ვარჯიშებსა და კვალიფიკაციაზე დომინირებდნენ "მერსედესის" პილოტები. მორიგი პოული მოიპოვა ლუის ჰემილტონმა, რომელმაც თანაგუნდელ ნიკო როსბერგს თითქმის ნახევარი წამით აჯობა.
სასტარტო ბილიკზე ხუთი პოზიციის დაკარგვით დაისაჯნენ რომენ გროსჟანი და კიმი რაიკონენი, ათით - მაქს ფერსტაპენი, 15-ით - ჯენსონ ბატონი და 55-ით - ფერნანდო ალონსო. "მაკლარენში" გადაწყვიტეს - უქმეების განმავლობაში ორჯერ შეეცვალათ ძრავა და ასეთი სარეკორდო სასჯელიც აქედან მოდის.
* * *
როგორც მოგეხსენებათ, ბელგიის გრან-პრიდან მოყოლებული, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ შეცვალა სტარტის პროცედურის წესი - აკრძალა გუნდების მხრიდან პილოტების დახმარება სიჩქარეთა გადაცემის მომენტის შერჩევისას და აგრეთვე, შეზღუდა რადიოკავშირი.
გასახურებელ წრეზე, ნიკო ჰიულკენბერგმა სიმძლავრის დაკარგვის გამო დაიჩივლა და გუნდმა მას ჯერ ბოქსებში დაბრუნება უბრძანა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა. ნიკომ სასტარტო ბილიკზე საკუთარი ადგილი დაიკავა, მაგრამ სტარტის მომენტში ხელები ასწია, რითაც პრობლემებზე მიანიშნებდა. პილოტები დამატებით გასახურებელ წრეზე წავიდნენ, ნიკოს მანქანა კი ბოქსებში შეაგორეს. ასევე ვერ აიღო სტარტი და ბოქსებში დაბრუნდა კარლოს საინსი.
* * *
ბელგიის გრან-პრის სტარტი საკმაოდ დაძაბული გამოვიდა: როსბერგმა ჩააგდო პირველი მეტრები და მეორედან მეხუთე ადგილამდე ჩამოქვეითდა, სამაგიეროდ, ბრწყინვალე იყო სერხიო პერესი. მექსიკელი, ერთი მომენტი, ლიდერიც კი გახდა, თუმცა მას მალე გაუსწრო ჰემილტონმა და სერხიო მეორე ადგილზე დატოვა.
უშუალოდ რბოლის დროს, ტექნიკური პრობლემების პირველი მსხვერპლი გახდა პასტორ მალდონადო. მის "ლოტუსზე" სიმძლავრე გაქრა და ვენესუელელმა ბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო.
წესრიგში ვერ იყო "უილიამსის" ფინელი ვალტერი ბოტასიც, რომელიც ყოველ წრეზე კარგავდა ტემპს და წინ გაუშვა როსბერგი, ფეტელი და რომენ გროსჟანი. თითქოს ეს არ ეყოფოდაო, "უილიამსმა" პიტსტოპისას სერიოზული შეცდომა დაუშვა, როცა სხვადასხვა შემადგენლობის საბურავები დაუყენა ბოტასის ბოლიდს, რის გამოც, ვალტერიმ სასჯელად პიტ-ლეინზე შესვლა მიიღო.
პიტსტოპების პირველი სერიისას წარმატებულმა სტრატეგიამ, როსბერგს მეორე ადგილზე გადასვლის საშუალება მისცა - გერმანელმა პერესსა და რიკარდოს გაუსწრო. აქ პერესი კიდევ ერთხელ უნდა შევაქოთ, რადგან პირველი გაჩერების შემდეგ, ჩამორჩა რიკარდოს, მაგრამ გასწრების ხარჯზე შეძლო დაკარგული პოზიციის დაბრუნება.
ამის შემდეგ კი გროსჟანის ჯერი დადგა: რამდენიმე ბრწყინვალე მანევრის შემდეგ, ფრანგმა ერთმანეთის მიყოლებით გაუსწრო ბოტასს, რიკარდოსა და პერესს. ამასობაში, რიკარდოს ბრძოლის შეწყვეტა მოუწია ჰიდრავლიკასთან დაკავშირებული პრობლემების გამო და ტრასაზე ვირტუალური უსაფრთხოების მანქანის რეჟიმი ამოქმედდა.
ლიდერთა შორის ერთადერთი, ვინც ბოქსებში მეორედ არ შევიდა, სებასტიან ფეტელი გახლდათ. ამის წყალობით, გერმანელმა მესამე ადგილზე გადაინაცვლა, მაგრამ ამ პოზიციის შენარჩუნება რთული უნდა ყოფილიყო, ვინაიდან სებას დიდი მანძილის გავლა უწევდა "მედიუმის" საბურავებით.
ეტაპის ბოლოსკენ ტემპის დაკარგვა დაიწყო პერესმა და მის უკან პილოტების მთელი ჯგუფი აღმოჩნდა, მათ შორის, მასა, დანიილ კვიატი და რაიკონენი. რუსმა, პიტსტოპების მხრივ, სწორი სტრატეგია შეარჩია, რითაც მასასა და პერესს გაუსწრო და მეხუთე ადგილზე გადავიდა.
ბოლოსწინა წრეზე ფიასკო განიცადა ფეტელმა: "მედიუმის" საბურავები ბოლომდე გაცვდა და უკანა მარჯვენა საბურავმა "იფეთქა". გერმანელს საერთოდაც გაუმართლა, რომ ტრასაზე დარჩა და ავარიაში არ მოხვდა. რა თქმა უნდა, ქულებზე და მის უმეტეს, პოდიუმზე ფიქრი ზედმეტი იყო.
რაც შეეხება ლუის ჰემილტონს, ის მშვიდად აკონტროლებდა მოვლენთა მსვლელობას და საქმე სეზონში მეექვე გამარჯვებამდე მიიყვანა. როსბერგი მეორე ადგილზე გავიდა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ წარუმატებელ სტარტს, ეს შედეგი სავსებით მისაღები უნდა იყოს. ფანტასტიკურმა გროსჟანმა მესამე ადგილი დაიკავა და 2013 წლის აშშ-ის გრან-პრის შემდეგ, პირველად მოიპოვა ადგილი პოდიუმზე.
"მერსედესისთვის" ეს იყო მეშვიდე დუბლი სეზონში და ახლა, გერმანული საჯინიბო კონსტრუქტორთა თასზე უკვე 184 ქულით უსწრებს "ფერარის". მესამე და მეოთხე ადგილებზე, კვლავინდებურად, "უილიამსი" და "რედ ბული" არიან, რომელთა შორის 55 ქულაა.
მორიგი გამარჯვების შემდეგ, ჰემილტონმა 28 ქულამდე გაზარდა უპირატესობა როსბერგთან და იტალიის გრან-პრის ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, შეინარჩუნებს პირველ ადგილს გენერალურ კლასიფიკაციაში. რბოლა მონცაზე 6 სექტემბერს გაიმართება.
სპა (44 წრე, 308.052 კმ)
1(1). ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) 1:23.40,387 (2 პიტსტოპი)
2(2). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +2,058 (2)
3(9). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) +37,988 (2)
4(12). დანიილ კვიატი (რედ ბული, რუსეთი) +45,692 (2)
5(4). სერხიო პერესი (ფორს ინდია, მექსიკა) +53,997 (2)
6(6). ფელიპე მასა (უილიამსი, ბრაზილია) +55,283 (2)
7(16). კიმი რაიკონენი (ფერარი, ფინეთი) +55,703 (2)
8(18). მაქს ფერსტაპენი (ტორო როსო, ჰოლანდია) +56,076 (3)
9(3). ვალტერი ბოტასი (უილიამსი, ფინეთი) +1.01,040 (3)
10(13). მარკუს ერიქსონი (ზაუბერი, შვედეთი) +1.31,234 (2)
11(14). ფელიპე ნასრი (ზაუბერი, ბრაზილია) +1.42,311 (2)
12(8). სებასტიან ფეტელი (ფერარი, გერმანია) 1 წრე (1)
13(20). ფერნანდო ალონსო (მაკლარენი, იტალია) 1 წრე (3)
14(19). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 1 წრე (3)
15(17). რობერტო მერი (მანორი, ესპანეთი) 1 წრე (2)
16(15). უილ სტივენსი (მანორი, ბრიტანეთი) 1 წრე (2)
17(10). კარლოს საინსი (ტორო როსო, ესპანეთი) 11 წრე
18(5). დანიელ რიკარდო (რედ ბული, ავსტრალია) 24 წრე
19(7). პასტორ მალდონადო (ლოტუსი, ვენესუელა) 41 წრე
20(11). ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) 44 წრე
საერთო ჩათვლა
1. ლუის ჰემილტონი - 227 (6 მოგება); 2. ნიკო როსბერგი - 199 (3); 3. სებასტიან ფეტელი - 160 (2); 4. კიმი რაიკონენი - 82; 4. ფელიპე მასა - 82; 6. ვალტერი ბოტასი - 79; 7. დანიილ კვიატი - 57; 8. დანიელ რიკარდო - 51; 9. რომენ გროსჟანი - 38; 10. მაქს ფერსტაპენი - 26; 11. სერხიო პერესი - 25; 12. ნიკო ჰიულკენბერგი - 24; 13. ფელიპე ნასრი - 16; 14. პასტორ მალდონადო - 12; 15. ფერნანდო ალონსო - 11; 16. კარლოს საინსი - 9; 17. მარკუს ერიქსონი - 7; 17. ჯენსონ ბატონი - 6.
კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 426; 2. ფერარი - 242; 3. უილიამსი - 161; 4. რედ ბული - 108; 5. ლოტუსი - 50; 6. ფორს ინდია - 49; 7. ტორო როსო - 35; 8. ზაუბერი - 23; 9. მაკლარენი - 17.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"