ფორმულა 1. ბელგიის გრანპრი: საინტერესო სტატისტიკა

AutoSharing Option

მსოფლიოს ჩემპიონატის მე-13 ეტაპის შემდეგ, ცნობილმა ექსპერტმა მიკელე მერლინომ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემი გამოაქვეყნა...

კვალიფიკაცია
- სპაზე კვალიფიკაციის მოგების შემდეგ, ნიკო როსბერგმა კარიერაში 28-ე პოული მოიპოვა. "მერსედესი" გახდა მეორე გუნდი ისტორიაში, რომელმაც ბელგიაში ზედიზედ ოთხჯერ მოიგო კვალიფიკაცია. იგივე გააკეთა 1988-91 წლებში "მაკლარენმა".

- სტარტზე მეორე პოზიციის მოპოვების შემდეგ, მაქს ფერსტაპენი გახდა ყველაზე ახალგაზრდა პილოტი ისტორიაში, ვინც პირველი რიგიდან აიღო სტარტი. წინა რეკორდი 55 წელი იყო ძალაში - ის 1961 წელს, იტალიის გრანპრიზე 19 წლის რიკარდო როდრიგესმა დაამყარა.

რბოლა
- ნიკო როსბერგმა კარიერაში
მე-20 გამარჯვება მოიპოვა და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა მიკა ჰაკინენსა და კიმი რაიკონენს. ნიკოსთვის ეს იყო პირველი მოგება ბელგიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა, გერმანელს 14 სხვადასხვა ტრასაზე მოუპოვებია პირველი ადგილი.

- როსბერგი კარიერაში 50-ე გრანპრიზე იყო ლიდერი. სპაზე მას მეტოქეებისთვის ერთი წრეც არ მიუცია, შესაბამისად, კარიერაში მეშვიდე რბოლა მოიგო ისე, რომ სტარტიდან ფინიშამდე ლიდერობდა.

- ლუის ჰემილტონმა 17 პოზიცია მოიგო და სასტარტო 21-ე ადგილიდან მესამე მივიდა ფინიშთან. აქამდე, სპაზე ასეთი გარღვევა არავის ჰქონია. ჰემილტონმა კარიერაში მესამედ შეძლო მე-20 ან უფრო დაბალი ადგილიდან პოდიუმამდე მისვლა. ეს აბსოლუტური რეკორდია. 80-იან წლებში ორჯერ შეძლო ასეთი რამ ჯონ უოტსონმა.

- ჰემილტონისთვის ეს იყო 97-ე პოდიუმი კარიერაში. ბრიტანელი ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა საერთო რეიტინგში მესამე ადგილზე მყოფ ფერნანდო ალონსოს. 106 პოდიუმით მეორეზეა ალენ პროსტი, ლიდერი კი მიხაელ შუმახერია - 155 პოდიუმი.

- კარიერაში მეორედ, დანიელ რიკარდო ზედიზედ სამ რბოლაში შევიდა პირველ სამეულში. წინა ჯერზე მან ეს 2014 წელს შეძლო - ესპანეთში, მონაკოსა და კანადაში.

- ზედიზედ მეოთხე რბოლაა, პოდიუმზე ვერ ვიხილეთ "ფერარის" პილოტები.

- მეცხრე ადგილი ფინიშზე - ყველაზე ცუდი შედეგია ბელგიაში ამ ეტაპის ოთხგზის გამარჯვებულისთვის კიმი რაიკონენისთვის.

- ბელგიის გრანპრი ზედიზედ 70-ე მოუგებელი რბოლა იყო "მაკლარენისთვის". გარდა ამისა, ზედიზედ 50 ეტაპია, ამ გუნდის პილოტები ვერ ახერხებენ პოდიუმზე ასვლას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული