ისევე, როგორც მერვედფინალში, მეოთხედფინალშიც ბასილაშვილმა ძალიან დამაჯერებლად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე.
უზბეკი დენის ისტომინის წინააღმდეგ მატჩში პირველი ბრეიკ-პოინტები ქართველმა გამოიმუშავა, მაგრამ მეშვიდე გეიმში სამი ასეთი შანსი ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ, მე-11 გეიმში ნიკამ "მშრალი" ანგარიშით აიღო მეტოქის მოწოდება. მომდევნო გეიმში ქართველს გაუჭირდა სეტზე ჩაწოდება, სამი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია, მაგრამ მაინც მოიგო - 7:5. პირველი პარტია 53 წუთი გრძელდებოდა.
სამაგიეროდ, მეორე სეტში ბასილაშვილისთვის უფრო იოლი გამოდგა - 31 წუთში მან ორი
* * *
ნიკას რეალური შანსი გაუჩნდა - ამ სეზონში პირველად გასულიყო ATP-ის ტურნირის ფინალში. ნახევარფინალში ბასილაშვილის მეტოქე იყო მსოფლიოს 41-ე ჩოგანი, ფრანგი ბენუა პერი, რომელმაც მეოთხედფინალში ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, ბელგიელი დავიდ გოფენი დაამარცხა.
თუმცა, პერის წინააღმდეგ ბასილაშვილს პირველი სეტში საერთოდ არ წაუვიდა თამაში. მისმა მეტოქემ სამი ბრეიკის შესრულება მოასწრო და სარეკორდო დროში - 16 წუთში მოიგო პარტია.
სამაგიეროდ, მეორე სეტში ქართველ ჩოგბურთელს ჰქონდა მცირე უპირატესობა. მან დაალაგა საკუთარ მოწოდებაზე თამაში და ბრეიკ-პოინტებამდე არ უშვებდა მეტოქეს, თავად კი ორ-ორი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა მეხუთე და მეშვიდე გეიმებში, მაგრამ ოთხივე შანსი გაანიავა. სწორედ ეს გამოუყენებელი შანსები გახდა დამღუპველი ნიკასთვის.
საბოლოოდ, საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომელშიც ბასილაშვილი 3:1 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ, ზედიზედ ხუთი ქულა წააგო და მეტოქეს სამმაგი მატჩბოლი აჩუქა და ეს საჩუქარი პერმა კარგად გამოიყენა. ფრანგმა საათსა და ერთ წუთში 6:1, 7:6(5) მოიგო და ფინალში გავიდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"