29:15 მოუგო. "ვოლაბების" უპირატესობა დასაწყისიდანვე გამოიკვეთა. ავსტრალიელები უფრო საწრაფად და გონივრულად ირჯებოდნენ, რასაც პირველ ტაიმში მათ მიერ გატანილი სამი ლელო მოჰყვა.

არგენტინელებმა გაცილებით აქტიურად მეორე ტაიმში ითამაშეს, თუმცა, "ბოკეს" მსგავსად, ლელოს გატანა მათაც ვერ შეძლეს. "პუმების" ანგარიშზე 5 საჯარიმოა (15 ქულა). ავსტრალიელთა რიგებში კი გარემარბის, ადამ ეშლი-კუპერის ზეობა იყო. მან მეტოქეს სამი ლელო გაუტანა.

ფინალი შაბათს, "თვიქნემზე", თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება. პარასკევს კი ლონდონის ოლიმპიურ სტადიონზე არგენტინა და სამხრეთი აფრიკა მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.

მსოფლიოს თასი 2015. ნახევარფინალები
ახ. ზელანდია-სამ. აფრიკა 20:18
ახ. ზელანდია: 2ლ - კაინო, ბარეტი. 2ს,2გ: კარტერი.
სამ. აფრიკა: 6ს: პოლარდი (5), ლამბიე.

ავსტრალია-არგენტინა 29:15
ავსტრალია: 4ლ - ეშლი-კუპერი (3), საიმონსი. 3გ,ს: ფოლი.
არგენტინა: 5ს: სანჩესი.

III ადგილი
არგენტინა-სამ. აფრიკა

ფინალი
ახ. ზელანდია-ავსტრალია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული