21 ივნისს მინსკში რიგით მეორე ევროპულმა თამაშებმა აიღო სტარტი.
თამაშების პირველ დღეს ასპარეზობაში ქართველი სპორტსმენები ჩაებნენ, რომლებიც წარმატებულად ასპარეზობენ.
ქართველი სპორტსმენი ჯაბა მოსეშვილი მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე მშვილდოსნობის ერთეულთა თანრიგში 1/32-ფინალში გავიდა.
სარეიტინგო რაუნდში მოსეშვილმა 648 ქულა დააგროვა და 23-ე ადგილი დაიკავა.
მისი მეტოქე 1/32-ფინალში ხორვატი მატია მიჰალიჩი იქნება, რომელმაც სარეიტინგო რაუნდში 42-ე ადგილი დაიკავა. გამარჯვების შემთხვევაში მოსეშვილი 1/16-ფინალში ჰოლანდიელ სტივ ვიჟლერს შეხვდება, რომელმაც სარეიტინგო რაუნდში მე-10 ადგილი დაიკავა.
1/32-ფინალური ეტაპი 24 ივნისს, ჩვენი დროით 10 ივნისიდან დაიწყება.
რაც შეეხება
ჩვენს მეორე მშვილდოსან ციკო ფუტკარაძეს, მან ქალების სარეიტინგო რაუნდში 602 ქულა დააგროვა და 39-ე ადგილი დაიკავა.
ფუტკარაძე 1/32-ფინალში პოლონელ სილვია ზაიზანსკის (26) შეხვდება, ხოლო თუ გაიმარჯვა, 1/16-ფინალში რუს ანა ბალსუკოვას დაუპირისპირდება, რომელმაც პირველ რაუნდში მე-7 ადგილი დაიკავა.
1/32-ფინალური ეტაპი ქალებს შორის 25 ივნისს, ჩვენი დროით 10:00 საათიდან დაიწყება.
შერეულ წყვილებში მოსეშვილი/ფუტკარაძის წყვილმა 1/16 ფინალში პოლონეთი 5:1 დაამარცხა, მაგრამ მერვედფინალში ჰოლანდიასთან 4:5 დამარცხდა.
რაც შეეხება ჩვენს მოკრივეებს, არტუშ გომციანმა 1/16-ფინალში პოლონელ იაროსლავ ივანოვს მოუგო და მერვედფინალში რუს ბახტოვარ ნაზიროვს შეხვდება. ეს შეხვედრა 24 ივნისს, ჩვენი დროით 15:00 საათიდან დაიწყება.
გიორგი ხარაბაძემ (75) 1/32-ფინალურ შეხვედრაში სერბ მილოშევ სავიჩს სძლია და 1/16-ფინალში გავიდა, სადაც აზერბაიჯანელ კამრან შახსუვარლის 22 ივნისს, ჩვენი დროით 16:00 საათიდან შეხვდება.
ნიკოლოზ ბეგაძემ (91) 1/16-ფინალში ლუქსემბურგელ მიშელ ერფელდინგს მოუგო და მერვედფინალში უკრაინელ რამაზან მუსლომოვს 23 ივნისს, ჩვენი დროით 16:00 საათზე შეხვდება.
მიხეილ ბახტიძემ (+91) 1/16-ფინალურ დაპირისპირებაში უნგრელი იშტვან ნაგი დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე ირლანდიელ დინ გარდინერთან 24 ივნისს ჩვენი დროით 16:30 საათზე უწევს ბრძოლა.