უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გათვალისწინებით, რომლის გამოც რუსი სპორტსმენები საერთაშორისო სარბიელიდან მოიკვეთნენ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი აცხადებს, რომ ქვეყნების მთავრობები არ უნდა წყვეტდნენ, ვინ უნდა გამოვიდეს საერთაშორისო ასპარეზობებზე და ვინ - არა.
შეგახსენებთ, რომ 25 იანვარს IOC-ის აღმასკომი საერთაშორისო შეჯიბრებებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ნეიტრალური სტატუსით დაშვების წინადადებით გამოვიდა, თუმცა იქვე ხაზი გაუსვა, რომ შეჯიბრებებზე არ უნდა დაიშვან ის სპორტსმენები, რომლებიც უკრაინაში დაწყებულ საომარ მოქმედებებს მხარდაჭერას უცხადებენ. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ სპორტის მინისტრთა საერთაშორისო სამიტზე 35 ქვეყანა
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაშვების წინააღმდეგ გაერთიანდა.
"ავსტრალიის ღია პირველობაზე ვნახეთ უკრაინელი ჩოგბურთელის (კატერინა ბაინდლი) შეხვედრა რუსული პასპორტის მქონე ნეიტრალური სტატუსით მოთამაშე (კამილა რახიმოვა) მეტოქესთან. ვნახეთ ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე ბელარუსი ჩოგბურთელი (არინა სობოლენკო), რომელმაც მოიგო კიდეც ავსტრალიის ღია პირველობა. მაშ, რატომ არ შეიძლება, რომ იგივე მოხდეს აუზში ან დარბაზში? ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ადამიანის უფლებების პრობლემებს და მათ უნდა ვითვალისწინებდეთ.
მთავრობების გადასაწყვეტი არ არის, ვის შეუძლია სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა. ეს იქნებოდა საერთაშორისო სპორტული ასპარეზობების დასასრული, რომელსაც დღეს ამ სახით ვიცნობთ", - განაცხადა თომას ბახმა.
წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი