ფელიპე მასა თავისუფალია: ის ფერნანდო ალონსოს აღარ დაეხმარება

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ ფელიპე მასა აღარ იქნება 2014 წელს "ფერარის" წევრი. ამის გამო ბრაზილიელი აღარ მიიჩნევს თავს ვალდებულად, ამ სეზონის დარჩენილ რბოლებში დაიცვას გუნდის ინტერესები. ბრაზილიური არხისთვის, Globo-სთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ის არ აპირებს თავისი თანაგუნდელისთვის, ფერნანდო ალონსოსთვის საჩემპიონო ბრძოლაში დახმარების გაწევას.

"მე მას არ დავეხმარები, - განაცხადა მასამ. - სინგაპურში პარასკევის თავისუფალი პრაქტიკებიდან მოყოლებული, მე მხოლოდ საკუთარ თავზე ვიმუშავებ. მუდმივად შეტევაში ვიქნები, ყოველ წრეზე. უნდა ვიზრუნო საკუთარ მომავალზე. ახლა საბრძოლო განწყობა მაქვს. ბევრი მხარდასაჭერი
წერილი მივიღე გულშემატკივრებისგან და ახლა გაცილებით მოტივირებული ვარ, თავს გაცილებით თავისუფლად ვგრძნობ".

ფელიპემ გაიხსენა 2010 წლის გერმანიის გრანპრი, როცა გუნდმა აიძულა, გამარჯვება დაეთმო ფერნანდო ალონსოსთვის. მასას სიტყვებით, მაშინ ეს მისთვის ძალიან მტკივნეული იყო. ამასთან, ფელიპე ამბობს, რომ მისი ურთიერთობა ალონსოსთან ყოველთვის კარგად ვითარდებოდა: "ჩვენ ვმეგობრობთ. ის ყოველთვის კარგად მეპყრობოდა, მაგრამ ეს ცხოვრებაში ხდებოდა და არა ტრასაზე..."

გაისად არასაიმედო ძრავები?
ფორმულა 1-ის მოტორისტებს სერიოზული პრობლემები შეექმნათ 2014 წლის სეზონისთვის განკუთვნილი 1.6-ლიტრიანი V6 ტურბოძრავების შექმნისას, - იტყობინება გერმანული Auto Motor und Sport-ი. გამოცემის ინფორმაციით, ჯერ ვერც ერთმა კომპანიამ ვერ მიაღწია საიმედოობის საჭირო დონეს: მიიჩნევა, რომ ყოველმა ძალისმიერმა აგრეგატმა უნდა დაფაროს მინიმუმ 3600 კილომეტრი, მაგრამ დღეისთვის, ვერც ერთმა ვერ მიაღწია თუნდაც 3000 კილომეტრის ნიშნულამდე.

შესაბამისად, 2014 წლის დასკვნით ეტაპებზე ბევრი პილოტი მიიღებს ჯარიმას მეექვსე, დამატებითი ძრავის გამოყენებისთვის.

გარდა ამისა, Auto Motor und Sport-ი წერს იმის შესახებ, რომ “ფერარის” სხვა პრობლემებიც შეექმნა - ახალი ძრავა ერთი რბოლის განმავლობაში არ უნდა ხარჯავდეს 100 კილოგრამ საწვავზე მეტს და იტალიელებს გაუჭირდებათ ამ დონეზე გასვლა. 2013 წლის დასაწყისში “ფერარის” ტექნიკურმა ჯგუფმა მოითხოვა საწვავზე ლიმიტის 110 კილოგრამამდე გაზრდა, მაგრამ უარი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ფორმულა 1-ის პირველი ტესტები ახალი ტურბოძრავებით 2014 წლის იანვრის ბოლოს გაიმართება.

ავტოსპორტის ოლიმპიური აღიარება
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაცია (FIA) აღიარებულია ორგანიზაციად, რომელიც მთლიანად შეესაბამება ოლიმპიური ქარტიის მოთხოვნებს, - იტყობინებიან ფედერაციის პრესსამსახურში.

ასე რომ, სოკ-მა დაადასტურა - ავტოსპორტის ფედერაციის დოკუმენტები და მოღვაწეობა მთლიანად პასუხობს ოლიმპიურ ქარტიას, აგრეთვე, მსოფლიოს ანტისადოპინგო კოდექსს. ახლა სოკ-ის გადაწყვეტილება გახდება ფინალური ნაბიჯი FIA-ს ინტეგრაციისთვის საერთაშორისო ოლიმპიურ თანამეგობრობაში - ეს პროცესი ინიცირებული იყო ფედერაციის პრეზიდენტის, ჟან ტოდტის მიერ ჯერ კიდევ 2010 წელს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან, ჟაკ როგესთან შეხვედრისას.

2011 წლის დეკემბერში სოკ-მა ოფიციალურად აღიარა ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაცია, მაგრამ დროებით საფუძველზე, ახლა კი ეს აღიარება სრულფასოვანი და ულაპარაკოა.

"საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის წამყვანი როლის სრული აღიარება ავტოსპორტის ხელმძღვანელობის და მისი განვითარების საქმეში - ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმების დაფასება, რომელიც ბოლო წლებში წამოვიწყეთ, -
განაცხადა FIA-ს პრეზიდენტმა ჟან ტოდტმა. - ეს მნიშვნელოვანი სიახლეა 130 ეროვნული ფედერაციისთვის, რომელთა ინტერესებს წარმოადგენს ჩვენი ორგანიზაცია. ფედერაციის წევრობა მათ საშუალებას მისცემს, მხარდაჭერა მიიღონ სოკ-ისგან და სრულად ჩაერთონ თავიანთი ქვეყნების ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მუშაობაში.

ეს ხელს შეუწყობს მათ ქვეყნებში ავტოსპორტის სტატუსის ამაღლებას და ამ საქმეში ბევრი ადამიანის ჩართვას".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფელიპე მასას "ლოტუსის" და "მაკლარენის" შანსი აქვს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული