ქართველი ოლიმპიელები თომას ბახს შეხვდნენ

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ინიციატივით, 30-მდე ქვეყნის სპორტსმენთა მონაწილეობით პიონჩანგში გაიმართა წარმომადგენლობითი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა IOC-ის პრეზიდენტი თომას ბახი. შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინეს ინფორმაცია ოლიმპიური სოლიდარობის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების, მათ შორის - სპორტის ზამთრის სახეობების სპორტსმენთა დახმარების პროგრამის შესახებ.

ითქვა, რომ ამ პროგრამით ისარგებლეს ათეულობით ქვეყნის წარმომადგენლებმა, რომელთა უმეტესობამ მოიპოვა ოლიმპიური ლიცენზია, არაერთი მათგანი კი წარმატებით გამოდის პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებში. სოლიდარობის პროგრამაში ჩართული იყო ოთხივე ქართველი ოლიმპიელი, რომლებიც ყოველთვიურად ღებულობდნენ სოლიდურ სტიპენდიას. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შუამდგომლობით და IOC-ის დახმარებით, მათ
უშუალოდ პიონჩანგში ასევე გადასცეს უმაღლესი ხარისხის საშეჯიბრო ეკიპირება.

IOC-ის ბენიფიციართა შორის არის ჩვენი სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაური, რომელიც თანაგუნდელ იასონ აბრამაშვილთან და სეოკ-ის საერთაშორისო სამსახურის უფროსთან, რუსუდან აფციაურთან ერთად ესწრებოდა პიონჩანგში გამართულ შეხვედრას. წიკლაურმა ოლიმპიელთა სახელით მადლობა გადაუხადა ოლიმპიური სოლიდარობის მმართველ გუნდს, ასევე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებს სპორტსმენების მხარდაჭერისთვის.

თომას ბახმა წიკლაურს აქტიურობა მოუწონა და აღნიშნა, რომ საქართველოში ზამთრის სპორტის განვითარებისთვის კარგი ბუნებრივი პირობებია, სპორტული ინფრასტრუქტურის გაფართოებასთან დაკავშირებით კი ქვეყნის ხელისუფლებას სერიოზული გეგმები აქვს.

ბახმა გაიხსენა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, სეოკ-ის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვთან და ქართული დელეგაციის სხვა წევრებთან ამასწინდელი ოფიციალური შეხვედრა, რომელიც ლოზანაში, IOC-ის შტაბ-ბინაში გაიმართა. სწორედ ამ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ზამთრის სპორტის განვითარების და დიდი საერთაშორისო შეჯიბრებების გამართვის მნიშვნელოვანი საკითხები.

მომზადებულია geonoc.org.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული