ისტორიაში მალაიზიის ბოლო გრან პრი მნიშვნელოვანი შეიძლებოდა გამხდარიყო ტიტულისთვის ბრძოლაში, მაგრამ "რედ ბულის" პილოტის, მაქს ფერსტაპენის გამო გენერალურ კლასიფიკაციაში სიტუაცია კარდინალურად არ შეცვლილა.
"ფერარისთვის" კოშმარული სინგაპურის გრან პრის შემდეგ იტალიური გუნდი სერიოზულად იყო განწყობილი "მერსედესთან" საბრძოლველად, მაგრამ ეს უქმეებიც "სკუდერიასთვის" ძალიან წარუმატებელი გამოვიდა.
ძრავასთან დაკავშირებული პრობლემების გამო კვალიფიკაციაში ტრასაზე გასვლა ვერ შეძლო სებასტიან ფეტელმა, რომელიც იძულებული გახდა, სტარტი ბოლო ადგილიდან აეღო.
ფეტელმა ძალიან მალე გაიკვლია გზა ქულათა ზონაში. გერმანელს ბრწყინვალე გასწრებები ჰქონდა, ტრასის რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც 2004 წლიდან კოლუმბიელ ხუან-პაბლო მონტოიას ეკუთვნოდა და პოდიუმთანაც ახლოს იყო, მაგრამ ბოლო წრეებზე დანიელ რიკარდოსთან მიახლოების შემდეგ ფეტელმა ვერ შეძლო "რედ ბულში" თავისი ყოფილი თანაგუნდელის გასწრება. მეოთხე ადგილმა და ტრასის რეკორდმა ფეტელს დღის პილოტის სტატუსი მოუტანა, მაგრამ ეს ნაკლები შვებაა გერმანელისთვის, რადგან ის უფრო მეტად ჩამორჩა საერთო ჩათვლაში ლუის ჰემილტონს.
თუმცა ეს ჩამორჩენა კიდევ უფრო დიდი იქნებოდა, რომ არა მაქს ფერსტაპენი, რომელიც შაბათს 20 წლის გახდა. რაიკონენის პრობლემების გამო ახალგაზრდა ჰოლანდიელი სტარტზე მეორე პოზიციაზე იდგა ლუის ჰემილტონის შემდეგ, რომელმაც კარიერაში 70-ე პოული მოიპოვა.
მაგრამ ფერსტაპენი დიდხანს არ დარჩენილა მეორე. უკვე მეოთხე წრეზი მან გაუსწრო ჰემილტონს ლიდერობისთვის ბრძოლაში და ფინიშამდე ისე მივიდა, რომ პირველი პოზიცია არავის დაუთმო. ჰოლანდიელს ერთი შეცდომაც არ დაუშვია და, რაც მთავარია, ბოლიდსაც არ შექმნია პრობლემები, რაც წელს დიდი იშვიათობაა.
მაქსმა დამაჯერებლად მოიგო კარიერაში მეორე რბოლა. მისი პირველი ტრიუმფი შარშან, ესპანეთის გრან პრიზე იყო და მაშინ ფერსტაპენს გაუმართლა, როცა სტარტზე შეეჯახნენ ერთმანეთს ჰემილტონი და ნიკო როსბერგი. ამჯერად, მაქსისთვის არავის მიუცია საჩუქარი - მან თავად მოიწყო მდიდრული დაბადების დღე და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა.
ჰემილტონმა კი უკვე 34 ქულით გაუსწრო ფეტელს და უახლოვდება კარიერაში მეოთხე ტიტულს. შემდეგი ეტაპი - იაპონიის გრან პრი ერთ კვირაში გაიმართება.
მალაიზიის გრან პრი
სეპანგი. 56 წრე, 310.408 კმ
- (3). მაქს ფერსტაპენი (ჰოლ, რედ ბული) 1:30.01,290 (1)
- (1). ლუის ჰემილტონი (ბრიტ, მერსედესი) +12,770 (1)
- (4). დანიელ რიკარდო (ავსტრა, რედ ბული) +22,519 (1)
- (20). სებასტიან ფეტელი (გერ, ფერარი) +37,362 (1)
- (5). ვალტერი ბოტასი (ფინ, მერსედესი) +56,021 (1)
- (9). სერხიო პერესი (მექ, ფორს ინდია) +78,630 (1)
- (7). სტოფელ ვანდორნი (ბელ, მაკლარენი) 1 წრე (1)
- (13). ლენს სტროლი (კან, უილიამსი) 1 წრე (1)
- (11). ფელიპე მასა (ბრა, უილიამსი) 1 წრე (1)
- (6). ესტებან ოკონი (საფ, ფორს ინდია) 1 წრე (1)
- (10). ფერნანდო ალონსო (ესპ, მაკლარენი) 1 წრე (1)
- (17). კევინ მაგნუსენი (დან, ჰაასი) 1 წრე (1)
- (16). რომენ გროსჟანი (საფ, ჰაასი) 1 წრე (2)
- (15). პიერ გასლი (საფ, ტორო როსო) 1 წრე (1)
- (12). ჯოლიონ პალმერი (ბრიტ, რენო) 1 წრე (1)
- (8). ნიკო ჰიულკენბერგი (გერ, რენო) 1 წრე (2)
- (18). პასკალ ვერლაინი (გერ, ზაუბერი) 1 წრე (2)
- (19). მარკუს ერიქსონი (შვედ, ზაუბერი) 2 წრე (1)
ფინიშზე ვერ მივიდნენ
19(14). კარლო საინსი (ესპ, ტორო როსო) 27 წრე
20(2). კიმი რაიკონენი (ფინ, ფერარი) 56 წრე
რბოლის სტენოგრამა
პირველი წრე. ლუის ჰემილტონმა შეინარჩუნა ლიდერობა, ბოტასმა კი შეუტია ფერსტაპენს მეორე ადგილისთვის ბრძოლაში, მაგრამ უშედეგოდ. ფეტელმა სტარტზე ბევრი პოზიცია მოიგო და მე-13 ადგილზე გადავიდა.
მე-4 წრე. ჰემილტონმა ვერ მოახერხა ფერსტაპენისგან გაქცევა და შეტევაც ვნახეთ! "რედ ბულმა" "მერსედესს" გაუსწრო!
მე-6 წრე. ჰემილტონმა რადიოში დაიჩივლა ტექნიკური პრობლემების გამო, რამაც მთელი ძალით სვლის საშუალება არ მისცა. ამის გამო გაუშვა მან ფერსტაპენი. ახლა "მერსედესს" ყველაფერი წესრიგში აქვს და ლუისს ჰოლანდიელის გასწრების რამდენიმე მცდელობა ჰქონდა.
მე-8 წრე. ფერსტაპენი თანდათან გაურბის ჰემილტონს - მათ შორის უკვე 2 წამია.
მე-9 წრე. " მერსედესი" მალაიზიაში ვერ ბრწყინავს. რიკარდო უტევს ბოტასს მესამე ადგილისთვის ბრძოლაში და მეორე ცდაზე უსწრებს მას.
მე-11 წრე. ფერსტაპენი წრეზე საუკეთესო დროს უჩვენებს - 1.36,474. ჰემილტონთან უპირატესობა უკვე 5 წამია.
მე-14 წრე. ფერსტაპენი კიდევ უფრო სწრაფია - 1.36,246.
მე-17 წრე. ფეტელი უკვე მეექვსეა და მეხუთე ადგილზე მყოფ პერესს ყოველ წრეზე წამს უგებს.
მე-20 წრე. ფერსტაპენი უკვე 9 წამს უგებს ჰემილტონს.
22-ე წრე. ფეტელმა პერესს შეუტია და გაუსწრო მას მეხუთე ადგილისთვის ბრძოლაში!
24-ე წრე. ფეტელი უკვე ბოტასს უახლოვდება. სებასტიანმა 15 პოზიცია მოიგო და აგრძელებს შეტევას. ამასობაში, ჰემილტონმა ლიდერ ფერსტაპენთან 8.6 წამამდე შეამცირა სხვაობა.
28-ე წრე. ჰემილტონი პიტსტოპზე შევიდა. საბურავების შეცვლის შემდეგ ის ტრასაზე მესამე ბრუნდება - ფერსტაპენისა და რიკარდოს უკან. ამის შემდეგ ფერსტაპენი შედის ბოქსებში და ლიდერი რიკარდო ხდება.
30-ე წრე. ამ დროისთვის ყველა ლიდერი იყო ბოქსებში და პირველი სამეული უცვლელია - ფერსტაპენი, ჰემილტონი და რიკარდო. ფეტელმა კი უფრო ადრეული პიტსტოპებით ბოტასს გაუსწრო.
39-ე წრე. ჰემილტონმა რაღაც მომენტში დაიწყო ჩამორჩენის შემცირება ფერსტაპენთან, მაგრამ ახლა სხვაობა ისევ 9 წამამდე გაიზარდა.
მე-40 წრე. ფეტელმა მალაიზიის გრან პრის რეკორდი დაამყარა - 1.34,218. გერმანელი მეოთხე ადგილზეა და პოდიუმის იმედს არ კარგავს, თუმცა, ამისთვის დასჭირდება 6 წამით წინ მყოფი რიკარდოს გასწრება.
42-ე წრე. ფეტელმა ტრასის რეკორდი განაახლა - 1.34,080!
44-ე წრე. "რედ ბულმა" გააფრთხილა რიკარდო, რომ ფეტელი დაახლოებით 5 წრეში დაეწევა.
46-ე წრე. "რედ ბულის" პროგნოზი არ გამართლდა და ფეტელი გაცილებით ადრე დაეწია რიკარდოს - მათ შორის წამზე ნაკლებია!
47-ე წრე. ფეტელი ძალიან ავიწროებს რიკარდოს და უკვე შეუძლია DRS-ის გამოყენება. ავსტრალიელი იგერიებს გერმანელის შეტევებს.
48-ე წრე. წრეზე ჩამორჩენილმა ფერნანდო ალონსომ რატომღაც არ გაატარა ფეტელი და ძვირფასი დრო დააკარგვინა გერმანელს.
50-ე წრე. "ფერარი" მოუწოდებს ფეტელს - რაც შეიძლება მალე გაუსწროს რიკარდოს, რადგან ორი წრის შემდეგ საბურავები არ მისცემს სრული ძალით შეტევის საშუალებას.
51-ე წრე. "რედ ბული" თანდათან შორდება ფეტელს - 1.4 წამი მათ შორის. "ფერარის" ტემპი დაუვარდა, რადგან საბურავები გვარიანად გაცვეთილია.
53-ე წრე. ფერსტაპენი ჰემილტონს 9.7 წამს უგებს. გამარჯვებისთვის ბრძოლა არ გამოვიდა. რიკარდომ 3 წამამდე გაზარდა უპირატესობა ფეტელთან. არც მესამე ადგილისთვისაა ბრძოლა ფინიშთან ახლოს.
ფინიში. ბოლო წრეებზე აღარაფერი შეცვლილა. ფერსტაპენი, ჰემილტონი, რიკარდო - ასეთია მალაიზიის გრან პრის პირველი სამეული.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"