მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონმა ბაჰრეინში მეშვიდე დრო აჩვენა და სულ მცირედით ჩამორჩა თანაგუნდელ ფერნანდო ალონსოს.
კიმის განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია იმ ავარიისთვის, რომელიც ტესტების ბოლო დღეს ჰქონდა, მაგრამ ამან "ფერარის" ხელი შეუშალა, რბოლის რეჟიმში წარემართა ვარჯიში.
თავად რაიკონენს მიაჩნია, რომ საიმედოობის მხრივ, ახალ "ფერარის" განსაკუთრებული პრობლემები არ აქვს. ამასთან, ის ჯერ ვერ ხვდება, რამდენად კონკურენტუნარიანია მანქანა მეტოქეების ბოლიდებთან შედარებით.
"თუ ვილაპარაკებთ წრეზე
საიმედოობის მხრივ ყველაფერი წესრიგშია, სიჩქარეზე კი ჯერ ნაადრევია ლაპარაკი. ვფიქრობ, ცუდად არ გამოვიყურებით. კიდევ ბევრი მუშაობა გვჭირდება. ამასთან, ვიცით, თავად რას ვაკეთებთ, მაგრამ საქმის კურსში არ ვართ, რას აკეთებენ კონკურენტები.
გავაგრძელებთ მუშაობას და იმედია, მალე მივხვდებით, როგორ მიდის საქმეები".
ასევე, კიმიმ აღნიშნა, რომ გუნდებმა ჯერ ისევ ბევრი უნდა იმუშაონ ძრავის მახასიათებლებზე და დაიწყონ მანქანის ზუსტი სარბოლო მახასიათებლების შეგროვება.
"რედ ბული" საიდუმლოდ მოქმედებს?
გამოცემა Speed Week-ის ჟურნალისტებმა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით დაწერეს, რომ "რედ ბული" ესპანეთში აპირებს საიდუმლო ტესტების ჩატარებას და ეს მოხდება ვითომ გადასაღები დღის ეგიდით. 27 თებერვალს დაიწყება სეზონისწინა ტესტების ბოლო სერია და ავსტრიული საჯინიბო ამ ტესტებამდე გეგმავს კერძო ვარჯიშს.
თავის მხრივ, "რედ ბულის" წარმომადგენლებმა უარყვეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუნდი, რომელსაც ამჟამად სერიოზული პრობლემები აქვს ახალ ბოლიდთან მუშაობაში, საიდუმლო ტესტებს გამართავს ესპანეთში "იდიადას" ავტოდრომზე.
ვილნევი ინდი 500-ზე
1995 წელს ცნობილმა კანადელმა პილოტმა ჟაკ ვილნევმა მოიგო სახელგანთქმული რბოლა - "ინდიანაპოლისის 500 მილი". წელს კანადელი, 19-წლიანი შესვენების შემდეგ, ისევ აპირებს ლეგენდარულ რბოლაში მონაწილეობის მიღებას. ის გუნდ Schmidt Peterson Motorsports-ის მანქანით გამოვა და მისი პარტნიორები იქნებიან სიმონ პაჟენო და მიხაელ ალიოშინი.
1995 წელს ვილნევმა მოიგო ტიტული სერიაში, რომელსაც იმ დროს Champ Car-ი ერქვა. მომდევნო წელს კანადელმა კონტრაქტი გააფორმა ბრიტანულ საჯინიბო "უილიამსთან" და საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა, 1997 წელს კი ფორმულა 1-ის ჩემპიონი გახდა.
წლევანდელ სეზონში ვილნევი რალი-კროსის მსოფლიოს ჩემპიონატში აპირებს მონაწილეობის მიღებას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"