თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: ნოდარ ქუმარიტაშვილს გაიხსენებენ [PHOTO]

AutoSharing Option
ზუსტად ერთი ოლიმპიური ციკლი გავიდა მას შემდეგ, რაც ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე, თამაშების გახსნის წინა დღეს, ვარჯიშზე ტრაგიკულად დაიღუპა ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი.

ეს მოხდა 2010 წლის 12 თებერვალს, ვისტლერის საციგაო ტრასაზე. სპეციალურად ამ დღეს, 12 თებერვალს დაამთხვიეს გუშინ სოჭის ოლიმპიადაზე საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის აღმასკომის სხდომა, რომელსაც ესწრებოდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ტომას ბახი. აღმასკომის წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქართველი სპორტსმენის ხსოვნას. აღინიშნა, რომ ვისტლერის მოსახლეობა, სადაც ნოდარი დაიღუპა, მემორიალთან მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს.

შეხვედრა შვეიცარიის ელჩთან
როგორც
ცნობილია, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოს არ აქვს და ამ სფეროში შუამავლის როლს რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩო ასრულებს.

შვეიცარიის ელჩი ამჟამად სოჭის ოლიმპიადაზე იმყოფება და მან სურვილი გამოთქვა, აქ, ოლიმპიადაზე, შვეიცარიის სახლში შეხვდეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობას, კონკრეტულად, სეოკ-ის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვს, გენერალურ მდივან ემზარ ზენაიშვილს და ვიცე-პრეზიდენტს, სოჭში ჩვენი ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელ მამუკა ხაბარელს.

ეკიპირება სრულად დაკომპლექტდა
12 თებერვალს ჩვენი ოლიმპიელი სამთო-მოთხილამურეების ოლიმპიური ამუნიცია საბოლოოდ დაკომპლექტდა - სპონსორმა ზამთრის სამთო-ფეხსაცმელები გამოგზავნა, რომელიც უკვე ჩაიბარა ჩვენმა დელეგაციამ.

ფეხსაცმელები დაუყოვნებლივ გაგზავნეს მთის "ოლიმპიურ სოფელში" ჩვენს სპორტსმენებთან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სამთო-მოთხილამურეები ოლიმპიურ თამაშებში 18 თებერვლიდან ჩაერთვებიან.

ქართველმა სპორტსმენებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს და როგორც მწვრთნელმა გერა აბრამიშვილმა გვითხრა, ყველას ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია.

პაპუნა ამერიკის ტელევიზიიდან
ქართველებს ოლიმპიადაზე ყველგან რომ შეხვდებით, "ლელო" უკვე წერდა. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ერთი ქართველი ახალგაზრდის გამომცნაურება, რომელიც ამერიკის ნაციონალური ტელევიზიის პროდიუსერი აღმოჩნდა.

- ვმუშაობ და ვსწავლობ ამერიკაშიც და სოჭშიც. დავამთავრე საქართველოს შავი ზღვის უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების განხრით. სოჭში იურისტის სპეციალობასაც ვეუფლები დაუსწრებელი სწავლებით.

ამერიკაში ჩასასვლელად რეკომენდაცია გამიწია მეგობარმა - მითხრა პაპუნა ასათიანმა, რომელიც წარმოშობით ქუთაისიდანაა და დიდი ხანია, მისი ოჯახი სოჭში ცხოვრობს.

ეს ბიჭი ამერიკის ტელევიზიას იმიტომ შეურჩევია, რომ აქტიურია, ენებიც იცის, ხალხსაც იცნობს, ქვეყანასაც და ტრადიციებსაც; ამასთან, ძალიან ენერგიულია და კომუნიკაბელური.

პაპუნას საქართველოსთანაც ჰქონია ურთიერთობა - ერთ-ერთ ტურისტულ ფირმასთან აქვს გაფორმებული ხელშეკრულება და უცხოეთიდან, განსაკუთრებით, აშშ-იდან ტურისტების მოზიდვაზე მუშაობს.

თბილად გაიხსენა შავი ზღვის უნივერსიტეტში სწავლის წლები, ლექტორები და განსაკუთრებით, კოტე ჟღენტი.

- ეს პიროვნება სამუდამოდ დარჩება ჩემს ცხოვრებაში მისაბაძ ადამიანად, - მითხრა.

"სულიკო" ადლერში, კიროვის ქუჩაზე
ადლერში, კიროვის ქუჩაზე მივდიოდი. უეცრად ქართული სიმღერა "სულიკო" შემომესმა. უკან მივიხედე. სამი ახალგაზრდა - ორი გოგონა და ერთი ვაჟი ჩემგან 10-15 მეტრის დაშორებით მოაბიჯებდა.

დაველოდე, მითხრეს - თქვენი ქურთუკის ზურგზე Georgia რომ ამოვიკითხეთ, ვთქვით, ვიმღეროთ და თუ ქართველია, უკან მოიხედავს, ყურადღებას მოგვაქცევსო. ასეც მოხდა. ხომ არაფერში დაგეხმაროთო, მითხრეს.

გოგონა და ერთი ვაჟი სოხუმიდან ლტოლვილი ოჯახების შვილები აღმოჩნდნენ, მესამე - გაგრიდან იყო. ძალიან გაუხარდათ, მით უფრო, რომ საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრებიდან პირველი ვყოფილვარ, ვისაც ქუჩაში შეხვდნენ.

ოლიმპიადის ზონაში ასეთი შეხვედრა გამორიცხულია, თუნდაც სპორტულ შეჯიბრებებზეც კი.

მედიის მსახურებს ჩვენი გზა გვაქვს, მაყურებელს - თავისი და ეს ორივე გზა თუ დერეფანი მკაცრად კონტროლდება.

განცალკევებულია სპორტულ არენაზე შესასვლელ-გამოსასვლელებიც. ვერც ჩვენ და ვერც მაყურებელი სხვა ტრიბუნაზე ვერ მოვხვდებით. ასე რომ, თუ ზონის გარეთ არ გახვედი და ქალაქში არ გაიარე, პრაქტიკულად, შეუძლებელია კონტაქტი მოსახლეობასთან.

სასტუმრო-სპეციალური ტრანსპორტი-პრესცენტრი-სპორტული ბაზები-სასტუმრო - აი, ჩვენი მარშრუტი.

ქალაქში? რამდენიც გინდა, ისეირნე და შეხვდი, ვისაც გსურს.

სოჭის ოლიმპიადაზე "ლელოს" ცხელი ხაზის ტელეფონია: +7938 43 99 565.

იხილეთ ფოტორეპორტაჟი სოჭიდან
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: გაიხარეთ, კოლექციონერებო!

თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: ჩაკეტილი თამაშები
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: ფიფქ(რ)ები თეთრ ოლიმპიადაზე
მორიგი კურიოზი სოჭიდან - წარწერა "ლელოს" რედაქტორის აკრედიტაციაზე
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: სასტუმროს ნომერი საშინლად დაბინძურებული დაგვხვდა

თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: 50 წუთი... ოლიმპიადამდე [PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული