3 მარტივი, ნოყიერი და გემრიელი საუზმე, რომელსაც ყველა სიამოვნებით მოამზადებს

AutoSharing Option
საკვების მიღების საკითხში საუზმე ყველაზე მნიშვნელოვანია. ის გავსებს ენერგიით, რომელიც მთელი დღე მიგყვება. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რას მიირთმევ დილას. საუზმესთან დაკავშირებით ერთი დილემა არსებობს: თქვენ ახალგაღვიძებული ხართ და დიდად არ იწვით სურვილით, სამზარეულოში კულინარიული გმირობა ჩაიდინოთ. არც მძიმე საკვების მიღება გსურთ. უნდა მოამზადოთ ისეთი საუზმე, რომელიც იქნება გემრიელი, სწრაფი და ნოყიერი. 

სწორედ ამიტომ, „ნიკორა“ წარმოგიდგენთ ნოყიერი და მარტივი საუზმის რეცეპტებს, რომელთა მომზადებას მარტივად და სიამოვნებით შეძლებთ:

  1. ენერგეტიკული საუზმე

    Sportall.Ge

    "ენერგეტიკული საუზმე" - დღის საუკეთესო დასაწყისია. ძალიან გავრცელებულია ინგლისში და ხშირად
    „ინგლისური საუზმის“ სახელითაც მოიხსენიებენ. თუ წინ რთული დღე გაქვთ, რომელიც დიდ ენერგიას მოითხოვს, აუცილებლად ეცადეთ, რომ დილით კარგად დანაყრდეთ.

    ინგრედიენტები:

    • კვერცხი 1 ცალი
    • 3 ნაჭერი "ბეკონი"
    • სოსისი ან სარდელი 2 ცალი (გემოვნებით)
    • პომიდორი 1 ცალი
    • სოკო "შამპინიონი" 3-4 ცალი
    • მარილი, პილპილი გემოვნებით

    მომზადება:

    სოკო დაჭერით და შეწვით ცხელ ტაფაზე (შეგიძლიათ გამოიყენოთ დაკონსერვებული სოკოც). მას შემდეგ, რაც სოკო საკუთარ წვენს შეიშრობს, პომიდორი გაჭერით შუაზე და ისიც შეწვით ტაფაზე. პომიდორი აუცილებლად ცოცხალი უნდა იყოს. როგორც კი დარბილდება და ოდნავ ფერს შეიცვლის, ამოიღეთ ტაფიდან (შეგიძლიათ პომიდორი შეწვის გარეშეც მიირთვათ კერძთან ერთად). სოკოს მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი და პილპილი. ცალკე შეწვით კვერცხი, 2 ცალი სოსისი და "ბეკონი". განსაკუთრებით გემრიელად იწვება "ბეკონი". თუ ტაფაში ცოტაოდენ კარაქს ჩააგდებთ, გაცილებით გემრიელი საუზმე გამოგივათ. სოსისი მალ-მალე გადააბრუნეთ, რომ ყველა მხრიდან თანაბრად დაიბრაწოს. რაც შეეხება პურს, "ენერგეტიკულ საუზმეს" ყველაზე მეტად გახუხული ტოსტის პური უხდება.


  2. ჩემპიონის საუზმე

    Sportall.Ge

    თუ აქტიურად ვარჯიშობთ ან ფიზიკურ სამუშაოს ეწევით, თქვენ პროტეინებით გაჯერებული საუზმე უნდა მიირთვათ. ცილა თქვენ კუნთის მასას გაზრდის, მოგცემთ ძალას და შემდეგ ჭამამდე მხნეობას შეგინარჩუნებთ. რას მოიცავს „ჩემპიონის საუზმე“? - ჩვენ გირჩევთ გამოიყენოთ 3 ინგრედიენტი, რომლებიც ცილებითაა მდიდარი: რძე, კვერცხი და ხორცი. შეარჩიეთ ქათმის ან სასენდვიჩე მოხარშული ძეხვი.

    ინგრედიენტები:

    • ლავაში 1 ცალი
    • ქათმის ძეხვი 4 ნაჭერი
    • კვერცხი 1 ცალი
    • არაჟანი 1 ს/კ
    • მარილი გემოვნებით

    მომზადება:

    ტაფაზე შეწვით ერბოკვერცხი. ლავაშს თხლად წაუსვით არაჟანი, დადეთ ქათმის ძეხვის 2 ნაჭერი, ზემოდან დაადეთ შემწვარი კვერცხი, კვლავ ძეხვის 2 ნაჭერი და გადაახვიეთ რულეტივით. საუზმეს მიაყოლეთ 1 ჭიქა რძე, კაკაო ან რძიანი ყავა.



  3. ინტელექტუალის საუზმე

    Sportall.Ge

    გონებრივი სამუშაო ბევრ ენერგიას ითხოვს. შემწვარი სენდვიჩი ლორითა და ყველით, ძალიან კარგი არჩევანია. გამოიყენეთ ცოცხალი სალათის ფოთოლი, რომ საუზმე რაღაც ცოცხალს და წვნიანს შეიცავდეს.

    ინგრედიენტები:

    • ნაღების კარაქი 50 გრ (დარბილებული)
    • 4 ნაჭერი თეთრი ტოსტის პური
    • 2 ჩ/კ მოტკბო მდოგვი
    • 100 გრ ლორი (თხლად დაჭრილი)
    • 80 გრ ყველი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველის ფირფიტები)
    • მჟავე კიტრი (მწნილი) 1 ცალი
    • სალათის ფოთოლი

    მომზადება:

    მდოგვი შეურიეთ დარბილებულ 20 გრამ კარაქში და წაუსვით პურის ნაჭრებს ერთი მხრიდან. ზემოდან დაადეთ ლორი, თხლად დაჭრილი მჟავე კიტრი და ყველი. დააყარეთ ცოტაოდენი პილპილი. ზემოდან დააფარეთ ასევე სოუსწასმული პურის ნაჭერი და კარგად დააწექით. დარჩენილი კარაქი დააგდეთ ტაფაზე და საშუალო ცეცხლზე მოათავსეთ ბუტერბროდი. შეწვით 2 წთ თითო მხრიდან. როდესაც გადმოიღებთ თეფშზე, ჩაუდეთ სალათის ფოთოლი და ისე მიირთვით!

    ვიმედოვნებთ, რომ ამ გემრიელი საუზმეებიდან რომელიმე მაინც გახდება თქვენი მენიუს შემადგენელი ნაწილი!


მკითხველის კომენტარები / 2 /
როდიდან გახდა დაუდგენელი პროდუქტებისგან წარმოებული სოსისი ჯანსაღი კვების შემადგენელი
Givi
11:43 15-02-2021
0
არაჯანსაღი საკვების 3 ეტალონი! ანუ ნიკორა გვირჩევს, დაიხოცეთ თავებიო.
ILIA
14:58 12-02-2021
0

სიახლეები პოპულარული