ფიგურულ ციგურაობაში საიტამაში (იაპონია) მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღეს მოკლე პროგრამით წარდგნენ კაცები (ერთეულები), თავისუფალი პროგრამით - სპორტული წყვილები.
კაცებში საქართველოს ნაკრები მორის ყვითელაშვილით და ნიკა ეგაძით იყო წარმოდგენილი, სპორტულ წყვილებში კი კარინა საფინა და ლუკა ბერულავა გამოვიდნენ.
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელმა მორის ყვითელაშვილმა სავალდებულო, მოკლე პროგრამაში მსაჯებისგან 73.05 ქულა დაიმსახურა, 21-ე ადგილზე გავიდა და საუკეთესო 24-ში მოხვედრით თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება მოიპოვა. არ გაუმართლა ნიკა ეგაძეს,
რომელიც 34 მონაწილეს შორის 65.17-ქულიანი შეფასებით 29-ე ადგილზე აღმოჩნდა.
თავისუფალ პროგრამაში 86.01 ქულა მიიღო კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა, რაც მე-20 ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი, მოკლე პროგრამის შედეგის (60.98 ქულა და მე-14 ადგილი) გათვალისწინებით კი, მათი საბოლოო შედეგია მე-19 ადგილი 146.99 ქულით.
წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი