ფორმულა 1. როსბერგი: მე და ლუისს მეგობრები არ გვქვია

AutoSharing Option
"მერსედესის" პილოტმა ნიკო როსბერგმა Sky Sports-თან ინტერვიუში ისაუბრა ლუის ჰემილტონთან საჩემპიონო ტიტულისთვის ბრძოლაზე, აგრეთვე აღნიშნა, რომ მათ მძაფრ კონკურენციას გავლენა აქვს პილოტებს შორის ურთიერთობაზე, რომლებიც ბავშვობიდან მეგობრობდნენ.

"ლუისის დამარცხება სასიამოვნოა. ამ დროს, შენ უდიდეს სიამოვნებას იღებ, რადგან ის მსოფლიოს ჩემპიონია. ლუისის მიმართ უდიდეს პატივისცემას გამოვხატავ, მაგრამ ამ მომენტისთვის, ჩვენ არ ვართ საუკეთესო მეგობრები. სწორედ ამაში მდგომარეობს ძირითადი სირთულე. ორივეში ძალიან არის გამძაფრებული კონკურენციის მომენტი. თუ გავითვალისწინებთ დაძაბულ ბრძოლას, აქედან გამომდინარე, რთულია მეგობრებად დავრჩეთ.

ასე იყო ბავშვობაშიც. ვინ შეჭამს უფრო მეტ
პიცას? ვინ უფრო მალე მიირბენს ლიფტიდან სასტუმროს ნომრამდე? ჩვენ ყველაფერში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს, მაგრამ მაშინ გარემოცვა სხვა იყო, ჩვენს მეტოქეობაზე არ ჰქონდა გავლენა ერთ გუნდში გამოსვლას, პრესას და ფულს. დღეს უფრო რთულად არის ყველაფერი.

ვაღიარებ ლუისის მიღწევებს. მან ძალიან ბევრს მიაღწია და ადრე ყოველთვის მამარცხებდა. ახლა, რევანში მაქვს ასაღები და ეს საუკეთესო გამოწვევაა ცხოვრებაში.

თუ აქცენტს ჩემპიონატში ქულების რაოდენობაზე გავაკეთებ, მაშინ ძალიან ცუდ ხასიათზე უნდა დავდგე, რადგან 40-ქულიანი უპირატესობა მქონდა, დღეს კი სხვაობა ერთი ქულაა. მაგრამ ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევ.

დროის კონკრეტული მომენტი და სპორტული ფორმაც დიდ როლს თამაშობს. ჩვენ ამაში დავრწმუნდით 2014 წელს, ჩემი და ლუისის შემთხვევაში. უპირატესობა ტალღებივით გადადიოდა ერთიდან მეორისკენ. დღეს, როგორც ჩანს, თავისი ტალღა დაიჭირა ლუისმა, მაგრამ ეს უნდა დასრულდეს. ამასთან, უნდა ვაღიარო, რომ ჩემთვის რთული იყო სილვერსტოუნის რბოლის შედეგის მიღება. მეორე ადგილს კიდევ შევეგუებოდი, მაგრამ მესამე ადგილზე დაშვება და ქულების დაკარგვა? ჩემთვის ეს ძალიან მძიმე იყო.

არ მიმაჩნია, რომ დღეს მე ტიტულის მოგების საუკეთესო შანსი გამიჩნდა. უბრალოდ, მე ამას ვუყურებ, როგორც შესანიშნავ შესაძლებლობას. რა თქმა უნდა, გამარჯვებისთვის ბრძოლა დამატებით მოტივაციას მანიჭებს. მე და ლუისი მე-12 და მე-13 ადგილებისთვის რომ ვიბრძოდეთ, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.

ტიტულისთვის ბრძოლა ყოველთვის ინტენსიური გამოდის. თავად პილოტაჟი განსაკუთრებით არ იცვლება, მაგრამ ეს რთულია, რადგან ერთის მხრივ, თქვენ ერთი გუნდის შემადგენლობაში გამოდიხართ, მაგრამ, ამასთან, ერთმანეთს ებრძვით. ეს უნიკალური გამოცდაა.

ძალიან რთულია საზღვრის გავლება საჭირო ადგილას. მე მაქვს ვალდებულება გუნდის წინაშე, რადგან კონსტრუქტორთა თასი უნდა მოვიგოთ, მაგრამ სად უნდა გავავლოთ ხაზი ამ მიზნებსა და საკუთარ სურვილებს შორის? ეს ყოველთვის რთულია. ვოცნებობ ტიტულის მოპოვებაზე და ვიბრძვი ამისთვის. ბრძოლისთვის მთელს ძალებს გავიღებ", - განაცხადა როსბერგმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული