დიდი ბოსები: ბერნი ეკლსტოუნი - დიდი ცირკის ჩია იმპრესარიო

AutoSharing Option
დღევანდელი სპორტული სამყარო "დიდი ცირკის" (ფორმულა 1) გარეშე წარმოუდგენელია და თავის მხრივ "დიდი ცირკიც" წარმოუდგენელია ბერნი ეკლსტოუნის გარეშე.

84 წლის მილიარდერი, ფორმულა 1-ს ფაქტობრივი მმართველი ბერნი ეკლსტოუნი ოთხი ათეული წელია ამ სფეროში მოღვაწეობს. ამ შეუპოვარმა ადამიანმა "ფორმულაში" გაიარა გზა რიგითი მრბოლიდან - შეფობამდე. მას მოუწია უშეღავათო ბრძოლა კარიერული წინსვლისთვის, გადალახა უამრავი წინააღმდეგობა, მიზნის მისაღწევად არც სამართლიანი თამაშის წესების უგულებელყოფას მორიდებია, თუმცა სხვაგვარად ყველაზე ფიცხი და ძნელად სამართავი მანქანის საჭესთან ამდენ ხანს ალბათ ვერ იჯდებოდა.

ბერნი პირად ცხოვრებაშიც ისეთივე აქტიური და
ექსტრაორდინარული გამოდგა, როგორც პროფესიულ კარიერაში.

ყველაფერი ეკლსტოუნს ძრავებისა და ქალების სიყვარულმა შეაძლებინა... და ფულის სიყვარულმა, თუმცა ამ უკანასკნელს იგი ვითომ არც აღიარებს.

"ფული ჩემთვის შედეგის აღმრიცხველია - ციფრია, რომელიც გვაჩვენებს გარკვეული სამუშაოს მერე რასაც მივაღწიეთ. ჩემი სამუშაო მხოლოდ და მხოლოდ მომგებიანი გარიგებების დადებაა. უბრალოდ ხალხი ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ეგაა", - ამბობს ეკლსტოუნი, რომლის ქონება "სხვათაშორის" 5 მილიარდ დოლარს აღწევს.

ბავშვობიდან საჭემდე
ბერნი 1930 წლის 28 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში, საფოლკის საგრაფოს ერთ-ერთ სოფელში დაიბადა. ცოტა ხანში ოჯახი კენტის საგრაფოს ერთ-ერთ ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. ბავშვი სკოლაში განსაკუთრებული თვისებებით გამორჩეული არ ყოფილა, თუმცა პედაგოგები ტანმორჩილი ჭაბუკის ხასიათში მიზანდასახულობას ყველაზე მეტად ამჩნევდნენ.

სკოლის დამთავრების მერე ბერნი მისთვის საყვარელ სფეროში შეუდგა მუშაობას - მეგობართან ერთად ჩამოაყალიბა ფირმა "კომპტონი და ეკლსტოუნი", რომელიც დაკავებული იყო მოტოციკლების სათადარიგო ნაწილების გაყიდვით.

ცოტა ხანში ბერნი "ფორმულა 3"-ის კლასის რბოლებში მონაწილეობის მიღებას შეუდგა. მოიგო რამდენიმე რბოლა, მაგრამ ისევე, როგორც მოგვიანებით "ფორმულა 1"-ში, არანაირი ხელშესახები შედეგისთვის არ მიუღწევია.

ნავსიანი მენეჯერი
მიუხედავად ერთგვარი წარუმატებლობებისა, ეკლსტოუნი თავისი საყვარელი საქმიანობით უკვე მოწამლული იყო. რბოლას რომ შეეშვა მენეჯერობას შეუგდა, თუმცა ამ ამპლუაში ყოფნისას, ცალკეული მრბოლებისთვის ნავსიანი ფეხი აღმოაჩნდა.

პირველად სტიუარტ ლუის ევანსის მენეჯერი გახდა. 1958 წელს ჩემპიონატის ბოლო ეტაპზე, მაროკოს გრან პრიზე სტიუარტ ევანსს ავარია მოუხდა, მრბოლმა მიიღო სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები და გარდაიცვალა.
Sportall.Ge
შემთხვევით შეძრულმა ეკლსტოუნმა ერთხანს რბოლებიდან წა-სვლაც კი გადაწყვიტა, მაგრამ გარკვეული ტაიმ-აუტის შემდეგ იოჰან რინდტის მენეჯერობას მოჰკიდა ხელი. სამწუხაროდ, იოჰანის სიცოცხლეც ტრაგიკულად დასრულდა. 1970 წელს რინდტი იტალიის გრან პრიზე დაიმტვრა და დაიღუპა.

ავტოსპორტში დაგროვილი კაპიტალით ეკლსტოუნმა 1972 წელს გუნდი "ბრებემი" იყიდა და ამ გზით მოგვიანებით დაბეჯითებით შეუდგა "ფორმულა 1-ში" მმართველობის საკუთარი ამბიციის ხორცშესხმას. მისი ხელმძღვანელობით "ბრებემი" ორჯერ (1975 და 1981 წ) გავიდა მეორე ადგილზე კონსტრუქტორთა პირველობაში.

ამ მანქანით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 1981 და 1983 წლებში ბრაზილიელმა ნელსონ პიკემ მოიპოვა. ოთხ წელიწადში ეკლსტოუნმა "ბრებემი" გაასხვისა, რადგან მის ამბიციას მხოლოდ ცალკეული სარბოლო გუნდის ხელმძღვანელობა უკვე აღარ აკმაყოფილებდა.

ფორმულას შეფი
"ფორმულას" დიდხანს არ ჰყავდა გამოკვეთილ ხელმძღვანელად რომელიმე პიროვნება, ერთდროულად ბევრი ცდილობდა საქმეში თავისი წესრიგი ეკარნახა. მმართველობაში შეღწევას ბერნი 1987 წლიდან შეუგდა, როდესაც ჩამოაყალიბა კომპანია Formula One Promotions and Aministration (FOPA). მოგვიანებით მის მიერ დაარსებული ახალი ორგანიზაცია Formula One Group კი უკვე "ფორმულა 1"-ის მთავარ მაკონტროლებლად იქცა.

2004 წელს აღნიშნული ჯგუფის მმართველობასთან დაკავშირებით წარმოშობილი კორპორატიული დავისას, რომლის 50%-ზე მეტის მოპოვება შეძლო კომპანიამ "ალფა პრემა", ბევრს გაუჩნდა ეჭვი, რომ ეკლსტოუნს "ფორმულას" ფაქტობრივი ხელისუფალის პოზიციას ჩამოაშორებდნენ, თუმცა ბერნის ძლევა განა ასე იოლია?

ეკლსტოუნი რბოლების ფაქტობრივი და ერთპიროვნული მმართველია. მან იცის როგორ უნდა იყოს თავისი პროდუქტი მუდამ პოპულარული. რბოლათა პრომოუტერები იხდიან სულ უფრო ბევრს "დიდი ცირკის" მასპინძლობისათვის. "გრან პრის" შეჯიბრების მოპოვების უფლება იქცა პრივილეგიად, რომლის მინიჭებაც ბერნიზეა დამოკიდებული.

"ფორმულა 1" მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სარბოლო სისტემაა და მასში მონაწილეობა ყველა მრბოლელისთვის ცხოვრების მთავარი ოცნებაა.

მისი ბიუჯეტი ყველა სარბოლო სერიაზე დიდია. წარმატებული საჯინიბოების ბიუჯეტი ასეულობით მილიონს შეადგენს, ხოლო რიგი პილოტებისა წელიწადში ათეულ მილიონსაც იღებენ. "ფორმულაში" საქმიანობენ პროფესიონალი და მაღალი კლასის ინჟინრები, ყველაზე დიდი ტალანტის მქონე მრბოლები, ზედმიწევნით დახვეწილია ლოჯისტიკური სისტემა - აღჭურვილობის გადასაადგილებლად.
Sportall.Ge
ეკლსტოუნს საქმეში სიხისტეც ახასიათებს. ზოგიერთ გუნდს გასულ წელს უჭირდა და როცა ამაზე კითხეს ჟურნალისტებმა - ბერნიმ უპასუხა:

"იცით, ეს პრობლემა ჩემთვის სულ ერთია. თუ თქვენ არ შეგიძლიათ საკუთარი საქმის წარმატებით კეთება, იცოდეთ, რომ აქ ყველას ადგილი არაა", - თქვა ფორმულა 1-ის შეფმა.

მომხიბვლელ ჟირაფთან
შარშან ბერნის ბრალად ედებოდა გერმანელი ბანკირ გერჰარდ გრიბოვსკისთვის ქრთამის მიცემა. ადვოკატებმა საქმის საკვანძო ეპიზოდებიდან მოახერხეს მაგნატის დაძვრენა, ხოლო დანარჩენი პუნქტები გამოისყიდეს.

სასამართლო დათანხმდა კომპენსაციის სანაცვლოდ ეკლსტოუნის მიერ 100 მილიონის გადახდას. შევიდა ბერნი დარბაზში ორი წუთით, მოაწერა ხელი შესაბამის ქაღალდს და გავიდა.

დაახლოებით ასე გაეყარა ცოლსაც იგი 2009 წელს. მივიდა სასამართლო პროცესზე, მოაწერა ხელი საჭირო დოკუმენტაციას და დატოვა დარბაზი.

თუმცა საყურადღებოა, რომ ყოფილი ცოლი სლავიცა რადიჩი ამ განქორწინებით "სანდი თაიმსის" ყველაზე ძვირადღირებული განქორწინებების სიას ჩაუდგა სათავეში, რადგან ბერნისგან მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო!

ჯორჯო არმანის და სხვა ცნობილი სამოდელო სახლების მოდელი სლავიცა ბერნის მეუღლე 24 წლის განმავლობაში იყო. 159 სმ სიმაღლის ბერნი 189 სმ სიმაღლის "მომხიბვლელ ჟირაფთან" (როგორც მას უწოდებდნენ მედიაში) დისკომფორტს არასოდეს განიცდიდა, თუმცა სწორედ ამ მიზეზითაც იყო, რომ ისინი საზოგადოებაში მუდამ გამოირჩეოდნენ.

შვილები და ქორწილი სიბერეში
ყოფილ ცოლთან ბერნის ჰყავს ორი შვილი, გოგონები ტამარა და პეტრა. მათ ერთი საპროდიუსერო კომპანია აქვთ. დებიდან გაცილებით უფრო პოპულარული ტამარაა, რომელსაც პირადი ცხოვრების დეტალების გამომზეურება არასოდეს ერიდება.
Sportall.Ge
ერთხელ, ის ერთ-ერთ მის საქმროს დაქორწინებამდე დაშორდა და საქვეყნოდ განაცხადა ამისი პიკანტური მიზეზის თაობაზე.

"ასეთ უფანტაზიო და უინტერესო კაცთან ურთიერთობა შეუძლებელია. ისეთი წვალება მიწევდა სექსზე მის დასათანხმებლად, რომ გადავიღალე და გადავწყვიტე, დავშორდე", - განაცხადა ტამარამ მიკროფონებთან. ეს ქალბატონი 2013 წელს დაქორწინდა, ცოლად გაჰყვა ბროკერ ჯემ რეტლენდს, რომლისგანაც შეეძინა გოგონა.

ტამარამ საზოგადოებას "ფლეიბოისთან" ფოტოსესიითაც კარგად დაამახსოვრა თავი. ეკლსტოუნის ქალიშვილი ჟურნალის ფურცლებსაც მოერგო და მკითხველის მეხსიერებასაც. მიუხედავად ასაკისა არც ბერნი ეკლსტოუნმა გაძლო დიდხანს დაქორწინების გარეშე და საკუთარ კომპანიაში მარკეტინგის სამსახურის უფროსად მომუშავე ფაბიან ფლოსს შესთავაზა ცოლობა.

Sportall.Geმალევე ეკლსტოუნმა ფაბიანი 158 ათას დოლარიანი ბეჭდით დანიშნა. ასაკით ის ცოლზე ნახევარი საუკუნით უფროსია, თუმცა როგორც ადრე სლავიცასთან სიმაღლის დიდი სხვაობა არ აწუხებდა, არც ამჯერად უხერხულობს ცოლად შვილიშვილის ტოლი ქალი რომ ჰყავს.

გარდა ამისა, 84 წლის ბერნი ეკლსტოუნი ასაკის მიუხედავად არც "რბილი ხასიათის" რომელიმე სამგზავრო სედანზე გადაჯდომას აპირებს.

მოხუცი მაგნატი უშუალოდ და ისევ საკმაოდ სწრაფად მართავს ალისფერ "ფერარის". ტონუსში ყოფნა მისი სტილია.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული