ფორმულა 1-ის პილოტებმა ფეხბურთი წააგეს

AutoSharing Option
მონაკოში გაიმართა ტრადიციული საფეხბურთო მატჩი პილოტების ნაკრებსა და მონაკოს თავად ალბერ II-ის "ვარსკვლავების გუნდს" შორის. თავად ალბერ II სტადიონზე არ გამოჩენილა, სამაგიეროდ, შეხვედრას ესწრებოდა მისი და კაროლინა. მატჩის წინ ბურთის სიმბოლური დარტყმა შეასრულა კაროლინას ქალიშვილმა შარლოტა კაზირაგიმ.

თავიდან პილოტების გუნდს შესამჩნევი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა ჰქონდა. პირველი დარტყმა პირველივე წუთზე ფელიპე მასამ შეასრულა. მე-9 წუთზე სახიფათო საჯარიმო შეასრულა ფერნანდო ალონსომ, მაგრამ "ვარსკვლავების" მეკარემ ქვედა კუთხიდან "გამოაძრო" ბურთი. შემდეგ გოლის გატანის რამდენიმე კარგი შანსი დაკარგა სერხიო პერესმა.

თანდათან ინიციატივა ალბერ II-ის
გუნდის მხარეს გადავიდა. 28-ე წუთზე მან ანგარიშის გახსნის შესანიშნავი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან - პენალტი ვერ გამოიყენა. "მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა მარკო სიმონემ პირდაპირ კარში არ დაარტყა - ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუგორა, მაგრამ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ააცილა.

რამდენიმე წუთის შემდეგ მარკო სიმონემ მაინც გაიტანა მატჩში პირველი გოლი. ამჯერად ფეხბურთელმა ყველაფერი თავად გააკეთა - საჯარიმოს გარედან ზუსტად "ცხრიანში" გაარტყა ბურთი. 38-ე წუთზე ორამდე გაზარდა ანგარიში პოლ-ნოელ ეტორიმ - ახალგაზრდა მეკარემ, რომელიც "მონაკოს" აღზრდილია.

ავტომრბოლელების გუნდში გამოირჩეოდა GP2-ის სერიის პილოტი სტეფანო კოლეტი, რომელიც კარგად მუშაობდა მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე. 42-ე წუთზე პილოტებმა ერთი გოლი გაქვითეს - ჟიულ ბიანკიმ ზუსტი გადაცემით სერხიო პერესი გაიყვანა დასარტყმელად და მექსიკელმა არ ააცილა. შესვენებაზე გუნდები 2:1-ით გავიდნენ.

მეორე ტაიმის მეხუთე წუთზე ალბერ II-ის გუნდმა ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა - ძლიერი შორეული დარტყმით თავი გამოიჩინა "მონაკოს" ყოფილმა ფეხბურთელმა კამპიმ. პილოტების გუნდმა მეტოქეს შეცვლებით უპასუხა - მინდორზე გამოჩნდა პროფესიონალი ფეხბურთელი, "მონაკოს" აღზრდილი სიმონელი. მე-15 წუთზე სერხიო პერესი შეცვალა ახალგაზრდა პილოტმა ნათანიელ ბერტონმა. სულ მალე ფელიპე მასას ნაცვლად მოედანზე გავიდა კევინ ჩენკონი.

"ხმაურიანი" შეცვლა ჰქონდათ "მასპინძლებს" - შემადგენლობაში გამოჩნდა მმართველი დინასტიის წარმომადგენელი პიერ კაზირაგი. 28-ე წუთზე მან გოლის გატანის რეალური შანსი გაუშვა ხელიდან - კარიდან ორი-სამი მეტრის მოშორებით ბურთს ფეხი ააცილა.

მეორე ტაიმის 31-ე წუთზე სიმონელიმ ხელსაყრელი პოზიციიდან დაარტყა, მაგრამ ძელს მოახვედრა. ერთი წუთის შემდეგ ჯოკოვიჩის კარგი პასი კაზირაგიმ ვერ გამოიყენა. 36-ე წუთზე სიმონელიმ ერთი-ერთზე გაიყვანა გერმანელი ავტომრბოლელი მარო ენგელი, რომელმაც იოლად მოატყუა მეკარე და სხვაობა შეამცირა - 2:3.

ძირითადი დროის ბოლო წუთზე შესანიშნავი მომენტი შექმნა ენგელმა - გერმანელმა საჯარიმოს გარედან სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ძელს გაარტყა. ერთი წუთის შემდეგ კი საფინალო სასტვენი გაისმა, რომელმაც ალბერ II-ის გუნდის გამარჯვება დააფიქსირა - 3:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კიმი რაიკონენი: ორი ვარიანტი 2014 წლისთვის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული