ნონა გაფრინდაშვილი იუბილარია - როგორ დაიწყო ქართველი მოჭადრაკის თავბრუდამხვევი კარიერა

AutoSharing Option
დღეს მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოჭადრაკის დაბადების დღეა - ნონა გაფრინდაშვილი 78 წლის გახდა. კიდევ ერთხელ გაგახსენებთ იმას, რაც ქართველ დიდოსტატ ქალზე ისედაც კარგად ვიცით.

ნონა ტერენტის ასული გაფრინდაშვილი დაიბადა 1941 წელს, ქალაქ ზუგდიდში. მამა პროფესიულ სასწავლებელში საბუღალტრო საქმეს ასწავლიდა, დედა დიასახლისი იყო. დიდი ოჯახი ჰქონდათ - ნონას 5 ძმა ჰყავდა. გასაგები მიზეზების გამო ის ბავშვობიდან ბიჭებს უწევდა კონკურენციას- უფროს 4 ძმასთან ერთად თამაშობდა ფეხბურთსა და ჭადრაკს. თავიდან მხოლოდ უყურებდა, შემდეგ ძმებმა დას თამაში ასწავლეს.

ერთხელ ერთ-ერთმა ძმამ სიცხის გამო მონაწილეობა
ვერ მიიღო შეჯიბრებაში, რომელიც ზუგდიდის პიონერთა სასახლეში იმართებოდა. ნონა თავისი ძმის ადგილას დაჯდა და მალევე მოუგო მოწინააღმდეგეს, რომელიც მასზე გაცილებით უფროსი იყო. ამის შემდეგ ნიჭიერ გოგონას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს.

12 წლიდან ის უკვე თბილისის პიონერთა სასახლეში თამაშობდა ჭადრაკს. მისი ხელმძღვანელი ვახტანგ ქარსელაძე იყო, ადამიანი, რომელმაც ქართული ქალთა საჭადრაკო სკოლა ჩამოაყალიბა. 14 წლიდან თბილისში სასწავლებლად გადმოვიდა, 15 წლის ასაკში კი თბილისისა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

19 წლის ასაკში უფლება მიიღო, ეთამაშა ტურნირზე ვრიანჩკა ბანიაში (იუგოსლავია, 1961 წელი), სადაც პირველი ადგილი არავის დაუთმო. გაფრინდაშვილმა  13 ქულა მოიპოვა 16 შესაძლებლიდან და 2 ქულით გაუსწრო მეორეადგილოსანს.

1962 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე ელიზავეტა ბიკოვა დაამარცხა (9:2) და ისტორიაში მე-5 მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

"სახლში როგორ დამხვდნენ?! მატარებლით მივდიოდით და სოხუმის შემდეგ თითქმის ყველა სადგურზე გავჩერდით. ამოდიოდნენ ადამიანები და ყვავილებს მჩუქნიდნენ. თბილისის სადგურზე საერთოდ გასაოცარი ამბავი იყო. იმდენი ადამიანი გახლდათ შეკრებილი, რომ ჩემ დასახვედრად მოსულმა მამაჩემმა ფეხსაცმელი დაკარგა" - ერთხელ თქვა ნონა გაფრინდაშვილმა.

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვების შემდეგ მოჭადრაკემ საკუთარ თავს ახალი მიზანი დაუსახა - კაცთა შეჯიბრებაც უნდა მოეგო. ხანგრძლივმა ვარჯიშებმა, სტრატეგიასა და ტექნიკაზე თავდაუზოგავმა მუშაობამ, ასევე, თამაშის უნიკალურმა სტილმა მისცა ნონა გაფრინდაშვილს შესაძლებლობა, არაფრით ჩამოვარდნოდა კაცებს სხვადასხვა შეჯიბრებაზე.

მან მოახერხა გამარჯვების მოპოვება ტურნირზე ჰოსტინგში (აშშ, 1963-64), ლონ პეინში გამართულ აშშ-ის ღია პირველობაზე (1977), რეჯიო ემილიაში (იტალია, 1983), ვიიკ ან ზეეში (ჰოლანდია, 1987). აშშ-ში გამარჯვების შემდეგ ნონა გაფრინდაშვილი გახდა პირველი ქალი მოჭადრაკე, რომელმაც დიდოსტატის წოდება მიიღო.

ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში ფლობდა - 16 წელი. ამ დროის განმავლობაში მან 5 დიდი თამაში გამართა. 3-ჯერ ალა კუშნირი დაამარცხა, ერთხელ - ნანა ალექსანდრია. მე-5 შეხვედრაში, რომელიც 1978 წელს, თბილისში გაიმართა, ნონა გაფრინდაშვილი მაია ჩიბურდანიძესთან დამარცხდა.

მიუხედავად ამ მარცხისა, ნონა გაფრინდაშვილი წლების განმავლობაში იყო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოჭადრაკე.

Sportall.Ge

გაფრინდაშვილმა 5-ჯერ მოიგო სსრკ-ის ჩემპიონატი ქალებს შორის (1964, 1973/74, 1981, 1983, 1985). 10-ჯერ იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. 1963-86 წლებში 11 გუნდური და 9 პირადი ოქროს მედალი მოიპოვა ოლიმპიადებზე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1992 წელს, ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გაიმარჯვა.

1989 წლიდან 1996 წლამდე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე იყო. 2002 წელს თბილისის საკრებულოს წევრი გახდა.

ნონა გაფრინდაშვილი დღემდე აგრძელებს მონაწილეობას სხვადასხვა ტურნირში.

"საჭადრაკო ცხოვრება ჩემთვის არ დამთავრებულა. დიდი სიამოვნებით ვიღებ შემოთავაზებებს სხვადასხვა ტურნირზე, მაგრამ უკვე ვეტერანებს შორის. ჩემს ასაკში არ ღირს, შევეჯიბრო ახალგაზრდებს, ბუნებას ვერ მოატყუებ" - თქვა ნონა გაფრინდაშვილმა.

ნონა გაფრინდაშვილმა 2018 წლის აგვისტოში ევროპის ჩემპიონატი მოიგო სენიორებს შორის, ხოლო ნოემბრის ბოლოს სენიორებს შორის მსოფლიო ჩემპიონი მეექვსედ გახდა. ლეგენდარული მოჭადრაკე განაგრძობს თამაშსა და ჩვენ განცვიფრებას.

Sportall.ge-ს რედაქცია მე-20 საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენ ქალს ულოცავს 78 წლის იუბილეს და დიდხანს ცხოვრებას უსურვებს!
მკითხველის კომენტარები / 7 /
ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი ჩემი აზრით ყველაზე უძლიერესი მოჭადრაკეა ჭადრაკის ისტორიაში. ჯამრთელობა და წარმატებები სასიქადულო მამულიშვილს.
ულდანი შელია
07:35 22-09-2021
0
ქართველი ერის ღირსეული შვილი.

დოდონა
18:51 22-04-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული