ფორმულა 1-ის მოქმედი ჩემპიონი მაქს ფერსტაპენი "რედ ბულის" დომინაციით დაიღალა.
ავსტრიულმა საჯინიბომ წლევანდელ სეზონში შესაძლო 8 გრან-პრიდან ყველაში გამარჯვება იზეიმა და "მერსედესის" რეკორდი გაიმეორა.
"ზოგჯერ კარგია, როდესაც მოწინააღმდეგე გყავს. სიმართლე გითხრათ, 2021 წლის სეზონით ვისიამოვნე, 2022 წელიც მშვენიერი გამოდგა. დიახ, წლის დასაწყისში პრობლემები გვქონდა, მანქანა მძიმე იყო, თუმცა საბოლოოდ, მივედით იქამდე, სადამდეც მივედით.
მესმის ხალხის, რომელსაც არ მოსწონს ერთი გუნდის დომინაცია. ჩვენ ვნახეთ "მერსედესისა" და "ფერარის" ოქროს წლები. იმედი მაქვს, ხსენებული საჯინიბოები პრობლემებს თავს დააღწევენ. იმისთვის, რომ გაიმარჯვო, საჭიროა პარამეტრები
ტრასასა და ტრეკის ხასიათს 100%-ით დაემთხვეს".
2-გზის ჩემპიონმა "მერსედესის" დომინაციაზეც გააკეთა კომენტარი:
"ეს ყველაფერი მუხლჩაუხრელი მუშაობით მოდის. ვაფასებ, რაც მათ გააკეთეს. ეს წარმოუდგენელია. არ მეგონა, თუ ვინმე მათ შეჩერებას მოახერხებდა. მნიშვნელოვანი იყო მათთვის ტემპის აწყობა, რათა გერმანულ გუნდს დავწეოდით. ზოგადად, ძლიერი ბოლიდით უფრო მოტივირებული ვარ. როდესაც მხოლოდ მე-5 პოზიციაზე შეგიძლია გასვლა, ეგეც კარგია, თუმცა ისე ვერ იქნები განწყობილი, როგორც მაშინ, როცა გააზრებული გაქვს, რომ საჯინიბო და მანქანის შესაძლებლობები გამარჯვების შანსს გაძლევს".
შეგახსენებთ, მაქსი 195 ქულით პირველ ადგილზეა და მეორე პოზიციაზე მყოფ თანაგუნდელს, სერხიო პერესს, 69 ქულით უსწრებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ ნიდერლანდელი, დიდი ალბათობით, ზედიზედ მესამედ იზეიმებს მსოფლიო ჩემპიონობას.
ფორმულა 1-ის მომდევნო გრან-პრი ავსტრიაში გაიმართება. 30 ივნისს პრაქტიკა და კვალიფიკაცია შედგება, 1-ელ ივლისს მრბოლელები სპრინტის კვალიფიკაციაში და სპრინტში შეეჯიბრებიან, 2 ივლისს კი უკვე გრან-პრი გაიმართება.
გასულ წელს შპილბერგის ტრასაზე რბოლა მონტეკარლოელმა შარლ ლეკლერმა მოახერხა. წელს "ფერარი" საკუთარ თავს არ ჰგავს, რის გამოც "მონეგასკის" გამარჯვებას გულშემატკივრები ნაკლებად ელიან.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით