TimeLine: თქვენ ხომ გამოზარდეთ ილიჩები!

AutoSharing Option
ფეხბურთი მძიმე რამაა, ვიდრე მოედანზე სათამაშოდ გახვალ, უამრავი ოფლი უნდა დაღვარო, რომ ტრიბუნებიდან ხალხმა ტაში დაგიკრას. სახუმარო ამბავი ნამდვილად არ არის!

თუმცა, რატომაც არა - სწორედ რომ დაძაბული შრომის შემდეგ გჭირდება კაცს ხუმრობა, გართობა განტვირთვა. ჰოდა, გავერთოთ და განვიტვირთოთ.

გთავაზობთ რამდენიმე სახალისო ამბავს საფეხბურთო ისტორიიდან.

სიტყვის მსაჯი
იტალიაში, ორი ქვედალიგელი გუნდის, "კოსტამასნაგასა" და "ბარცაგეზეს" მატჩის შემდეგ გულშემატკივარი "შთამბეჭდავი" სანახაობის მომსწრე გახდა: 40 წლის გვერდითმა არბიტრმა ფაბიო ბრუზადელიმ მთლად გაიხადა და მოედანზე დედიშობილა შევარდა.

სიტყვის კაცი ყოფილა: ნაძლევი დაუდვია, რომლის მიხედვით, თუ
"კოსტამასნაგა" მოიგებდა, მოედანზე შიშველი უნდა შესულიყო. არადა, არბიტრს სერიოზული ფორა ჰქონდა - "კოსტამასნაგას" იმ სეზონში მანამდე ერთადერთი მოგება ჰქონდა. "ბარცაგეზეს" კი 2:0 აჯობა.
11-მეტრიანი მარათონი

"ლითლთაუნისა" და "სტორტეს ჰოლის" მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. გამარჯვებული 11-მეტრიანების სერიას უნდა გამოევლინა. მივიდა ლითლთაუნელი, დაარტყა, მეკარემ აუღო; მივიდა ჰოლელი - იმასაც აუღო... თითო მეკარემ 17 დარტყმა მოიგერია, ისე რომ ერთი გოლიც არ გაუშვია. დაღამდა, სერია გულშემატკივართა მანქანების სინათლის ფონზე გაგრძელდა...

...და გინესის რეკორდების წიგნში შესვლით დასრულდა. მეკარეებმა ხომ ერთმანეთის მიყოლებით 34 პენალტი აიღეს.

პაიჭაძე და... ლენინი
საბჭოეთის დროს ქართული ფეხბურთი გენერალ ჯინჭარაძეს ებარა. დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. თუმცა როდესაც "დინამოს" წარმატებებმა იკლო, ცეკაში დაიბარეს და რეზერვების არასათანადოდ მომზადებაში დასდეს ბრალი.

- რამდენი საფეხბურთო სკოლა შექმენით, მაგრამ ერთი პაიჭაძეც ვერ გაზარდეთ! - უყვიროდა პარტიული ბოსი.

გენერალი ჯინჭარაძე არ დაიბნა:

- თქვენთან ყველაფერი კარგადაა? ყოველ ფეხის ნაბიჯზე პარტიული სკოლაა, მაგრამ ერთი ლენინიც ვერ მოგიმზადებიათ!

ფეხბურთელები ციდან
ბრაზილიის შტატის, გუანაბარას, ჩემპიონატის მსვლელობისას "ფლამენგოს" ფეხბურთელები მოედანზე 9 კაცით გამოვიდნენ. "ამერიკამ" ერთი გოლი გაუტანა და დაწინაურდა, მაგრამ მალე ციდან დახმარება მოვიდა - "მარაკანას" სტადიონზე ვერტმფრენმა "ფლამენგოს" ორი ფეხბურთელი ჩამოიყვანა და გუნდიც წაგებას გადაურჩა - 1:1.

თვითგაძევება
ინგლისის ერთ-ერთ სამოყვარულო ლიგაში არბიტრმა საკუთარი თავი გააძევა. 63-ე წუთზე "როიალ მეილის" ფეხბურთელებმა "პიტესრბოროს" გოლი გაუტანეს. პიტესრბოროელთა მეკარე გაცხარდა, მსაჯს მივარდა - შენ ხომ ჩვენს სასარგებლოდ არასოდეს სტვენო.

ეს იყო ბოლო წვეთი არბიტრ ედნი უეინის მოთმინების ფიალაში, ერთი დარტყმით მეკარეს თვალი ჩაულურჯა. წამიერად მან დანაშაული გაიაზრა, ჯიბიდან წითელი ბარათი ამოიღო, საკუთარ თავს უჩვენა და მატჩიც დასრულებულად გამოაცხადა - არბიტრი აღარ გყავთო.

ედნი უეინი პარალელურად თავს ტრაილერის მძღოლობით ირჩენდა.

ქომაგის დაბადება
"ყველაზე პატარა გულშემატკივარი ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს", - წერდა 60-იან წლებში ერთ-ერთი ინგლისური გაზეთი. ასეც იყო - ედი ჰარტფორდი "სტოკ სიტისა" და "არსენალის" მატჩის მსვლელობისას დაიბადა და უამრავი პრივილეგიაც მიიღო:

იმავე დღეს ახალდაბადებულს საფეხბურთო ბურთი აჩუქეს მატჩის მონაწილე ყველა ფეხბურთელის ავტოგრაფით; გადასცეს 50 ფუნტი სტერლინგი; "სტოკ სიტის" მენეჯერმა სახალხოდ გამოაცხადა, რომ პატარა ედი გუნდის თილისმად იქცეოდა და ყოველ გასვლით მატჩზე წაიყვანდნენ.

პანღური
ოთარ გაბელიას მონათხრობიდან:
- ხარკოვში ვეთამაშებით "მეტალისტს". ბარემ გეტყვით, რომ ჩემი სიდედრი წარმოშობით ხარკოველია. წვიმს, საშინელი ამინდია. არ მიგვდის თამაში. მესამე ბურთი რომ გავუშვი, მინდორზე ფოტორეპორტიორი შემოვარდა და სიტყვასიტყვით მითხრა: "ვინიმაი ტრეტიუ ბანკუ". ჯერ ისედაც გაგიჟებული ვარ და ამან ხომ მთლად გადამრია კაცი. წიხლი ვუთავაზე და გავეკიდე. ფოტოაპარატი ასფალტზე გაუტყდა, მე არ დამიმტვრევია. დისკვალიფიკაციას გადავრჩი - ფოტოგრაფს არ ჰქონდა მინდორზე შესვლის უფლება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული