"სილვესტერ სტალონე უნდა ჩამოსულიყო ოთხი დღით... მაგას დაემთხვა გავრილოვის ღამე“ - სოსო ჯაჭვლიანი მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატის ჩაშლის სკანდალურ დეტალებს ასაჯაროებს

AutoSharing Option
"TV პირველზე" გადაცემა "რეაქციის" სტუმარი მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი გახლდათ, რომელმაც საინტერესო ამბები გაიხსენა:

"ალბათ, ახლა მაყურებელი გვიყურებს და ფიქრობს, არჩევნებია და ჯაჭვლიანი რატომ ლაპარაკობს ახლა ამ თემებზეო... ეს ხდება იმიტომ, რომ იძულებული გავხდი, გამოვსულიყავი და ამ თემაზე მელაპარაკა.

17 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო და 26 სექტემბერს, 1 კვირის წინ, საქართველოში მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატი უნდა დამთავრებულიყო, რომელიც არ შედგა.

ეს იყო უზარმაზარი პროექტი... უნდა ჩამოსულიყო 80-მდე ქვეყანა, ოლიმპიური კომიტეტის თავჯდომარე თომას ბახი, ასევე - პარაოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე. ჩვენი ქვეყნის 2:30-საათიანი
რეკლამა უნდა გასულიყო "ევროსპორტზე" და ოლიმპიურ არხზე. ეს იქნებოდა ტურისტული და ცნობადობის გაზრდის მხრივ ძალიან მაგარი რაღაც...

უკვე მოლაპარაკებულები ვიყავით, რომ შეჯიბრება უნდა გაეხსნა სილვესტერ სტალონეს და ის საქართველოში 4 დღით ჩამოსულიყო.

2019 წელს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მთხოვა, რომ თუ შესაძლებელი იქნებოდა, 2020 წელს საქართველოში ჩატარებული ყოფილიყო მსოფლიო ჩემპიონატი.

მთავრობამ მოვიწვიეთ მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი, ჩამოვიყვანეთ საქართველოში და პრემიერთან და მინისტრებთან შეხვედრა შედგა.

შედგა მოლაპარაკება... მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტმა თქვა, რომ საერთოდ ჩემპიონატი ტარდება ოქტომბერ-ნოემბერში, ბახტაძის თხოვნა კი იყო, რომ 2020 წელს არჩევნებია და არჩევნებამდე ჩატარებულიყო ეს ჩემპიონატი.

დავდეთ კონტრაქტი და შევუდექით სამუშაოს, მაგრამ ეს, იცით, რატომ არ გახმოვანდა მაშინვე?! - დაემთხვა გავრილოვის ღამე. გადაიფარებოდა ყველაფერი და სატელევიზიო რეკლამა არ გაგვიკეთებია.

მოგეხსენებათ, შემდეგ რა მოხდა... 2020 წელს ოლიმპიადა გადაიდო, პანდემია და ა.შ... რის გამოც საქართველოში გასამართი ჩემპიონატი გადაიდო 2021 წლისთვის.

მკლავჭიდის ფედერაციაში იყო არეულ-დარეულობა... 4 ადამიანი იყო, ვინც მანდ ყველაფერს ურევდა. მათი გვარების ხსენებაც არ მინდა, რადგან ეს მათთვის რეკლამა იქნება.

მათი მიზანი იყო, რომ მსოფლიო ჩემპიონატი არ უნდა ჩატარებულიყო... ამას აქვს როგორი ისტორია... გადავიდეთ 2012 წელში...

2012 წელს, როდესაც პარლამენტის წევრი გავხდი, ვიყავი სააქციო საზოგადოება "ქართული ფილმის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

როდესაც დეპუტატი გავხდი, ეს თანამდებობა დავტოვე. 2013 წელია ჩემთან მოდის მაგრად აღშფოთებული 10-20 ადამიანი და მეუბნებიან, ეს ვინ დანიშნეთ სტუდიაში დირექტორადო, რაზეც ვუთხარი, რომ საქმის კურსში არ ვიყავი.

მითხრეს, სტუდიის დირექტორად კალაძის ცოლის მამიდა მაია არეშიძე დაინიშნაო... ამდენი წარმატებული და ცნობილი რეჟისორია ქართულ ფილმში და რატომ დანიშნეთ ეს ადამიანიო...

მაშინ ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ამის შესახებ ვესაუბრე და მან მკითხა, შენ რა, საქმის კურსში არ ხარო?! - რაზეც ვუთხარი, რომ არაფერი არ ვიცოდი...

მოხდა ისე, რომ 10 საათზე დანიშნული მაია არეშიძე 16:00 საათზე მოხსნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამის მერე, 2013/14-წლებში, როდესაც ქალაქის სპორტის სამსახურის უფროსი კალაძის ცოლის ძმა გიორგი არეშიძე იყო, პარლამენტთან იწყება მიტინგები, რათა მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტობიდან გადავმდგარიყავი...

გავიგე, რომ ამ საქმეში ერია არეშიძე. დავურეკე მას და მან მითხრა, რომ ამ ხალხთან არანაირი შეხება მე არ მაქვსო.

მერე ხომ გამოჩნდა, შარშან "ფორმულამ" გააკეთა სიუჟეტი და მან აღიარა, რომ ამ ბიჭების მეგობარი ვარო.

მოკლედ, მე უნდა გადავეყენებინე ფედერაციის პრეზიდენტობიდან და ეს პოსტი ამ ხალხისთვის გადაებარებინათ.

ხდება ამ ბიჭების პერმანენტული აქტიურობა და აქედან მოყოლებული, ჯვარს მაცვეს...

2020 წელს ეს ბიჭები უკვე ჩემთან ფედერაციაში დანიშნულები იყვნენ მწვრთნელებად... ჩვენ მივიღეთ კანონი, რომ თუ სპორტსმენს შესაბამისი განათლება და ცოდნა არ აქვს, მას არ შეუძლია იმუშაოს ამ თანამდებობაზე.

მე მათ მივეცი გონივრული ვადა, მაგრამ მათ არც სერტიფიკატი აუღიათ და არც არაფერი, რის გამოც იძულებული გავხდი, ისინი გამეთავისუფლებინა.

ისინი ამ ხნის განმავლობაში სულ გამოსვლებს აწყობდნენ, ყრილობებს არ გვატარებინებდნენ და სულ ამ რეჟიმში ვიყავით...

2020 წელს იძულებული გავხდი, კახისთან დამერეკა, მას შემდეგ, რაც ამ ბიჭების შესახებ ზემოთ აღნიშნული სიუჟეტი გავიდა...

2 თვის განმავლობაში მას ვერ შევხვდი... ვწერდი და მეუბნებოდა, რომ დღეს-ხვალ შემხვდებოდა... ყველანაირი ლოგიკით ჩემი ფიქრი წავიდა იმისკენ, რომ კახი კალაძე საქმის კურსშია.

2020 წელს ბიძინა ივანიშვილმაც კი დაურეკა კახი კალაძეს და სთხოვა, სოსო ჯაჭვლიანს შეხვდიო. ივანიშვილი უფრო ადვილად მისაღწევი აღმოჩნდა ჩემთვის, ვიდრე კალაძე.

კალაძემ უთხრა, შევხვდებიო, მაგრამ ამ დროს, იცი, რა ხდება?! - ხვდებიან ვიღაცები ჩემს მეუღლეს და ეუბნებიან, ბოლო-ბოლო, დაანებოს ამ შენმა ქმარმა ამ მკლავჭიდს თავიო...

მანამდე, სანამ კალაძესთან კავშირზე გავიდოდი და შეხვედრას მოვითხოვდი, ერთი ცნობილი ადამიანია, რომლის სახელს და გვარს არ დავასახელებ, იმის პირით გიორგი არეშიძემ შემომითვალა, რომ წავიდეს ფედერაციიდან, თორემ ტელევიზიებით გავაშავებთო და მართლაც ასე მოხდა...

ვატარებდი გამგეობის სხდომას. ზემოთ ნახსენებმა ბიჭებმა ატეხეს წივილ-კივილი და ერთი ამბავი... საღამოს კი ტელევიზიით მხოლოდ ისინი აჩვენეს და ჩემი ინტერვიუ არავის არ მოუსმენია.

დავრეკე ტელევიზიაში და ვიკითხე, რატომ მოხდა ასე-მეთქი? - მიპასუხეს, რომ ფორმატია ასეთიო... ამ ყველაფრის გათვალისწინებით მინდოდა სწორედ შეხვედრა კახი კალაძესთან.

ამ ყველაფერზე არ ვისაუბრებდი, 2014 წლიდან მიდიოდა ეს ყველაფერი, მაგრამ როდესაც შენი ოჯახის წევრს ხვდებიან, აქ უკვე არც ქოცი ვარ, არც ნაცი ვარ, არც მემარჯვენე და არც მემარცხენე... მინდოდა, რომ მაყურებელთან ჩემი სიმართლე მიმეტანა", - ამბობს სოსო ჯაჭვლიანი.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ასეა ბატონო სოსო, სანამ პირადად არ შეგეხებათ პრობლემა ზიხართ თბილად და ყველაფერი კარგადააო გვიმტკიცებთ. არც თქვენ და არც ის მეორე მხარე ქვეყნის ამშენებლები რომ არ ხართ, აგერ უკვე ცხრა წელია ვხედავთ. დღესაც გვიმტკიცებს მთავრობა, რომ აღმავლობის გზას ვადგავართ, რომ დიდი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რომ ყველაზე სტაბილური პერიოდი გვიდგას ერთი ღმერთკაცის დამსახურებით და ა.შ. თქვენც იგივე აზრზე იქნებოდით ეს ამბები რომ არ დაგმართნოდათ. და სხვას რომ ეთქვა ასე დამემართაო იტყოდით ტყულია, ნაცებს შეეკრაო, პროვოკაციას გვიწყობენ ჩვენს გუნდსო და ა.შ. ამიტომ, თუ მსახიობი, სპორტსმენი ან რეჟისორი ხარ შენი საქმე უნდა აკეთო და არ იპოლიტიკოსო. პოლიტიკოსს სხვა ინტელექტი და გამოცდილება სჭირდება, სულ ცოტა, იბიარდი მაინც უნდა იცოდე რა არის და კითხვა მაინც შეგეძლოს მშობლიურ ენაზე.
არ დამიწყოთ ნაცი ხარო!
13:18 08-10-2021
7
კაი მადიანი ყოფილა კარლოიას ბიჭი
Giusha3232
11:58 08-10-2021
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული