გუშინ, 17 ნოემბერს, ლონდონის შემაჯამებელი ტურნირის მეორე ტურის 2 მატჩი გაიმართა.
რაფაელ ნადალი - დომინიკ ტიმი 6:7 6:7
მიუხედავად ორსეტიანი მატჩისა, თამაშმა მოლოდინი 100%-ით გაამართლა. პირველ სეტში მოთამაშეებმა საკუთარ მოწოდებაზე მეტოქეს შანსიც არ მისცეს. საბოლოოდ, ყველაფერი ტაიბრეიკმა გადაწყვიტა, სადაც ნადალს 5:2 მიჰყავდა, მაგრამ ტიმი მომენტალურად გამოფხიზლდა და 9:7 იმარჯვა.
რაც შეეხება მეორე სეტს, ზუსტად იმავე სცენარით მიმდინარეობდა. ბრეიკების გაცვლის შემდეგ საქმე კვლავ ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც ტიმი კვლავ შესანიშნავად გამოიყურებოდა და საბოლოოდ იმარჯვა კიდეც. მეორე ტაიბრეიკის ანგარიში 7:4 დომინიკის სასარგებლოდ გახლდათ.
მომდევნო 2 მატჩი 20 ნოემბერს გაიმართება, სადაც ტიმი რუბლევს, ხოლო ნადალი ციციპასს შეხვდება.
ნადალი-ციციპასს შორის ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვევა. ტიმმა გუშინდელი გამარჯვებით გაინაღდა ჯგუფიდან გასვლა.
ციციპასი - რუბლევი 6:1 4:6 7:6
მოქმედი ჩემპიონისა და ტურნირის დებიუტანტის მატჩმაც არანაკლებ გაამართლა. მიუხედავად პირველი სეტის ანგარიშისა, საბოლოოდ თამაშმა გულშემატკივარს 100%-ით სიამოვნება მიანიჭა.
რაც შეეხეა მეორე სეტს, თითქოს ჩოგბურთელები ტაიბრეიკისკენ მიიწევდნენ, მაგრამ ბერძენმა 4:5-ზე დათმო მოწოდება და მეორე სეტის საბოლოო ანგარიში 4:6 დააფიქსირა.
მატჩი გადავიდა მესამე, გადამწყვეტ სეტში, სადაც თითოეულ შეცდომას, შესაძლოა, მატჩის ბედი გადაეწყვიტა.
მოთამაშეებმა თავიანთი ჩაწოდება მოიგეს და მატჩი ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც მოქმედი ჩემპიონი სტეფანოს ციციპასი გამოდგა ჩემპიონი. მე-13 გეიმის ანგარიში გახლავთ 8:6.
რაც შეეხება დღევანდელ მატჩებს, დღეს A ჯგუფის თამაშებს ვიხილავთ.
პირველ ტურში ნოვაკ ჯოკოვიჩმა არგენტინელი დიეგო შვარცმანის დამარცხება მარტივად შეძლო ( 6:3 6:2 ), ხოლო მეორე თამაშში რუსმა მეოთხე ნომერმა დანილ მედვედევმა ალექსანდრ ზვერევი 6:3 6:4 დაამარცხა და ნახევარფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა.
დღის პირველი მატჩი 18:00 საათზე დაიწყება. ერთმანეთს ზვერევი და შვარცმანი დაუპირისპირდებიან. ორივე ჩოგბურთელს მოგება სჭირდება. დამარცხებული ჯგუფში ავტომატურად ჩარჩება. შესაბამისად, გულშემატკივარი კორტზე ბოლომდე ბრძოლას იხილავს.
ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს 4-ჯერ დაუპირისპირდნენ. ურთიერთშეხვედრების ანგარიში 2:2 გახლავთ.
რაც შეეხება მეორე მატჩს, ერთმანეთს დანილ მედვედევი და ნოვაკ ჯოკოვიჩი შეხვდებიან.
პირველი მატჩისგან განსხვავებით, აქ გამარჯვებული ნახევარფინალში გადის. ორივე ჩოგბურთელი შესანიშნავად გამოიყურება. წესითა და რიგით, გულშემატკივარმა შესანიშნავი მატჩი უნდა იხილოს.
ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს აქვს, რომელმაც 6 მატჩიდან 4-ის მოგება მოახერხა.
დღევანდელი მატჩი 00:00 საათზე დაიწყება.