ფორმულა 1: 2014 წლის ჭორ-მართალი

AutoSharing Option
წელს ფორმულა 1-ში სატრანსფერო ბაზრის გააქტიურებას სათავე დაუდო ავსტრალიელმა მარკ უებერმა, რომელმაც სეზონის დასრულების შემდეგ "დიდი ცირკიდან" წასვლის შესახებ გამოაცხადა.

"რედ ბულის" შემადგენლობაში ცვლილებებს მოჰყვა გადაადგილებები "ფერარიში", "მაკლარენსა" და სხვა გუნდებში.

საინტერესოა, რა მდგომარეობაა დღეისთვის ფორმულა 1-ის საჯინიბოებში...

რედ ბული
საჩემპიონო გუნდში რამდენიმე წელი არ იცვლებოდა შემადგენლობა - სებასტიან ფეტელი და მარკ უებერი ავსტრიულ საჯინიბოს ოთხი ტიტულის მოგებაში დაეხმარნენ, მაგრამ ივნისში ავსტრალიელმა ამტანობაზე რბოლებში გადასვლის შესახებ გამოაცხადა. ასე რომ, მომავალ სეზონში ფეტელის პარტნიორი იქნება "რედ ბულის" ახალგაზრდული პროგრამის მონაწილე დანიელ
რიკარდო.

დადასტურებული კონტრაქტები: სებასტიან ფეტელი და დანიელ რიკარდო.

მერსედესი
ლუის ჰემილტონის მიწვევამ სრულიად გაამართლა - 2013 წელს, "მერსედესს" პილოტთა ერთ-ერთი უძლიერესი წყვილი ჰყავდა პელოტონში. ახალი სეზონის წინ, როცა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება ტექნიკურ რეგლამენტში, გუნდის შემადგენლობა უცვლელი დარჩება: ლუის ჰემილტონი და ნიკო როსბერგი გააგრძელებენ "მერსედესში" გამოსვლას 2014 წელს.

დადასტურებული კონტრაქტები: ლუის ჰემილტონი და ნიკო როსბერგი.

ფერარი
იტალიელებმა არ გააგრძელეს კონტრაქტი ფელიპე მასასთან და 2014 წელს ფერნანდო ალონსოს მეწყვილე იქნება კიმი რაიკონენი, რომელიც ერთხელ უკვე გამოდიოდა "სკუდერიაში" და 2007 წელს იქ ჩემპიონიც გახდა.

დადასტურებული კონტრაქტები: ფერნანდო ალონსო და კიმი რაიკონენი.

ლოტუსი
"ლოტუსთან" ორწლიანი თანამშრომლობის შემდეგ კიმი რაიკონენმა დატოვა გუნდი ფინანსური პრობლემების გამო. "ლოტუსში" ჯერ არ დაუსახელებიათ ფინელის შემცვლელი. კანდიდატთა სია საკმაოდ გრძელია, მაგრამ ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, შედგება თუ არა გარიგება კომპანია Quantum-თან. თუ კონტრაქტი გაფორმდა, მაშინ "ლოტუსს" არ დასჭირდება სპონსორიანი პილოტის ძებნა.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ გუნდში დარჩება ფრანგი რომენ გროსჟანი.
კანდიდატები: რომენ გროსჟანი, ნიკო ჰიულკენბერგი, პასტორ მალდონადო, პოლ დი რესტა.

მაკლარენი
როცა სერხიო პერესთან აფორმებდა კონტრაქტს, "მაკლარენს" ამ ახალგაზრდა პილოტისა და მისი მექსიკელი სპონსორების დიდი იმედი ჰქონდა, მაგრამ მანქანა არაკონკურენტუნარიანი აღმოჩნდა და თავად სერხიომაც ვერ ჩაატარა წარმატებული სეზონი. ამიტომაც, 2014 წლისთვის მან ბრიტანულ საჯინიბოში ადგილი დაუთმო "მაკლარენის" ახალგაზრდული პროგრამის წევრს, "ფორმულა-რენოს" მოქმედ ჩემპიონ კევინ მაგნუსენს. ასევე ერთი წლით არის დადასტურებული კონტრაქტი ჯენსონ ბატონთან.

დადასტურებული კონტრაქტები: კევინ მაგნუსენი და ჯენსონ ბატონი.

ფორს ინდია
ინდური საჯინიბოს შეფმა ვიჯეი მალიამ არაერთხელ განაცხადა, რომ შემადგენლობა მოგვიანებით გამოცხადდება. მიზეზი რამდენიმეა, მათ შორის, კანდიდატთა დიდი რაოდენობა.

კანდიდატები: ადრიან სუტილი, პოლ დი რესტა, ჯეიმს კალადო, ნიკო ჰიულკენბერგი, სერხიო პერესი.

ზაუბერი
"ზაუბერი" კიდევ ერთი გუნდია, რომელსაც 2014 წლისთვის ოფიციალურად არ დაუსახელებია შემადგენლობა. შვეიცარიელები რთულ ფინანსურ სიტუაციაში აღმოჩნდნენ და ამიტომაც უპირატესობა მიენიჭებათ იმ პილოტებს, რომლებიც თავად აანაზღაურებენ ჩემპიონატში გამოსვლას.
პრეტენდენტი ბევრია. არ არის გამორიცხული, რომ "ზაუბერში" დარჩეს ნიკო ჰიულკენბერგი - თუ ის სხვა გუნდს ვერ მოელაპარაკება.

კანდიდატები: ნიკო ჰიულკენბერგი, ესტებან გუტიერესი, სერგეი სიროტკინი, პასტორ მალდონადო, სერხიო პერესი.

ტორო როსი
"რედ ბული" "ტორო როსოს" იყენებს ახალგაზრდა პილოტთა მხარდაჭერის პროგრამის ბოლო საფეხურად. ამ გუნდში ბევრს არ გაუტარებია ორ სეზონზე მეტი, მაგრამ ჟან-ერიკ ვერნი მომავალ წელსაც დარჩება აქ, მისი მეწყვილე კი გახდება პერსპექტიული რუსი დანიილ კვიატი.

დადასტურებული კონტრაქტები: ჟან-ერიკ ვერნი და დანიილ კვიატი.

უილიამსი
2013 წლის სეზონი "უილიამსისთვის" ერთ-ერთი უარესი იყო ისტორიაში. მანქანას კატასტროფულად არ ჰყოფნიდა სიჩქარე, პასტორ მალდონადოს ვენესუელელი სპონსორები უკმაყოფილონი იყვნენ შედეგებით და საბოლოოდ, პასტორმა თავად გამოაცხადა გუნდიდან წასვლის შესახებ. მომავალ წელს მას შეცვლის ფელიპე მასა.

დადასტურებული კონტრაქტები: ფელიპე მასა და ვალტერი ბოტასი.

კატერჰემი
გუნდს ოფიციალურად არ გამოუცხადებია შემადგენლობა მომავალი სეზონისთვის, თუმცა მის ხელმძღვანელობას არაერთხელ უთქვამს, რომ სურს პილოტთა ამჟამინდელი წყვილის შენარჩუნება. სხვა კანდიდატებთან ერთად, ასახელებენ ჰეიკი კოვალაინენისა და ალექსანდერ როსის გვარებს.

კანდიდატები: შარლ პიკი, გიდო ვან დერ გარდე, ჰეიკი კოვალაინენი, ალექსანდერ როსი, მარკუს ერიქსონი.

მარუსია
ჩემპიონატის დასრულებამდე დიდი ხნით ადრე გუნდმა გამოაცხადა ჟიულ ბიანკისთან კონტრაქტის გაგრძელების შესახებ. მისი მეწყვილე არ დასახელებულა, მაგრამ დიდია იმის ალბათობა, რომ მაქს ჩილტონი გააგრძელებს კარიერას.

დადასტურებული კონტრაქტი: ჟიულ ბიანკი.
კანდიდატები: მაქს ჩილტონი, ტიო ელინასი, როდოლფო გონსალესი, დავიდე რიგონი, სტოფელ ვანდორნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლუის ჰემილტონი: 2014 წელს ყველაფერი სხვანაირად იქნება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული